რუსეთი

რუსეთმა რადიო თავისუფლება უცხოეთის აგენტთა კანონით 150 000 დოლარით დააჯარიმა

dw.com

რუსეთის ფედერაციამ აშშ-ის მიერ დაარსებული რუსულენოვანი რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპა დაახლოები 150 000 დოლარით დააჯარიმა, მიზეზი კი რუსეთის “უცხოეთის აგენტის” კანონთან წინააღმდეგობაში ყოფნა დასახელდა. 

“უცხოეთის აგენტის” კანონი რუსეთის ფედერაციაში ძალაში 2012 წლიდან შევიდა და თავდაპირველად ის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოქმედებდა, 2017 წლიდან კი ამ კანონის სამიზნე ობიექტების რიცხვი გაფართოვდა და სამაუწყებლო ორგანიზაციებიც მოიცვა. რუს მაღალჩინოსნებს შეუძლიათ, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, “უცხოეთის აგენტების” სიაში შეიყვანონ.

კანონის მიხედვით, ორგანიზაცია, რომელსაც “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადებენ, ვალდებულია თავი ამ იარლიყით წარმოაჩინოს და საკუთარ გამოცემებში მიუთითოს. კანონის მიხედვით მსგავსი ორგანიზაციების შემოსავლები და ფინანსთა ხარჯვა სახელმწიფოს მიერ სრულად უნდა იყოს გაკონტროლებული. 2020 წლიდან ამ იარლიყის მინიჭება ინდივიდებზეც შესაძლებელი გახდა. კანონის ფარგლებში, სიაში შეყვანილ პირებს ეკრძალებათ სახელმწიფო სამსახურში დასაქმება.

რადიო თავისუფალი ევროპა რუსეთის ფედერაციამ უცხოეთის აგენტად 2017 წელს გამოაცხადა. 2021 წლის 10 თებერვალს რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიისა და მასმედიის კონტროლის სამსახურმა რადიო თავისუფალი ევროპა 11 მილიონი რუბლით (დაახლოებით 150 000 დოლარი) დააჯარიმა, რადგან მაუწყებლობა საკუთარი თავის იდენტიფიკაციას, როგორც “უცხოეთის აგენტს”, არ ახდენდა. მაუწყებლობის წარმომადგენლების თქმით, ისინი განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ, დაჯარიმების ფაქტს უსამართლობად და სახელმწიფოს მიერ ზეწოლად აფასებენ.

გასული წლის ზაფხულში მოსკოვის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი "უცხოეთის აგენტის" კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და ჯარიმა დააკისრა. ფონდი  უცხოეთის აგენტთა სიაში 2019 წლის 9 აგვისტოს შეიყვანეს. 

 

კომენტარები