არნოლდ შვარცენეგერი

შვარცენეგერი: დონალდ ტრამპი ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტია

ცნობილი მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, არნოლდ შვარცენეგერი კაპიტოლიუმზე თავდასხმას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.

"რამდენიმე სიტყვით მსურს, გამოვეხმაურო უკანასკნელ მოვლენებს. მე 1947 წელს ავსტრიაში დავიბადე, მეორე მსოფლიო ომი ორი წლის დასრულებული იყო. ჩემს გარშემო ვხედავდი გალოთებულ კაცებს, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ბოროტმა არადემოკრატიულმა რეჟიმმა გაანადგურა, ისინი არ იყვნენ ანტისემიტები ან ცოფიანი ნაცისტები, ისინი იყვნენ გზას აცდენილი უბრალო ადამიანები, რომლებმაც ლიდერს დაუჯერეს. ამ თემაზე საუბარი საჯაროდ არ მიყვარს, კვირაში რამდენჯერმე მამაჩემი თვრებოდა და მცემდა, იგივე ხდებოდა სხვა ბავშვების სახლებშიც, მათ ვერ ვადანაშაულებ, ისინი მოატყუეს, ყველაფერი ტყუილით დაიწყო. მე, როგორც ევროპელმა, ვიცი, როგორ შეიძლება გახდეს პროცესები უკონტროლო, ბევრს ეშინია, რომ მსგავსი რამ ამერიკაშიც გამეორდება, მე ამის არ მჯერა, მაგრამ უნდა გავაკრიტიკო ის პროცესები, რომელიც ერთი ადამიანის ეგოიზმსა და ცინიზმს მოჰყვა. პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო სამართლიანი არჩევნების შედეგები და ხალხს გადატრიალებისკენ მოუწოდა, მამაჩემი და მისი მეზობლებიც სწორედ ასეთი ტყუილებით ააცდინეს სწორ გზას. ტრამპი არშემდგარი ლიდერია, ის ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტია. ტედი რუზველტის სიტყვებს გავიმეორებ: "პატრიოტიზმი ნიშნავს გვერდში ედგე ქვეყანას და არა ქვეყნის პრეზიდენტს". საბედნიეროდ, გადატრიალება ჩაიშალა, ჩვენმა დემოკრატიამ გაიმარჯვა"... – ამბობს მიმართვაში მსახიობი.

ვიდეომიმართვის ბოლოს მსახიობმა საკუთარი კინოპერსონაჟის, კონანის ხმალი მოიმარჯვა და ამერიკული დემოკრატია მრავალჯერ გამოწრთობილ ფოლადის ხმალს შეადარა.

მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ლეგენდას კალიფორნიის გუბერნატორის პოსტი 2003-2011 წლებში ეკავა. შვარცენეგერმა კენჭი რესპუბლიკური პარტიიდან იყარა.

კომენტარები