რატომ არ მიყვარს საბჭოთა კავშირი

ბოდიში მინდა მოვუხადო ახალგაზრდა მკითხველს, თუ მათ ჩემი თხრობა ან მისი ნაწილი ბოდვა ეგონებათ. ჰგავს, მაგრამ მაშინ ასეთი ცხოვრება იყო.

1981წელს, ასპირანტურის შემდეგ, მოსკოვიდან ას კილომეტრში, სპეციალურად მეცნიერებისათვის აშენებულ პატარა ქალაქ პუშჩინოში დავიწყე მუშაობა – საბჭოთა მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ინსტიტუტში.

ძალიან ბევრს ვმუშაობდი, დღეში 14 საათი გამომდიოდა. ჩემი ხელმძღვანელი კმაყოფილი იყო ჩემი მუშაობით, მეც – ნაწილობრივ. სამსახურში მოვდიოდი 11 საათის შემდეგ, სამაგიეროდ ღამით ვმუშაობდი გვიანობამდე – ხან ორამდე, ხან სამამდე.

მერე მოკვდა ბრეჟნევი, მოვიდა ანდროპოვი.

ანდროპოვმა დაიწყო წესრიგის დამყარება – ინსტიტუტში დაიწყო დისციპლინისთვის ბრძოლა – ყველა დილაობით რვა საათზე უნდა მოვიდესო. ასე პირველ ჯერზე მივედი, და მისულმა ლაბორატორიაში ჩავიძინე, მეორე დღეს დავიგვიანე და აღარ შემიშვეს, და მესამე დღეს ისეთ დროს მივედი, როცა ხალხი უკვე შესვენებაზე გადიოდა. შევედი პარტკომის მდივანთან და ვუთხარი – მე დილით მუშაობა არ შემიძლია, თუ ჩემი მუშაობა არ მოგწონთ ან თვლით, რომ ცოტას ვმუშაობ, მითხარით და წავალ, ან თავი გამანებეთ-მეთქი.

ამ კაცმა ცოტა იფიქრა და მითხრა – როცა გინდა მაშინ მოდიო, ეტყობა მიხვდა, რომ ჩემი დასჯით კარგს ვერაფერს დაიჭერდა: რასაც ვაკეთებდი, ინსტიტუტისთვის მნიშვნელოვანი იყო და შეიძლება ამიტომ არ გავეშვით, თან კაი ხასიათით და მოკლე ენით იქამდეც არ გამოვირჩეოდი, კრებებზე სულ რაღაც კითხვებს ვსვამდი, არ ვეთანხმებოდი უფროსობას და ვკამათობდი.

მაგრამ გულში კი ჩარჩა ეს ამბავი.

ერთი წლის შემდეგ ჩვენთან რამდენიმე დღით ჩამოვიდა პროფესორი იენ მაკინტაირი ლონდონიდან, ცნობილი მოლეკულური ენდოკრინოლოგი. რამდენიმე საუბრის შემდეგ შემომთავაზა – ჩემთან ჩამოდი რამდენიმე წლითო.

მე ძალიან გამიხარდა, ეს სულ სხვა დონეზე მუშაობის საშუალებას მიქმნიდა. ამერიკა და ინგლისი – ორი მთავარი ქვეყანა ჩემი თაობის ბიოლოგისათვის. ჩემს უფროსს ვკითხე, რას ფიქრობდა. მითხრა, ვიცი და მხარს ვუჭერო, მაგრამ წესი ხომ იციო? წესი კი ისეთი იყო, რომ სანამ დასავლეთში წახვიდოდი, იქამდე ე.წ. სოციალისტურ ქვეყანაში უნდა გემუშავა. ამ ჩემმა უფროსმა თავის მეგობარს სთხოვა და ერთი წლით უნგრეთში მიმიწვიეს.

უნგრეთში წასასვლელად პარტკომის რეკომენდაცია იყო საჭირო. მერე რაიკომის. მივედი პარტკომის (ანუ კომუნისტური პარტიის პირველადი/საინსტიტუტო ორგანიზაციის კომიტეტის) სხდომაზე. ეგენი რეკომენდაციებს სტანდარტულს წერდნენ. იქ უნდა ყოფილიყო ჩაწერილი политически грамотен, морально устойчив, в быту выдержан (პოლიტიკურად განათლებულია, მორალურად მდგრადია, ყოფაში თავშეკავებულია).

დაიწყეს მსჯელობა ჩემზე – ყველაფერი გამიხსენეს – კრებებზე კითხვების დასმაც, კამათიც, გვიან მისვლაც. მაგრამ ამ ტრიადაში ვერ სვამენ.

პარტიული ბიუროკრატიის ენაზე პოლიტიკურად განათლებული ნიშნავდა, რომ ადამიანს ლენინის და სხვა კაციჭამიების წიგნები აქვს წაკითხული და გაზეთებს კითხულობს – რამდენი ნაგავი მედო და მიდევს თავში... იქით ავუხსნიდი.

მორალურად მდგრადი – სექსუალური სკანდალები ძირითადად დაოჯახებულებს ეხებოდა – ასევე არ გამოდის.

ყოფაცხოვრებაში თავშეკავებული – ლოთობას ეხებოდა და მე მაშინაც არ ვსვამდი.

რა ქნან? ერთს მოუვიდა თავში იდეა – დავწეროთ, რომ ტემპერამენტიანიაო. ამაზე მე წამოვენთე – ეგ რა სისულელეა, ყველა ადამიანს რაღაც ტემპერამენტი აქვს, მაშინ დაწერეთ რომელი ტემპერამენტი-მეთქი – ფლეგმატური თუ მელანქოლური, სანგვინური თუ ქოლერული, ან აღმწერეთ ექსტროვერტ-ინტროვერტის ტერმინებში-მეთქი...

რაღაც მომენტში მეშველა-მეთქი – დისკუსია დაიწყო. მაშინ პოპულარული იყო ფსიქოლოგ ვლადიმირ ლევის წიგნები. წაკითხული ჰქონდათ და ყველა თავის ფსიქოლოგიურ ცოდნას ამჟღავნებდა. მეც ჩემსას ვეხმარებოდი.

ერთი ნახევარსაათიანი რია-რიას მერე ყველაზე გამოცდილი და ხნიერი ვინც იყო, თქვა – ხალხო, ვერ ხედავთ, გვაგიჟებს – რაზე ვკამათობთ, დავწეროთ რასაც ვწერდითო. ასეც ჩაწერეს:

Политически грамотен, морально устойчив, в быту выдержан.

Темпераментен.

ანუ ისეთი მაინც არ არის, როგორიც საჭიროაო.

ვერ წავედი უნგრეთში, ინგლისში წასვლაზე ვეღარც ვიოცნებებდი.

ერთი ან ორი წლის შემდეგ ზამთარში მოყინულ ქუჩაში მივბაჯბაჯებდი. კლუბიდან სიმღერა ისმოდა. მომეწონა ჰანგები და გავჩერდი მოსასმენად. ასე მთავრდებოდა:

Гудбай Америка, ооо,

Где я не буду никогда.

Услышу ли песню,

Которую запомню навсегда.

უცბად ისე მკაფიოდ დავინახე, რომ მე ვერასოდეს ვერ გავალ საბჭოთა კავშირიდან და, ამაზე სიმღერაც კი დაწერა ვიღაცამ, რომ Гудбай Америка, ооо, Где я не буду никогда...

მერე გავიგე, რომ ჯგუფს ნაუტილუს პომპილიუსი ერქვა.

არასოდეს, ვერასოდეს...

იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი.

კომენტარები