მე-10 მოწვევის პარლამენტი

ნარკოტიკული საშუალებების ნაწილისთვის კანონში დასჯადი ოდენობები დაზუსტდება – კანონპროექტი

ტაბულა

პარლამენტში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტის მიხედვით, დაზუსტდება ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მოქმედ კანონმდებლობაში განსაზღვრული არ არის ნარკოტიკულ საშუალებათა ნაწილისთვის ოდენობები, რაც პრაქტიკაში და კანონის აღსრულების პროცესში ქმნის პრობლემას.

"ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკულ საშუალებას არ აქვს მცირე ოდენობა განსაზღვრული, ეს იწვევს მცირე დოზით ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა მიმართ არაპროპორციული სასჯელების გამოყენებას, ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი საპატიმრო სასჯელის სახით". – თქვა სარჯველაძემ.

სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტით არ ხორციელდება ნარკოდანაშაულის რაიმე ფორმით დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია. კანონპროექტი ვერ იქონიებს გავლენას ნარკოდანაშაულის ზოგიერთი მძიმე ფორმის (მაგალითად, გასაღების, რეალიზაციის) კვალიფიკაციაზე.

კანონპროექტით განისაზღვრება შემდეგი ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

"ოდენობათა დაანგარიშების მეთოდიკა დაეყრდნო, ერთი მხრივ, სამეცნიერო ლიტერატურასა და, მეორე მხრივ, ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას. ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოსახმარი ერთი დოზის ოდენობა. ნივთიერებათა ოდენობები გამოითვალა იმგვარად, რომ არ მოხდეს, ერთი მხრივ, მოხმარების და, მეორე მხრივ, ნარკორეალიზაციის რაიმე სახით წახალისება". – თქვა სარჯველაძემ.

კომენტარები