ეძღვნება 1982 წელს

 სპეციალური გაფრთხილება პანიკის თავიდან ასაცილებლად: ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა; ეს არ არის არაფრის იმიტაცია; რაიმე დამთხვევა არაფერს ნიშნავს; რაიმე არდამთხვევა არაფერს ნიშნავს; საერთოდ, ეს ტექსტი არაფერს ნიშნავს.

ზემოთ მივდივართ?
პირიქით, ვეშვებით?

ძალიან მღლის ნიუ იორკ-თბილისის რეისი. ეს ბოინგის მესამე თაობის სუპერსონიკი არც ისე კომფორტულია, როგორც რეკლამაში. საცურაო აუზი სასაცილოდ პატარაა, რესტორანში არც „უსახელაური გრან-კრიუ” ჰქონდათ, არც „თაკვერის ხვანჭკარა”. მეტრდოტელმა უშნოდ გაიცინა და მითხრა - ბატონო, საგაზაფხულო აუქციონზე ყველაფერი თავად ქართველმა სირაჯებმა ისეთ ფასებში და ისე სწრაფად იყიდეს, რომ ჩვენებმა მხოლოდ დაგეგმილის მესამედი წამოიღესო და, სანაცვლოდ, იტალიური ბაროლო დი მონტალჩინო შემომაჩეჩა. ეეჰ, როგორ ფუჭდება სერვისი!

ან რატომ მითხარი, თბილისში ჩავფრინდეთო - მას შემდეგ, რაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსიდან გუდაურში გადმოვიდა, იანვრის ბოლოს თბილისში ჩასვლა უაზრობაა - გადაჭედილი სასტუმროები, რესტორნების წინასწარ შეკვეთა, რუსთაველზე ვერ გაივლი, შატლი თბილისი-გუდაური ხომ საერთოდ აბსურდულ ფასად იყიდება - რა დრო იყო, მამაჩემმა სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვში წამიყვანა პირველად, 37 მანეთად! გუდაურამდე ბილეთი კი 700 დოლარი ღირს - თურმე გუდაურის აეროპორტს არ შეუძლია 300-კაციანი თვითმფრინავების მიღება და ამიტომ პატარა - 100-იანები დაფრინავენ. თუ არ შეუძლია, მე რატომ უნდა ვიყო ამით შეწუხებული?!

არა, არ წავალთ ჯერ გუდაურში. რა მეჩქარება? წელს არც ავსტრალიის პრემიერი ჩამოვიდა, არც არგენტინის პრეზიდენტი, არც ომანის სულთანი. ამ უუფლებო ევროპული ქვეყნების უფროსობასთან საუბარს აზრი არა აქვს - მაგათ არც ფული აქვთ, არც ძალაუფლება. მთავარ ევროკომისარს რთველის დროს ხომ ვესტუმრეთ დედულეთში. ეგეც კაი ტიპია - რამ აყიდინა ვანში ვენახი, როცა შეეძლო კახეთში ეყიდა? „You see, my friend, Vani is the most interesting place from historic point of view, and I like feeling, that I am in the Museum, and I like local vine and wine etc.” ისე, გასაგებია, მამა ესტონელი ჰყავდა და იმერელმა დედამ არ ასწავლა, რომ ვანში ღვინო არ ვარგა - არც ერთხელ სიღნაღის საერთაშორისო კონკურსზე არც ერთი ღვინო ვანიდან ათეულში არ მოხვედრილა. არც ასეულში? კი, მჯერა.

გუდაურში ხვალ დილით ჩავიდეთ, ჩემს პანელს წავიყვან და ეგრევე დავბრუნდები. მერე რა, რომ ანჯელინა ჯოლიმ მთხოვა საღამოზე დასწრება? ეგეც რა, ქორფა კიტრია? ნახევარი სხეული განახლებული აქვს. მერე რა, რომ თხილამურებზე სრიალებს. დიახ, რაც ბიოჩიპები და კუნთშემცვლელები ჩაუდგეს, ძირითადად, ჩვენი გამოშვებულია. ვიცი, რომ იცი. ეს ისე, რომ გესმოდეს, ვისი ხარ.

კი, მართლა ვეშვებით. რა უბედურებაა, აეროპორტი ფაქტობრივად შუა ქალაქშია. სად გაგონილა ეგრე. ლილოს ფინანსურ დისტრიქტს, მარტყოფის ჩაინათაუნს და ფონიჭალის საუნივერსიტეტო კამპუსს ეს ხომ ხელს უშლის! უკვე სამი წელია, ჭორაობენ სართიჭალაში ნორმალური აეროდრომის მშენებლობაზე. ეს მართლა ქალაქიდან ცოტა მოშორებული იქნება - კახეთის შარაგზით, ცენტრიდან ნახევარი საათი გინდა გლაიდერით. არა, ძალიან ნელა კეთდება ყველაფერი. ან შარაგზა - რა სულელურ სახელებს ამოქექავენ. გვაქვს დამკვიდრებული ჰაივეი - არა, უნდა თქვა შარაგზა!

ძალიან არ მომწონს ეს ახლანდელი კახეთის ჰაივეი - რა უბედურებაა ამდენი ცათამბჯენი ორივე მხარეს. მახსოვს, 2002-ში ჩამოვფრინდი - ისეთი მყუდრო იყო, ჩაბნელებული, ხეების შრიალს გაიგონებდი. ახლა? ყველაფერი ბრჭყვიალებს, ტრიალებს, ანათებს! განსაკუთრებით ორი შენობა მზარავს - მაიკროსოფტის ევრაზიული ჰედკვორტერი და დაღესტნის საელჩო. ან რა ზომებია, ან რა ფერებია, ან რაში სჭირდებათ ამხელა შენობა შუაგულ თბილისში. ვაი, ვაი, ესენი მეოცე საუკუნეში ჩარჩნენ.

ისე, გაუგებარია, რატომ არის თბილისში ეს საელჩო? 2024 წლის დეცენტრალიზაციის რეფორმის შემდეგ, როცა 2014 წელს ქუთაისში გადასულ პარლამენტს მიჰყვა 2024-ში უზენაესი სასამართლო სოხუმში და 2025-ში პრემიერის ოფისი და შვიდივე სამინისტრო ახალქალაქში, საელჩოს თბილისში რა უნდა?

არა, წესრიგი არ გვიყვარს ქართველებს და ამიტომაც ვართ ამ დღეში.
რა დღეში?
გოიმების ქვეყანა ვართ.
მერე რა, რომ გავმდიდრდით. ეგრე ჩვენსავით მდიდარი ევროკავშირიცაა!
რაღაც შეზღუდულები ვართ.

მეც? არა, მე არა. მაგრამ ეს ახალი თაობის ბიზნესმენები - კი. მაგალითად, არც ერთი მათგანი ბიზნესს (დიდ ბიზნესს, თორემ ახლა სახინკლეებსა და სახაჭაპურეებს - კი) არ აკეთებს არც ზაირში, არც ბირმაში - ხომ გასაგებია, რომ ეგენი ხვალ დაგვეწევიან. ძალიან ტრადიციულები და ჩაკეტილები ვართ - ოფისი კახეთში, მამული სამეგრელოში, ქარხანა ჩინეთში, ბანკი ამერიკაში, ვენახში ფრანგები, ზამთარი ბათუმსა და ბიჭვინთას შორის, ზაფხული ჯავასა და ამბროლაურს შორის. Примитив! ამიტომ ვართ მესამე ადგილზე ეკონომიკური ზრდით. რა დრო იყო, ზედიზედ ხუთი წელი პირველზე რომ ვიყავით, ეეეჰ! შენ მაშინ პროექტშიც არ იყავი. იყავი? ოკ.

არ გინდათ ზაირი და ბირმა - მაშინ სამხრეთ ამერიკაში წადით! მაჩვენე ვინმე ახალგაზრდა, ვინც რამე ბიზნესი დაიწყო გვატემალაში, კოსტა-რიკაში, პარაგვაიში, თუნდაც ურუგვაიში - არავინ. არა, არა, მე Georgian-PanAmerican-ს საერთოდ ქართულ ბიზნესად არც ვთვლი - მოსკოვში დაიბადა, ჰარვარდში ისწავლა, სან-ფრანცისკოში დაიწყო, ახლა ელეიში ცხოვრობს. მერე გვარი! იყო ჯუანშერ ტყეშელაშვილი და სახელი და გვარი დაიმოკლო - ვერავინ ვერ წარმოთქვამსო - რა მარაზმია! Juan Tkeshvili – shame on you. მამამისი ცოცხალი რომ იყოს, თავს დაიხრჩობდა.

მერე რა, რომ ჩვენებური გვარები უჭირთ - მეორე ცოლი რომ მოვიყვანე, მამამისს ძალიან უჭირდა ჩემი სახელისა და გვარის წარმოთქმა - ცხრა იეროგლიფი გამოვიდა და ვერ ხვდებოდა - ზა ალ ოკო რო ჩედ ლი ში ვი ლი - ამას დღესაც სწორად ვერ იტყვის, მაგრამ მე ზა ლი კი არ გავხდი.
და ესენი ჩემზე ამბობენ, დაბერდაო? შენი ყურით მოგისმენია? ნუ, რაც გაქვს ყურად მიერთებული! მაგათი... ბებერი ლომი ჯობია ახალგაზრდა ტურასო, - ნათქვამია. ისე, კარგი ნეიროპიუტერი გამოგიგონეს დიღმელმა ბიჭებმა - ამდენი ხანია გებაასები, ჯერ ვერ გამაბრაზე.

მეზარება ახლა წალენჯიხაში წასვლა. ორი საათი მანქანაში - ჰილტონ-ლილოში გავათევ ღამეს. შენც გემოზე დაგტენი.

ცოლმა - რა გინდა, პური თუ კოფეო. პური ავირჩიე, ორივეს არ შემარგებდა.

ამ დროს გაგა შემოვიდა - მამა, მამა, ეს რა არისო, რისენტლი ფაუნდო. ზველი ტსიგნი იკო - ვეფჰისტკაოსანი. ოლდსტაილზე. ჩემმა ბიჩმა არტს იტსის - თ, ღ, წ, ჭ, ხ, ც, ჟ, ყ, ქ - ადრე რომ არსებობდნენ. ამიტომ ვერ ტსაიკითხა. როტსა ვუტჰარი - ვეფჰს ტკავი გააზრო და ჩაიტსვა (დისგასტინგ) ერტმა ტაფ გაიმ-მეტკი, ვეფჰი რა არისო და ტკავი რა არისო. ვაჩვენე ვირტუალში. მე ბაბუას ზოოპარკში დავკავდი გმირტა მოედანზე. მერე, ბელგიელი მტსვანეების მოტკოვნიტ, მივუერტდიტ ტსკოველტა უფლებების ევროპულ კარტიას და დავჰურეტ რეალში ზოოპარკი. იქ ვეფჰიტს იკო, ბაკაკიც, გველიტს, ტუტიკუშიტს და ფოტსჰვერიტს. მიკვარდა ზველი ზოოპარკი და ტსოტა გული დამტსკდა. ინ პრინსიპლ, შეგვედზლო არ მოგვეტსერა ჰელი ამ კონვენტსიისტვის, მაგრამ მტავრობამ სტსორი კნა - ეჰლა საკარტველოში ტსჰენზე ან ვირზე ჯდომა არ შეიზლება და ზროკას ადგილობრივი ანესტეზიიტ ტსველიან. და ყველა ევროპელ მტსვანეს ვუკვარვარტ.

ვჩამტ და ტსოლი მეუბნება - აჰალი მინისტრი გკავტო? ვერაფრიტ ვერ ავუჰსენი, რომ მე ვარ არა ევროპასტან მჩიდრო ინტეგრატსიის სამინისტროს ტანამშრომელი, მე ვარ ევროპულ კანონმდებლობასტან გრმა და კოვლისმომტსველი ჰარმონიზატსიის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუკტსიის კანონმდებლობის ჰარმონიზატსიის დეპარტამენტის პროდუკტსიის გადამუშავების სამმარტველოს მტავარი სპეტსიალისტი. ჩემს ტსოლს კანდაკან სულ არ აინტერესებს დეტალები.

გუშინ დეპარტამენტის უფროსმა გამომიზაჰა და მიტჰრა - „I appreciate what you are doing for deep and comprehensive harmonization, so I want to promote you as head of new sammartvelo of competition policies legislative approximation of”-ო. ეგ ტუ გამოვიდა, კარგია, კელფასიტს მეტი, და ბრიუსელში ვივლი კოველ ტვე. ეს იმის შედეგია, როცა ჩემი კანონპროეკტი საოჯახო მიზნებისტვის ტკემლისა და გოგნაშოს ხარშვის უსაფრტკოების რეგულატსიის შესაჰებ მოეწონა.

აჰლა კარგად გავერკვევი ამ ტოპიკში, რიპორტები დავსირჩე, რატს კი შიდანეტში ეკიდა.

ზველი რიპორტები ოტსდატჰუტმეტი ტსლის ტსინანდელი იკო - ტსოტა გამიჩირდა ტსაკიტჰვა - ოლდნუსკურიტ იკო დატსერილი. ტვალები მეტკინა.

აგმოვაჩინე - ბევრ სოფელში დგემდე ჰმარობენ ტონეებს - ეს ჰოუმმეიდ ბეიკინგ ოვენია თურმე ლოკალ სტაილ. ცოტა ტონეა და ერტი ტსისკვილია რამდენიმე სოფელზე. ანუ ტონეების ოლიგოპოლია და ტსისკვილების მონოპოლიაა. მე ეგრევე ვიფიკრე - ავაშენოტ მუნიტსიპალური ტონეები. დავევიდეოვე ტორნიკეს სოფლების განვიტარების და აკვავების სამინისტროში და მოვუკევი. მიტკრა, ბრილიანტ აიდიააო, მაგრამ გაკოტრდებიანო. მაგას რა ჯობია, დავასუბსიდიროტ-მეტკი. მეტი სუბსიდირება - მეტი სტაბილურობა. ეს ტუ გავიტანე, აკალი სამმარტველო კარგად დაიტსკებს - ლიგალ დრაფტინგიტს ჩემი იკნება, მერე ტენდერები კონსტრატსტიონ-კომიშონინგზე, მუნიტსიპალური ტრეინინგები კაპასიტი ბილდინგისტვის, სუბსიდირება ჩაიდება ეროვნული განვიტარების გეგმაში, ბაჯეტ ეპრუვალი კოველტსლიურად. აუტკამების შეფასების ტსესები. შეიდზლება ოვეროლ ტსალკე სააგენტოც გაჰდეს შესაკმნელი. და მე უფროსი! კუუულ!!! სადმე უნდა ვნაჰო, როგორ გამოიკურება ტონე!

საჰლში მივედი, მამაჩემს მოვუკევი. ნეტა არ მომეკოლა - ტიპური ლიბერტარიანელი ევროსკეპტიკია. დამიტსკო გინება მე და მტავრობას - სულ დზველასოებიანი სიტკვებიტ. ამდენი ყ, ჭ, ძ და ღ არ გამიგია მას მერე, რატს ჩავიჩერი მატემატიკის გამოტსდაში. მამაჩემი იზაჰდა - რას ერჩიტ საკარტველოს, გაანებეტ ტავი, ვერ ჰედავტ, ეკონომიკა არ იზრდება უკვე ოტსი ტსელია და ასე შემდეგ. ეკონომიკა რატომ უნდა გაიზარდოს, რაში გვჭირდება. თქვენი ევროპაც კი გაიზარდა ატ ტსელიტსადში რვა პერსენტიტო! ჩვენ რა, ევროპას ვაჯობოტ? მერე ბრიუსელში ვუტკრატ, ჰარმონიზატსია არ დამტავრდა და ჩვენ გისტსრებტო? ტკვენი ფული აგარ გვინდა, ისედაც კარგად ვარტო?

კიდევ კარგი, მტავრობაში ასე არავინ ფიკრობს - მას შემდეგ, რატს მეტსნიერულად დასაბუტდა, რომ ეკონომიკური ზრდა არ არის მტავარი - მტავარია ჰარმონიული განვიტარება და სიმშვიდე - ანუ ევროჰარმონიზატსია და სტაბილურობა. ის ბნელი პერიოდი, როტსა ეკონომიკა იზრდებოდა სტსრაფად და უკონტროლოდ, ტსარსულს ჩაბარდა. ბლეკ ტენ იარს - 2004-2014. კველას შეეზლო ეკეტებინა, რატს უნდოდა - სრული კაოსი იკო. ინვესტორები პულს აბანდებდნენ, ბიზნესებს ხსნიდნენ, როგორც უნდოდატ, მაგაზიები ვაჩრობდნენ, რიტიტს უნდოდატ, ჩარბ კონკურენტსიას არავინ არეგულირებდა. ეკონომიკა იზრდებოდა ტავისიტ, ეროვნული გეგმის გარეშე. რა დროზე ტსაუსტრეს სოციალისტ-ევროოპტიმისტებმა! აჰლა ალბატ ვიკნებოდიტ სინგაპურივიტ და ჰონკონგივიტ - განვიტარებული ქვეყანა ევროკავშირში მოჰვედრის შანსის გარეშე. ფულსაც არავინ მოგვტსემდა...

მამაჩემისნაირები რეტროგრადები ბევრნი არიან, მაგრამ დგეს ეგენი არ ტსკვეტენ საკარტველოს ბედს. კიდევ ოტსდაატი ტსელი და ჩვენც ევროკავშირში ვიკნებიტ.

გვტსკალობდეს ბრიუსელი!

ვსიო ნარმალნო დღეს.

ჯერ ერთი, შვილს სამუშაო გავუჩალიჩე - მომავალ თვეში სტროიკაზე პრარაბის პამოშნიკად წავა და 20 000 ლარს მიიღებს ჩისტიმი და უფასო სპეცოვკას. მაგას ჩემს მაყუთს დავუმატებ და ველოსიპედს გამოვიყვან პოსლეზე. მერე მთავარია, რასსროჩკა არ გავაცდინო.

მეორე - გუშინწინდელი ხაჭაპურები იყიდებოდა ძალიან იაფად. სამივე ნაჭერი ვიყიდე, სახლში გავხუხავ კერასინკაზე. ეტყობა, საქონლის ჩამოფასების საქალაქო სამსახურს რაღაც შეეშალა და დიდი სკიდკა დაუანგარიშა მაღაზიას. ძაან ვკაიფობ ამეებზე - თვეში ერთი სტო ტისჩ კი შეიძლება დაზოგო, თუ სულ დადიხარ და ცენნიკებს და ნაკლეიკებს ამოწმებ. გაუმარჯოს ჩამოფასებას!

მესამე - ჩვენი პადიეზდის შეხვედრა იყო აღმასკომის კომუნხოზის უფროსის ზამთან, ხუთი წლის წინ რომ კრიშაზე ჟეშტი აგძვრათ და გაწვიმდათ, გეშველათო. პრეზიდენტმა ვნეპლანოვი ჟეშტი გამოგიყოთ 20 მეტრკვადრატაო. სამ თვეში შემოიტანენ საქართველოში ათ ვაგონ ჟეშტს, მიხვალთ პრომბაზაში და წამოიღებთო. აჰამც თქვენი ნაკლადნოიო. ვენაცვალე მაგას - როგორც დაგვპირდნენ შარშანწინ წინასაარჩევნოდ, ისე გააკეთეს. მალადეც!

მეოთხე - ჩემმა ცოლმა კბილი ამოიღო - ორი თვის წინ ასტკივდა, სულ ყმუოდა, ამოღებაზე ჩავეწერეთ, რიგი ოთხი თვის იყო, მაგრამ მთავრობამ კიდევ სამ სტომატოლოგს მისცა რაზრეშენიე, რომ ემუშავათ და უცბად რიგი წავიდა. გაუმარჯოს მთავრობას!

მეხუთე - ჯიშისა და ჯილაგის ლიგის პრეზიდენტი ვოვა უცმაცუნაშვილი დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად. მაგარი კაცია, ჩემ წინ სწავლობდა პიისიატპიატიში. მაგას დიდი სვიაზები აქვს რუსეთში. ვოვა ჯერ ციმბირში სეტკით და გლუშიტელებით ვაჭრობდა, მერე პადმასკოვიეში რესტორანი გახსნა. იქ ერთი სტუდენტი დაუდიოდა, სახინკლაოდ. ახლა ის კაცი გამხდარა პუტინის პამოშნიკის სეკრეტარიატის მთავარი კამპიუტერშიკი - ჩემი ყურით მოვისმინე ჯიშჯილაგლიგის სხოდკაზე - დაჭრილი სასისკები უნდა გაეყიდათ, და მივედი.

ბატონი ვოვა თვითონ მოყვა. ჩერეზ ეგ კაცი, კანალი მაქვს სტაპრაცენტნი პუტინზეო.

ახლა განაცხადა, დასავლეთ საქართველოს სოფლებისთვის ქალაქ ხაშურს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც გასაღების ბაზარს. ამიტომ ჩემს თავზე ავიღებ, რომ ხაშურში დევნილები დაბრუნდნენ და ვაჭრობას ხელი არ შეეშალოსო! ასევე თიანეთშიო. კანეჩნა, უნდათ დევნილებს იქ წასვლა - რუსეთის პასპორტებს აძლევენ, პენსიები აქვთ მაღალი - ჩვენ ფულზე 80 000 ლარი - შეგიძლია, ყოველდღე ბუხანკა პური იყიდო, თვეში ერთხელ ტუშონკა გეკუთვნის. მეც წავიდოდი, მაგრამ სპრავკა არ მაქვს, რომ იქაური პრაპისკა მქონდა. ყიდვა შეიძლება მაგ სპრავკის, პასპარტისტკა მყავს ნაცნობი, ოთხი მილიონი და ვსიო. ერთი ჩემი ნაცნობი დაბრუნდა ეგრე ქარელში, ახლა თვეში ერთხელ სოჩი-ერევნის მატარებლის პრავადნიკს ერთ მეშოკ სუხარს ატანს ცოლთან.

კიდო ვოვამ თქვა, არ დაგავიწყდეთ, რუსეთი ერთმორწმუნე ქვეყანაა, ქართველები ისე უყვართ, ვერ წარმოიდგენთო. ჩემი სეხნია, დიდი ვოვა, ქართულ ღვინოს სვამს და ნაბეღლავს - პახმელიაზე. ამიტომ ამბობს, „без Грузии не протяну и дня”-ო. პატარა ბიჭი ხომ არ არის, პად ძევიანოსტოა. და, თურმე, რვა აგვისტოს ქართულ ეკლესიაში დადის. ვოვა ვივა!

მეექვსე - მთავრობამ თქვა, რომ უცხოური ვალუტის შემოსვლისთვის ბრძოლის გაგრძელების ამბავში, რესტორნებსა და სასტუმროებს შეეძლებათ, თვითონ დააწესონ ფასები. ხუთივე რესტორანს შეეძლება, მარგარინზე ერბოკვერცხიც, მაკარონის ხაჭაპურიცა და პურის კატლეტიც გაყიდოს თავისუფალ ფასში. კანეჩნა, ფასების ცენტრალური საკალკულაციო ბიუროს ინფორმირებით. სახელმწიფო სასტუმრო „დიადი საქართველო” (ადრე რომ მარიოტი იყო) და მუნიციპალური სასტუმრო „ერთმორწმუნე მეზობელი” (ადრე შერატონი) მიიღებენ უფლებას, რომელიც ადრე ჰქონდა მხოლოდ სასტუმრო „სათნოებას”. ჯერ არ მომეწონა, მაგრამ მერე დიქტორმა თქვა - სამაგიეროდ, მოსახლეობის სოციალური შეჭირვებულობიდან გამომდინარე, მცირდება ფასი რესტორნებში პურზეო. აი, ეგრე! ყოჩაღ, მთავრობავ! მაგარი ჭკვიანები არიან - იქით აწიეს, აქეთ დაწიეს! რავნავესიეა!
მეშვიდე - კუბოს შეკვეთაზე რიგმა მომიწია. შარშანწინ ჩემი სიმამრი მოკვდა და ლიმიტი ამოგვეწურა. და რომ მოვმკვდარიყავით ვინმე, უკუბოოდ დაგვმარხავდნენ. ახლა ერთ ბეზრაზმერნი კუბოს შევუკვეთავ, მომავალ წელს ოსეთიდან ჩამოიტანენ - იქ კი აკეთებენ, მაგრამ რუსული ქარხანაა და მაგარი კუბოები აქვთ - ნამდვილი რუსული ხარისხი. გინდა მე მოვკვდე, გინდა ჩემი ცოლი, გინდა შვილი - ყველას მოგვერგება, მაშ! მამენტ, ორნიც ჩავეტევით.

ეგ კარგია, ოსეთთან ზავს რომ მოვაწერეთ ხელი - თორემ იქამდე ძალიან ჭირდა. იმასთან შედარებით მაგარი აბლეგჩენიაა.

ჩემი მეზობელი მეუბნება, ეგ ოსეთის ზავის გამო კი არ ვართ უკეთესად, პროსტა, მთავრობა რომ ოცი წლის წინ ეროვნული ეკონომიკური განვითარების ხუთწლიან გეგმებზე გადავიდა, ფასების კანტროლი დაიწყო და გაყიდული ქონება ისევ ხალხს დაუბრუნა, ამან მხოლოდ ახლა გამაიღო შედეგიო.

რატომ-მეთქი, მარტო ახლა?
მაშინ, პროსტა, დიდი კომპიუტერები არ გვქონდა და ახლა გვაჩუქა ჩრდილო კორეის მთავრობამ ოთხი ცალი. ნახმარია, მაგრამ ყველაფერს ზუსტად თვლიანო. ისე, ჩვენს ქუჩაზე ერთ შენობას აწერია: „სსიპ „ეროვნული ეკონომიკური განვითარების ხუთწლიანი გეგმის კვარტალური ჭრილის მთავარი პრიორიტეტების ზუსტად განსაზღვრის რესპუბლიკური სამსახურის ცენტრალური გამოთვლითი ცენტრი”. პა კრაინეი მერე, ამ ბოლო დროს შიგნით რაღაც ზუზუნებს.

მაგრამ მე მაინც მგონია, ოსეთთან მირნი დაგავორია პრიჩინა. მაინც დიდი საქმე გააკეთა წმინდა მეფის, ერეკლე მეორის (ბაგრატიონის) და წმინდა მოღვაწის, სერგო წამებულის (ორჯონიკიძის) სახალხო-კონსერვატიულმა ეროვნულ-სამართლიანმა ფორუმმა (ჩემი ქვისლია მანდ დაცვაში).
თან ჩვენი ეკლესიის იურისდიქცია აღდგა ოსეთში. საშვილიშვილო რამ გაკეთდა. მაგას მაგრა უშველა, რო პუტინი რუსეთის პატრიარქი გახდა.
ზნაჩიტ, შვიდი საქმე გამოვიდა უდაჩნი.

ხვალისთვის ჩავითქვი - მთავრობამ გამოაცხადოს, რომ დენი გვექნება სამი საათი ყოველდღე. მაშინ ვარკეთილში მშენებარე სასწაულმოქმედი სერაფიმ საროველის ტაძარს საშვილიშვილოდ გადანახულ ათივე აგურს შევწირავ. ბლია ბუდუ!

ერთი რამ კი მაგრა მეწყინა - გაზმანოვს ხმა დაუკარგავს.

გაზმანოვის ხმაზე წავალ, პატარა ჭიქას წავაქცევ.

კომენტარები