ვაქცინაცია

ვაქცინაციის პროგრამებს ფუტკრებიც ატარებენ – თანაც, ორჯერადად

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ადამიანი სიცოცხლის ერთადერთი სახეობა არ არის, რომელმაც ვაქცინაციის მექანიზმი შექმნა. ექსპერიმენტული ბიოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, აღმოჩენა, პირველმა, ფუტკრებმა გააკეთეს.

სოციალური ბუნებისა და სკებში მჭიდრო განთავსების ფონზე, ფუტკრებში ინფექციის სწრაფი და მომაკვდინებელი გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. ამ საფრთხის საპასუხოდ, იმ ორგანიზმებს, რომლებიც ვიწროდ და თან, ერთ ჯგუფად ცხოვრობენ, შედარებით ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ. საინტერესო ისაა, რომ ფუტკრები, ამ შემთხვევაში, გამონაკლისს წარმოადგენენ, რაც ენტომოლოგებისთვის, დიდი ხნის განმავლობაში, ამოუხსნელ ფენომენს წარმოადგენდა. 

საიდუმლოს სინათლე, ნაწილობრივ, 2015 წელს მოეფინა, როცა აღმოჩნდა, რომ დედა ფუტკარი, ჯერ კიდევ კვერცხში მყოფ ნაყოფს, სხვადასხვა მომაკვდინებელი ინფექციის ცილოვან სტრუქტურას გადასცემს, რომელსაც ჩანასახის იმუნური სამომავლოდ რეალური დაავადების მარტივად დასამარცხებლად ინახავს. ზუსტად ისე, როგორც ადამიანებში. თუმცა, ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც ვირუსის ცილოვან სტრუქტურებს ლაბორატორიებში ქმნიან, აქამდე უცნობი იყო, საიდან იღებდა მათ დედა ფუტკარი. 

როგორც გაირკვა, დედა ფუტკარი ცილოვან სტრუქტურებს ფუტკრის რძესთან ერთად იღებს, რომელსაც მუშა ფუტკრები აგენერირებენ. მუშა ფუტკრები, რძის ფორმირების პროცესში, მასში სხვადასხვა პათოგენის ცილოვან სტრუქტურას ურევენ, რომლებსაც, თავის მხრივ, ნექტრიდან იღებენ. "ვაქცინა-ფუტკრის რძით" გამოკვებილი დედა ფუტკარი კი რძით მიღებულ ანტიგენებს შთამომავლობას გადასცემს, რომელთა იმუნური სისტემა შესაბამისი ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლას სწავლობს.

საინტერესოა ისიც, რომ კვერცხების გამოჩეკვის შემდეგ მუშა ფუტკრები ანტიგენებით გაჯერებული რძით ახალშობილებსაც კვებავენ, რაც, შინაარსით იმუნიზაციის მეორე ეტაპს წარმოადგენს. ჯერჯერობით უცნობია, მიმართავენ თუ არა ფუტკრები ორჯერადად "ვაქცინაციას" იმუნიტეტის დამატებით გაძლიერების მიზნით, როგორც ადამიანები.

კომენტარები