ვაქცინაცია

გამყრელიძე: კარგი იქნება კერძო სექტორის ჩართვა, ალბათ, ზაფხულიდან დაიწყება მათზე გაყიდვა

"ძალიან დადებითად ვუყურებთ თუ კერძო სექტორი ჩაერთვება ვაქცინაციაში". – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ მას ხშირი კომუნიკაცია აქვს კერძო სექტორთან.

"პირიქით, ჩვენ ვესაუბრებით კერძო სექტორს, თუ აქვთ საშუალება... მაგრამ მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, მწარმოებლები ჯერჯერობით კერძო სექტორს არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტებს ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით.

ჩემი პირადი შეხედულებით და გათვლებით, დაახლოებით მაის-ივნისის შემდეგ დაიწყება უფრო მეტად კერძო გააქტივება. არავინ ხელს არ უშლის, პირიქით, ხელს უწყობენ, მაგრამ ჯერჯერობით, არც ფაიზერი, არც მოდერნა, არც ასტრაზენეკა მათ... იცით, რომ ზოგადად ვაქცინის წარმოებაში ის, რისი იმედიც იყო ნოემბერ-დეკემბერში, ჯერჯერობით ჩამორჩენაა სერიოზული მწარმოებლების მიერ, მათ ვერ დააკმაყოფილეს ჯერჯერობით ევროკავშირის მოთხოვნილება, კოვაქსის მოთხოვნილება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თებერვალ-მარტ-აპრილში უკვე წარმოება დაეწევა იმ სამძლავრეებს, რაც იყო დაგეგმილი. როცა სახელმწიფოების მიმართ ვალდებულებები შესრულდება, მაშინ, რა თქმა უნდა, იქნება კერძო ინიციატივები". – ამბობს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ზოგადად ვაქცინაციის პროცესში, მთლიანად ქვეყანაში ჩატარებული ვაქცინაციის 97-98% მოდის სახელმწიფოს ხარჯზე, ხოლო 2-3% - კერძო სექტორის.

"ყველა ვაქცინა ბავშვებისა და მოზარდებისთვის არის სახელმწიფოს ხარჯზე, კერძო სექტორი მონაწილეობს დაახლოებით 2-3%-ით ვაქცინის შემოტანაში და ძირითადად, ეს არის გრიპის ვაქცინა.

წელს, მაგალითად, სახელმწიფომ იყიდა 235 000 გრიპის ვაქცინა და კერძო სექტორმა - 40-50 000. წელს ჩვენ გვქონდა გრიპზე ყველაზე მაღალი მოცვის მაჩვენებელი. კერძო სექტორი მონაწილეობს გრიპის და კიდევ ერთი თუ ორი ვაქცინის შემოტანაში, მაგრამ მინიმალური რაოდენობით". – თქვა NCDC-ის დირექტორმა.

საქართველო თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს. მარტის დასაწყისში კი, ასტრაზენეკას 180 000 - 300 000 დოზას.

კომენტარები