სექსი ქართულ ზღაპრებში

აი, სიცხე რომ გაქვს და გარეთ რომ თოვს, ყინვაა და თავი სასახლეში გეგულება, თუნდაც ჩვეულებრივ ლოგინში იწვე. სიცხე გაქვს და თამამი ხარ: საბანი სადამდეც გწვდება, ორჯერ უფრო გრძელი გგონია – და ამ ანდაზასავით ანგრევ დანარჩენსაც. აქ შეიძლება ამგვარი სლოგანიც: სიცხე ათამამებს! ამ შემთხვევაში ლიტერატურულ მიმართულებას ვგულისხმობ, თორემ ისე – სხვა ამბავშიც. მით უფრო, თუ ეს შენი საქმეა – სიტყვებთან თამაში. მერე რა, რომ ხანდახან ცეცხლთან თამაშზე უარესია – ვთქვათ კაი ბიჭურად: თუ აფერისტობ, დაიწვები. ჰოდა, მივადექი ზღაპრებსა და ანდაზებს. ვიფიქრე: ხომ არ არის პირველი ქართული ათეისტური მანიფესტი, ეს გამოთქმა: „თავს ზევით ძალა არ არის?”, ხომ არ იყვნენ პირველი პროტესტანტები გურულები, გამორიცხავდნენ უზენაესთან შუამავალს და ასე ლოცულობდნენ: „რომ ხარ – ქე ვიცი, რა მინდა – ქე იცი, აბა, შენ იცი”, ეგებ ის სცენა, არაერთ ზღაპარში, ქალი დევის სულის საამებლად ბოძს რომ ყვავილებით რთავს და მერე ცეკვავს – ეროვნული სტრიპტიზის ჩანასახია? – ახლა არ მითხრათ, ეს მეოცე საუკუნის პროდუქტიაო, ახლა არა – მერე მითხარით.

მოკლედ, ზომის გაღმა ვიმკრეხელე, ცამდე ვაწვდენდი ხელებს, ღრუბლებამდე ავედი და ბოლოს ძილში დავეცი. ახლა მიწაზე ვარ. აქ. თქვენთან. მაგრამ სხვაგვარად მაინც არ ძალმიძს.

უნდა განვაცხადო: ქართული ლიტერატურა, მიუხედავად არნახული მასალისა, ფოლკლორის ინტერეპრეტაციას კეთროვანივით გაურბის. ერთი-ორ გამონაკლისზე ნუ ვისაუბრებთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ სამამულო ხელოვნების ფრაგმენტულობას ადასტურებს. ხანდახან ჩვენებური ავტორები სიუზან ზონტაგთან (ეს მართლაც რომ საინტერესო ქალი, ინტერპრეტაციის წინააღმდეგ ილაშქრებდა ახალგაზრდობაში) შეთქმულები მგონია. დაუსწრებლად შეთქმულები, თორემ იმსიგრძე ესეს მაგათ რა წააკითხებდა. აბა, რას უნდა მივაწეროთ, სამონასტრო კედლებზე ამონაკაწრი უნებლიე შედევრი – „თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად, აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის... რა ლამაზი იყავი ბიჭო” – ფანტაზიით ჟონგლიორობის თავბრუდამხვევ შესაძლებლობას რომ იძლევა – აქამდე ერთი ავტორის ერთ ნელ-თბილ ლექსს გამორჩა.

ვიღაცას ინტერპრეტაცია მაინცდამაინც ეპატაჟური ტექსტები ჰგონია (იხილეთ მეოცეს მიწურული და აგერ ჩვენი ოცდამეერთე), ზოგს ლექსებში ასფურცელას და ცისკარას ხსენება (გაეცანით ქართული პოეზიის ანთოლოგიებს, განსაკუთრებით გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან). მოკლედ...

მე მაინც მომავლის იმედი მაქვს. ამიტომაც დავწერე ესე. ჰოდა, თქვენც ნუ მკითხავთ, რა შუაშია ეს სათაური, უბრალოდ იყავით უფრო თამამი და გაათეთრეთ ყორანი, ბატონებო და ქალბატონებო, რადგან ქვიშით არ გამოდის, სხვა რამით მაინც, ჰო, სხვა რამით მაინც.

კომენტარები