UNICEF-ი მთავრობებს მოუწოდებს, სკოლების გახსნა პრიორიტეტად აქციონ

გაეროს ბავშთა ფონდის თანახმად, COVID-19-ის გამო სკოლების დახურვა მნიშვნელოვნად აზიანებს სასწავლო პროცესის წინსვლას და გავლენას ახდენს მსოფლიოში 90 მილიონ მოსწავლის კეთილდღეობაზე.

"ყველაფერ იმის მიუხედავად, რაც COVID-19-ზე, ინფექციის გავრცელებაში სკოლების როლზე შევიტყვეთ და მივიღეთ ზომები ბავშვების სკოლაში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად, ჩვენ არასწორი მიმართულებით მივდივართ". – თქვა რობერტ ჯენკინსმა, გაეროს ბავშთა ფონდის განათლების თავმჯდომარემ.

"მტკიცებულებები გვაჩვენებს, რომ სკოლები არ არიან პანდემიაში ინფექციის მთავარი გამავრცელებლები. თუმცა, ჩვენ ვხედავთ შემაშფოთებელ ტენდენციას, როდესაც მთავრობები პირველ რიგში სკოლებს ხურავენ. ზოგიერთ შემთხვევებში ეს ხდება ქვეყნის მასშტაბით და არა ლოკალურად. ბავშვები განიცდიან დამანგრეველ ეფექტს სწავლებაზე, მენტალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე".– აღნიშნა ჯენკინსმა. 

გაეროს ბავშთა ფონდი აღნიშნავს, რომ სკოლების დახურვა ყველაზე ცუდად აისახება მოწყვლად ბავშვებზე და სავარაუდოა, რომ სწორედ ისინი დაანებებენ სწავლას თავს. ფონდი შიშობს, რომ ზედმეტად ბევრი სკოლა იხურება საჭიროების გარეშე და არ კეთდება საკმარისი აქცენტი სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

გაეროს ბავშთა ფონდის თანახმად, ბოლო მონაცემები, 191 ქვეყნიდან, არ აჩვენებს კავშირს სკოლების გახსნასა და კორონავირუსის ინფექციის გავრცელების მაჩვენებლებს შორის. ფონდი მოუწოდებს მთავრობებს, სკოლების გახსნა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა პრიორიტეტად აქციონ.

გაეროს ბავშთა ფონდმა გამოაქვეყნა პრაქტიკული რჩევები სკოლების გახსნისთვის, რომლებიც ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკის რეფორმაზე, დაფინანსების საკითხებზე, უსაფრთხო სასწავლო პროცესზე, ბავშვთა კეთილდღეობის დაცვასა და პროცესში ყველაზე მოწყვლადი ბავშვების ჩართვაზე.

"სკოლების ღიად დატოვების სარგებლობა გაცილებით მეტია, ვიდრე ამის ფასი. ქვეყნის მაშტაბით სკოლების დახურვა ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა ავირიდოთ - ეს ის არის, რაც COVID-ის დროს სასწავლო პროცესზე გავიგეთ". – თქვა რობერტ ჯენკინსმა.

კომენტარები