ფილერები და ვაქცინაცია

გია გვარამია: დერმალური ფილერების ქონა არ ითვლება ვაქცინაციის წინააღმდეგ ჩვენებად

"კოვიდ 19-ის აცრასა და დერმალური ფილერების გართულებებს შორის არსებული კავშირის შესახებ.

FDA-ს მონაცემებით, კოვიდ-19-ის აცრასა და ფილერების გართულებებს შორის კავშირი პირველად აღწერეს 2020 წლის დეკემბერში, Moderna-ს COVID-19 გამოცდის პერიოდში.

გამოვლინდა 3 შემთხვევა, როდესაც სახის სხვადასხვა მიდამოში, ჰიალურონის მჟავას ფილერის შეყვანის ადგილზე განვითარდა შეშუპება. სამივე შემთხვევაში შეშუპებამ გაიარა რამდენიმე დღეში, დამატებითი მკურნალობის შემდეგ.

სადღეისოდ, მიხედავად იმისა, რომ უკვე მილიონობით აცრაა ჩატარებული, ფილერების გართულებების შემთხვევები უაღრესად იშვიათია.

გართულება ძირითადად გამოიხატება შეშუპების განვითარებით ფილერის შეყვანის ადგილზე, აცრიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სპეციალური მკურნალობის გარეშე გადის.

ცალკეულ შემთხვევაში საჭიროებს დამატებით მედიკამენტოზურ მკურნალობას.

განსაკუთრებით ხშირია გართულება ფილერის შეყვანიდან 1, 1-5 წლის განმავლობაში.

მსგავსი გართულებები არ არის იშვიათი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგაც.

სადღეისოდ არსებული მონაცემებით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დერმალური ფილერების გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ ითვლება კოვიდ-19 ვაქცინაციის ჩატარების წინააღმდეგ ჩვენებად და არ მოაზრება ვაქცინაციის გადადების მიზეზად.

კოვიდ-19-ით დაავადების რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე არსებული ფილერის გართულების განვითარების რისკი.

ამერიკის ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგიის და სხვა პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების თანახმად, სასურველია, თავი შეიკავოთ დერმალური ფილერის გამოყენებისგან კოვიდ-19-ის აცრის გაკეთებამდე 2 კვირით ადრე და გაკეთების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში, ასევე, აცრის დოზებს შორის შუალედში.

ანალოგიურად, სადღეისოდ არ არსებობს მიზეზი, დერმალური ფილერები არ გამოიყენონ უკვე აცრილმა პაციენტებმა, მით უფრო, რომ ვაქცინაციის შემდგომ ჩატარებული ფილერის შეყვანის პროცედურების შემდეგ, ჯერჯერობით გართულების არც ერთი შემთხვევა არ არის აღწერილი.

აცრის გაკეთების წინ აუცილებლად გააფრთხილეთ მედპერსონალი, ფილერის გამოყენების ეპიზოდის შესახებ, განსაკუთრებით, თუ ადრე ფილერის შეყვანაზე გქონდათ გამოხატული შეშუპებები ან სხვა ალერგიული რეაქცია.

ბოტულინის ტოქსინზე, ჯერჯერობით გართულება არ არის აღწერილი.

ჯანმრთელობას გისურვებთ." 

პროფესორი გია გვარამია ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISAPS) წევრი, საქართველოს პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგთა ასოციაციის წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი და საკუთარი სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი და წამყვანი ქირურგია. 

მან კორონავირუსის ვაქცინასა დერმალურ ფილერებს შორის კავშირის თაობაზე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განაცხადა.

კომენტარები