ეპიდემიოლოგია

ჯონ სნოუ და თანამედროვე ეპიდემიოლოგიის წარმოშობა

ჯონ სნოუ

ჯონ სნოუ XIX საუკუნის ინგლისელი ექიმი იყო, რომელიც ეპიდემიოლოგიის მამად მიიჩნევა. სნოუ პირველი ადამიანი იყო, ვინც წარმატებით გამოიყენა რუკები და მონაცემები დაავადების გავრცელების წყაროს დასადგენად.

ჯონ სნოუ 1813 წლის მაისში იორკის ყველაზე ღარიბ სამეზობლოში დაიბადა. ბავშვობაში ის განსაკუთრებით ნიჭიერი იყო და მათემატიკისკენ ძლიერი მიდრეკილებით გამოირჩეოდა. დედამისმა, რომელმაც ამოიცნო სნოუს აკადემიური ნიჭი, ის მცირე ოდენობით ფული, რომელიც მემკვიდრეობით ერგო, სნოუს კერძო სკოლაში განათლების მიღებაში დააბანდა.

1831 წელს ევროპაში ქოლერას ეპიდემია დაიწყო. სნოუ მაშინ 14 წლის იყო და ნიუქასლში, ექიმ უილიამ ჰარდქასლის შეგირდად მუშაობდა. 1832 წელს ქოლერისგან მძიმედ იტანჯებოდა იორკის მახლობლად მდებარე ქვანახშირის მომპოვებელი სოფელი. ექიმ ჰარდქასლს იმდენად ბევრი პაციენტი ჰყავდა, რომ სოფელში პაციენტების მოსავლელად ახალგაზრდა სნოუს წარგზავნა მოუწია.

ქოლერა დაავადებულებში მძიმე დიარეას და პირღებინებას იწვევს, რასაც სწრაფი დეჰიდრატაცია მოჰყვება, რაც ხშირად მომაკვდინებელი იყო. საუბედუროდ, მაშინ სნოუს თითქმის არაფრის გაკეთება არ შეეძლო პაციენტებისთვის. ქოლერის მკურნალობისთვის მაშინ გამოიყენებოდა ოპიუმი, ბრენდი და ბაღის პიტნა; არცერთი მათგანი არ იყო ეფექტური. ეპიდემია რამდენიმე თვის შემდეგ დასრულდა, ქოლერამ საერთო ჯამში 50 000 ზე მეტი ბრიტანელი იმსხვერპლა. დაავადებასთან ბრძოლაში განცდილმა უიმედობამ დიდი დაღი დაასვა სნოუს.

1837 წელს სნოუმ  მუშაობა  დიწყო ვესტმინსტერის საავადმყოფოში და ერთი წლის შემდეგ ინგლისში ქირურგთა სამეფო კოლეჯის წევრი გახდა. 1844 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ლონდონის უნივერსიტეტისგან, რის შემდეგაც  ზოგადი პრაქტიკის ექიმად და ქირურგად დაიწყო მუშაობა. რამდენიმე წლის განმავლობაში სნოუ საგულდაგულოდ იკვლევდა სხვადასხვა საანესთეზიო საშუალებების ეფექტებს. მაშინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ ქირურგს გამოეყენებინა ან ზედმეტად მცირე ოდენობით ანესთეტიკი და შედეგად პაციენტი ოპერაციის დროს იღვიძებდა, ან ზედმეტად ბევრი ანესთეტიკი, რასაც შეეძლო სიკვდილი გამოეწვია. სნოუ იყო ერთ-ერთი პირველი ექიმი, ვინც  შეისწავლა ეთერისა და ქლოროფორმის დოზები, რომლებიც ოპერაციისთვის იყო საჭირო. მრავალი წლის განმავლობაში სნოუ ეთერისა და ქლოროფორმის ზემოქმედებას საკუთარ თავზე ამოწმებდა, რის შედეგადაც შეეძლო დაედგინა ანესთეტიკის ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელსაც პაციენტი გაუმკლავდებოდა.

საანესთეზიო ინჰალატორის შექმნის შემდეგ, მან თავისი მიგნებების შესახებ დაწერა 1847 წელს გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოში “აორთქლებადი ეთერის ინჰალაცია ქირურგიული ოპერაციებისას”. ამ სახელმძღვანელომ სნოუს  ცნობადობა მოუტანა მთელი ბრიტანეთის მასშტაბით, როგორც ყველაზე გამოჩენილ აენესთეზიოლოგს.

ანესთეზიოლოგიის დარგში შთამბეჭდავი მიღწევების მიუხედავად, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი წლების შემდეგ გამოქვეყნდა. ლონდონში გავრცელებული ქოლერის ეპიდემიების შესახებ ექიმების უმეტესობა ფიქრობდა, რომ ქოლერისა და შავი ჭირის მსგავსი დაავადებები გამოწვეულია დაბინძურებული ჰაერის “მიაზმებით.” დაავადების მიკრობული თეორია ჯერ კიდევ არ იყო შემუშავებული. ამის მიუხედავად, სნოუმ გამოთქვა ვარაუდი, რომ ამ დაავადებებს პატარა ზომის უხილავი პარაზიტები იწვევენ.

1848 წელს ქოლერის ახალი ეპიდემია დაიწყო და სნოუმ გადაწყვიტა თვალი მიედევნებინა დაავადების წყაროსთვის და დაედგინა, თუ როგორ ვრცელდება ის. ბევრი პაციენტის გასინჯვის შემდეგ სნოუმ შენიშნა, რომ პირველი სიმპტომები ყოველთვის საჭმლის მომნელებელები ტრაქტის პრობლემები იყო და გამოთქვა თეორია, რომ დაავადება საკვებით ან წყლით უნდა ვრცელდებოდეს. ქოლერა, რომ დაბინძურებული ჰაერიდან ვრცელდებოდეს, როგორც ამას მიაზმური თეორიის მომხრეები ამტკიცებდნენ, მაშინ ლოგიკურად პირველი სიმპტომები ცხვირში და ფილტვებში უნდა იწყებოდეს. სნოუ ასევე მიხვდა, რომ მძიმე დიარეა, რომელიც ქოლერის მიერ იყო გამოწვეული, შესაძლოა ყოფილიყო მიკრობის გავრცელების მექანიზმიც. თუ სახიფათო მიკრობი გვხვდება პაციენტების განავალში, რომელიც დააბინძურებდა წყლის მომარაგებას, ეს უხილავი პარაზიტები სხვა ადამიანებშიც გავრცელდებოდნენ.

1849 წელს სნოუმ გადაწყვიტა, რომ თავისი ხარჯებით გამოექვეყნებინა პამფლეტი, რომელშიც შეაჯამებდა თავის მოსაზრებებს ქოლერის გავრცელებაზე. მისი სათაური იყო “ქოლერას გადაცემის გზების შესახებ.” მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომს მცირე გავლენა ჰქონდა მისი კოლეგების აზროვნებაზე, ის მტკიცედ აგრძელებდა თავის კვლევებს.

1854 წელს დაიწყო ქოლერის კიდევ ერთი ეპიდემია ლონდონის სოჰოს სამეზობლოში. სნოუმ აღმოაჩინა, რომ 73 მსხვერპლიდან 61 წყალს სვამდა საერთო ტუმბოდან, რომელიც განთავსებული იყო ბროუდ-სტრიტზე. ამ ტუმბოს წყლის მიკროსკოპულ გამოკვლევას შედეგი არ მოჰყვა. თუმცა, სნოუმ ააგო ქოლერის შემთხვევების რაოდენობისა და მდებარეობის გრაფიკი იმ ტერიტორიის რუკაზე, რათა დაედგინა კორელაცია ქოლერის ინფექციების შემთხვევებსა და ბროუდ სტრიტის ტუმბოს შორის. მომდევნო თვეში სნოუმ აჩვენა ეს მტკიცებულებები ხელისუფლების წარმომადგენლებს და რეკომენდაცია მისცა, რომ მოეხსნათ ტუმბოს სახელური, რათა ინფიცირებული ჭიდან წყლის ამოღება შეუძლებელი გამხდარიყო. ხელისუფლების წარმომადგენლები სკეპტიკურად უყურებდნენ სნოუს თეორიას, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის მოხსნეს ტუმბოს სახელური, რის შედეგადაც ქოლერის ეპიდემია მალევე დასრულდა.

მკვლევრებმა შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ბროუდ სტრიტის ჭა ამოთხრილი იყო საკანალიზაციო თხრილიდან მხოლოდ ერთი მეტრის დაშორებით, საიდანაც ჟონავდა ფეკალური ბაქტერიები - აღმოჩენა, რომელმაც დაადასტურა სნოუს თეორია.

1854 წელს სნოუმ დაიწყო კიდევ ერთი პროექტი სახელად - “დიდი ექსპერიმენტი”. მან დაიწყო ქოლერას სიკვდილიანობის სიხშირის შედარება დასახლებებში, რომლებსაც წყალს აწვდიდა ორი სხვადასხვა კომპანია.

სნოუმ დაადგინა, რომ კომპანია “საუსვარკი და ვოქსჰოლი” იყენებდა წყალს მდინარის კანალიზაციით დაბინძურებული ნაწილისგან, მაშინ როცა კომპანია ლამბეთი იყენებდა წყალს ტემზის ზემო შესართავიდან - რომელიც ურბანული დაბინძურებისგან დიდი მანძილით იყო დაშორებული. სნოუმ შექმნა წერტილოვანი რუკები და გამოიყენა სტატისტიკა, რათა დაედგინა კორელაცია წყლის ხარისხსა და ქოლერის განსხვავებულ ავადობას შორის.

1855 წელს სნოუმ გააფართოვა თავისი 1848 წლის პამფლეტი “ქოლერის გადაცემის გზების შესახებ” უფრო დიდ წიგნში, რომელიც ყველა თავისი კვლევის დეტალს მოიცავდა.

დღეს სნოუს ნაშრომები ითვლება უდიდეს მოვლენად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რუკები და მონაცემები გამოყენებული იყო დაავადების წყაროს დასადგენად. სნოუს ამ წიგნს ეპიდემიოლოგიის დამფუძნებელ ტექსტად მიიჩნევენ. თუმცა, მიუხედავად ნაშრომის ისტორიული მნიშვნელობისა, სნოუს თანამედროვე კრიტიკოსები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები არ იყვნენ შთაბეჭდილების ქვეშ და ამბობდნენ რომ ტემზაში წყლის უზარმაზარი რაოდენობა საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი შხამის გასანეიტრალებლად.

სნოუს შორსმჭვრეტელობა არ იყო სათანადოდ დაფასებული 1860 წლამდე, როდესაც ლუი პასტერმა წარმატებით დაამტკიცა დაავადებათა მიკრობული თეორია. სამწუხაროდ სნოუ ვერ მოესწრო თავისი ნაშრომის ფართო აღიარებას, რადგან 1858 წლის 16 ივნისს ინსულტისგან გარდაიცვალა. ის მხოლოდ 45 წლის იყო.

ჯონ სნოუს მიერ შედგენილი ქოლერის გავრცელების რუკა სოჰოს დასახლებაში

კომენტარები