შარლ მიშელის ვიზიტი

მიშელი: ევროკავშირს სურს, იყოს საქართველოს გვერდზე, დაიცვას თქვენი ტერიტორიული მთლიანობა

შარლ მიშელი
AJ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერაზე ისაუბრა. მიშელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ევროკავშირის "მყარი მხარდაჭერა" საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში.

"ევროკავშირს სურს, იყოს საქართველს გვერდზე, დაიცვას თქვენი სუვერენობა, თქვენი ტერიტორიული მთლიანობა". – თქვა შარლ მიშელმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზსაც მოინახულებს.

"ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კონფლიქტებთან დაკავშირებით, მე მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ევროკავშირის მყარი დახმარება და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში მე მექნება საშუალება, რომ ადმინისტრაციული დემარკაციის ხაზამდე მივიდე ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან". –თქვა შარლ მიშელმა.

პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო. მიშელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისით. 

შარლ მიშელმა Covid-19 პანდემიაზე და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 28 თებერვალს ჩამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გარდა შარლ მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.  

კომენტარები