ვარსკვლავები განათლებულ ცაზე

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლების შეფასების ახალი სისტემა შემოიღო. თითოეული სკოლის შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე ქვეყნდება. შეფასების ორმოცდაექვს კრიტერიუმს სამინისტრო შემდეგნაირად აჯგუფებს: ინსტიტუციური მონაცემები, უსაფრთხოება, სწავლა/სწავლება, მასწავლებლების კვალიფიკაცია, სკოლის წარმატებები (პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობა, ოლიმპიადები, ატესტატის მოპოვება და უმაღლესში ჩაბარება). 

შეფასების საფუძველზე სამინისტრო თითოეულ სკოლას ათქულიან შკალაზე ათავსებს. რეიტინგის სიმბოლოდ, სასტუმროების დონეების აღწერის მსგავსად, ვარსკვლავები გამოიყენება. სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ყველაზე მეტი – რაც საქართველოში შეფასებულ სკოლას აქვს მოპოვებული – ცხრა ვარსკვლავია. ხუთ ვარსკვლავზე ნაკლები ჯერ არცერთს დაუმსახურებია.

ბატონ დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ამ სისტემას სამი მიზანი აქვს. მისი აზრით:

• მშობლებს მეტი ეცოდინებათ კონკრეტული სკოლების შესახებ. 

• რეიტინგი ხელს უწყობს კონკურენციის ზრდას, ხოლო კონკურენცია ერთადერთი გზაა განათლების ხარისხის ამაღლების.

• წარმატებული სკოლების წახალისება ხდება. სხვა სკოლებს უჩნდებათ მისაბაძი სტანდარტი.

განათლების პოლიტიკის ამ ინსტრუმენტს კრიტიკულად თუ განვიხილავთ, დავინახავთ, რომ კეთილშობილური მიზნების მიუხედავად, ინფორმირებულობის, კონკურენციისა და სტანდარტების გაზიარების ზრდის მოლოდინი გულუბრყვილო იქნება. მოსალოდნელი წარუმატებლობის მიზეზი სამმაგია: სისტემური, კონტექსტუალური და პრაქტიკის. 

პირველი, მნიშვნელოვანია, რომ ორმოცდაექვსი კრიტერიუმიდან უმეტესობა რესურსებს ეხება. კრიტერიუმების ერთ მესამედზე ნაკლები სკოლის შედეგებს უკავშირდება. სასწავლო პროცესი კი მხოლოდ ექვსიოდე კრიტერიუმით აღიწერება. როდესაც ბებიაქალი გვპირდება, რომ გვეტყვის ჩვენი ახალდაბადებული ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ და ძირითადად გვიყვება, თუ რა კარგი აპარატურა დგას კლინიკაში, რთულია, ჩვენ შორის კომუნიკაცია შედგეს.

ამგვარი მიდგომა ახალისებს არასისტემურ ხედვას, რომლის მიხედვითაც, რესურსები და შედეგები დამოუკიდებლად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რესურსების, პროცესებისა და შედეგების მიმართებები. პირველი ხედვის პირობებში, სკოლის ადმინისტრაცია ფიქრობს ტექნოლოგიების გამოყენებასა და გამოცდების შედეგებზე. სისტემური ხედვისას კი ფიქრობს, როგორ გამოიყენოს ტექნოლოგიები სწავლებისას, რომ შედეგები გაუმჯობესდეს.

განათლების მართვის საკმაოდ პრობლემური იდეაა ის, რომ სკოლა ერთგვარი შავი ყუთია, რომელშიც შეუძლებელია გავიგოთ რა ხდება, ხოლო სასწავლო პროცესზე ზემოქმედების საუკეთესო გზა – რესურსების რაოდენობის ან ხარისხის ზრდა და შემდეგ შედეგებზე დაკვირვებაა. 

ასევე მცდარია წარმოდგენა, რომ გამართული ნაწილების არსებობა აუცილებლად გამართულ ერთობლიობას ქმნის. დადებითი შედეგის მიღება სხვადასხვა, თუნდაც საუკეთესო მარკის მანქანების დეტალის კომბინირებით ახალი, სუპერავტომობილის აწყობის შემთხვევაში ადვილი არ არის.

კონტექსტუალური პრობლემები თვალსაჩინოა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოფლებში, სადაც სკოლების დიდი ნაწილი მდებარეობს, დაწესებულებების არჩევანი არ არსებობს. რეიტინგის სისტემა აქ კონკურენციას ვერ შექმნის. სამაგიეროდ, საქართველოს გარეთ დადასტურებულია კვლევებით ის ნეგატიური ეფექტი, რომელიც სკოლის დაბალ რეიტინგს აქვს ხოლმე ამგვარ სკოლებში მოღვაწე მაღალი შედეგების მქონე მოსწავლეებზე და მასწავლებლების მოტივაციაზე.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სკოლების რესურსების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა თავად აქვს არჩეული. როგორ გააუმჯობესოს სკოლამ შედეგი კრიტერიუმის მიხედვით, რომელიც ეკითხება ჰყავს თუ არა მანდატური, როდესაც მას სამინისტრო ქირაობს და არა თავად სკოლა? ავეჯსა და კომპიუტერებს სამინისტრო ყიდულობს. რემონტსაც ის ახორციელებს. ეს იმას ჰგავს, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვს ჯერ სახელმძღვანელო ვუყიდოთ და შემდეგ თავად ბავშვი ამისთვის შევაქოთ.

კრიტერიუმებში არ არის გათვალისწინებული მრავალი რამ, რაც მშობელს შეიძლება ანტერესებდეს. ეჭვი მეპარება, რომ საქართველოში მშობლების უმეტესობას აღელვებს სკოლის ღობის არსებობა (ერთ-ერთი კრიტერიუმია), მაგრამ არ აინტერესებდეს ძალადობის სიხშირე კონკრეტულ სკოლაში. 

საქართველოში, სადაც საარსებო შემწეობას 400 ათასზე მეტი ადამიანი იღებს სახელმწიფოსგან, რთული არ არის იმის წარმოდგენა, რომ ბევრს აინტერესებს თუ როგორ ითვალისწინებს სკოლა მათ სოციალურ წინაპირობებს. ამის დადგენა ამ რეიტინგით შეუძლებელია.

ფართო კონტექსტი, რომელშიც რეიტინგების სისტემა შემოიღეს, გაუგებარს ხდის მის მნიშვნელობას. მთავრობის შემუშავებული ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, სკოლების ეფექტურობა შეფასდება მხოლოდ გამოსაშვებ გამოცდებზე მოსწავლეების შედეგებით. ეს კი ამ რეიტინგის სისტემის ორმოცდაექვსიდან მხოლოდ ერთი კრიტერიუმია. 

რეიტინგების პარალელურად, სამინისტრო ავალდებულებს სკოლებს, რომ სერტიფიცირებულ მასწავლებელს სახელფასო დანამატი მხოლოდ სრული დატვირთვის დროს მისცეს. თუ მასწავლებელი ინგლისურსა და კომპიუტერს ფლობს, სკოლამ მრავალჯერადად მეტი ხელფასი უნდა მისცეს. ბიუჯეტის მართვის საკითხები რეიტინგის კრიტერიუმებს შორის არ არის. სამაგიეროდ, სერტიფიცირებულები და სხვა მასწავლებლები განაპირობებს სკოლის შეფასებას. ჩნდება დილემა ბიუჯეტის ოპტიმალურ განაწილებასა და ვარსკვლავის მოპოვებას შორის.

სამინისტრო რეიტინგის სისტემით თითქოს ერთი ხელით ცდილობს საბაზრო მექანიზმების, კერძოდ კი კონკურენციის და მომხმარებლების ინფორმირებულობის ზრდას. მეორე ხელით კი თავად არის ამ ბაზარზე სერვისისა და რესურსების მიმწოდებელი.

პრაქტიკის თვალსაზრისით რეიტინგების ეს სისტემა მრავალ ეჭვს აჩენს. სამინისტრო არ აქვეყნებს დოკუმენტაციას შეფასების პროცედურების შესახებ. ჩვენ არ ვიცით, თუ როგორ შეგროვდა მონაცემები. სისტემის სახელი „ბრენდირება” არ შეესაბამება მის შინაარსს. თუ მოსაწვევს მიიღებთ სამეცნიერო კონფერენციაზე დასასწრებად და ამის ნაცვლად დაგხვდებათ პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია, ეს ეჭვს გააჩენს, რომ ორგანიზატორს ან არ ესმის რა არის მეცნიერება, ან ცდილობს შეცდომაში შეგიყვანოთ.

ეჭვს აჩენს კონკრეტული სკოლების შეფასების შემთხვევებიც. მაგალითად, თბილისის 157-ე სკოლის დირექტორი ერთი წლის წინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აიძულა თანამდებობა დაეტოვებინა. ამ სკოლამ ერთი წლის თავზე სამინისტროს სარეიტინგო სქემაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. სკოლის ახალი დირექტორი ამისთვის სამინისტროში საზეიმოდ დაჯილდოვდა. ოცდახუთი წლის მანდატური, რომელიც სკოლის დირექტორად დაინიშნა, არამხოლოდ სკოლების რეიტინგში იმარჯვებს. ის 2011 წლის საჯარო სკოლების დაახლოებით 2100 ხელმძღვანელს შორის საუკეთესო დირექტორადაც დასახელდა. 

უკეთესი იქნება, თუ სახელმწიფო აირჩევს მიდგომას, მართოს განათლების სისტემა, ან მართოს ყველა სკოლა; იყოს თამაშის წესების შემმუშავებელი, არბიტრი ან თავად მოთამაშე და არა ყველა როლში ერთდროულად. უკეთესი იქნება, თუ: სკოლების რეიტინგი გაითვალისწინებს მოსწავლეების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას; სკოლის წარმატება გაიზომება საკუთარ მისიასთან მიმართებაშიც და არა მხოლოდ გარედან თავსმოხვეული პარამეტრებით; შეფასებას ჩაატარებს დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც პოლიტიკური მიზნები არ აქვს და სკოლის ადმინისტრაციას ვერ აშინებს;  შეფასება სკოლის ადმინისტრაციისა და სამინისტროს წარმატებების აღწერის ნაცვლად მოსწავლეების წახალისებას შეუწყობს ხელს; შეფასება ხელს შეუწყობს, რომ მშობელი საჯარო სკოლის მფლობელად გრძნობდეს თავს და არა იმ ადამიანად, რომელმაც რეიტინგის შედეგების მიხედვით თავის შვილს მუდმივად უნდა უცვალოს სკოლა. დაბოლოს, ნებისმიერ სისტემას შესაფერისი სახელი უნდა ერქვას. 

კომენტარები