საზოგადოებრივი მაუწყებელი

IDFI: 45 მლნ სესხის და რეფორმირების მიუხედავად, საზმაუს რეიტინგი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევას, რომელშიც განხილულია საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების პროცესი 2017-19 წლებში და მოჰყვა თუ არა ამ პროცესს სასურველი შედეგები. 

IDFI-მ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ინფორმაცია გამოითხოვა საშტატო ნუსხის, შტატგარეშე თანამშრომლების, გადაცემების რეიტინგების შესახებ, თუმცა მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხი ვერ მიიღო, ამის მიზეზი კი საშტატო განრიგის არარსებობაა. 

IDFI-ს კვლევის მიგნებები ასეთია:

"-საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, 2019 წელს დამტკიცებული ბიუჯეტი აღებული სესხის ხარჯზე, გასულ წელთან შედარებით, 93%-ით გაიზარდა და 96 მლნ 970 ათასი ლარი შეადგინა.

- აღნიშნული სესხის მიზნობრიობა ტექნიკური გადაიარაღება იყო, თუმცა სასესხო თანხის ათვისება 2019 წელს ვერ მოხერხდა. 2020 წლის ბიუჯეტში 7 მილიონი ლარი სწორედ ამ გაუხარჯავი სესხის მომსახურებას უკავია.

- საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობის 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ტენდერზე წინადადებების მიღება 2020 წლის სექტემბერში იწყება. ძველი შენობის აუქციონის პირობების თანახმად კი, მაუწყებელი ახალ შენობაში გადასვლას 2023 წელს გეგმავს.

- საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასაჯაროებს, როგორც არხის წლიურ, ასევე ცალკეულ გადაცემათა რეიტინგებს.

- TVMR-ის ყოველკვირეული მონაცემებით, გამოთვლილი წლიური რეიტინგის თანახმად, მაუწყებლის ბაზრის წილმა 5.11% შეადგინა. 2017 წლის მაღლაფერიძის გეგმის მიხედვით კი, 2019 წლისთვის პირველი არხის რეიტინგი 15%-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.

- 2019 წლის ყველაზე მაღალ ხარჯიანი გადაცემები „მასტერშეფი” და „საქართველოს ვარსკვლავი” იყო. ამავე გადაცემებზე დაფიქსირდა ყველაზე მაღალი რეიტინგი, შესაბამისად -  8.91% და 8.60%.

- მაუწყებელში კვლავაც არ არის დამტკიცებული საშტატო განრიგი, რაც მაუწყებელში დასაქმებულთათვის არასტაბილურ გარემოს ქმნის."

IDFI-ს თანახმად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეფორმის გასაგრძელებლად 45 მილიონი ლარის სესხი აიღო, თუმცა გაურკვეველია მიაღწევს თუ არა ის სასურველ შედეგს ამ თანხის გამოყენებით. 

"ჩვენი მონაცემებით, 2018-2019 წლებში მაუწყებლის რეიტინგს ჰქონდა უმნიშვნელო ზრდა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის არსებული ზრდა მეტწილად გამოწვეულია არხზე დაწყებული ახალი პროექტებითა და მეგაშოუებით. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონით განსაზღვრული როლიდან გამომდინარე, კითხვები ჩნდება, რამდენად ემსახურება აღნიშნული გადაცემები საზოგადოებრივ სიკეთეს". - წერია კვლევაში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიაა, მისი დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც შეადგენს წინა წლისათვის განსაზღვრული მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14%-ს. 2014 წლიდან მოყოლებული, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება. 

IDFI-ის თანახმად, რეფორმის დაწყებიდან მაუწყებლობის ფინანსური რესურსები გაორმაგდა და რეფორმის კაპიტალურ ნაწილზე დაახლოებით 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტი ვასილ მაღლაფერიძემ 18 აგვისტოს დატოვა, თუმცა თანამდებობის დატოვების მიზეზად რეიტინგი არ დაუსახელებია.

"2017 წლის დასაწყისში ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 15%-ზე მეტი არ იქნებოდა 2019 წლისთვის, ის გადადგებოდა დაკავებული თანამდებობიდან. TVMR-ის მონაცემებიდან ჩანს, რომ მაუწყებლის რეიტინგმა 2019 წლისთვის ვერ მიაღწია სასურველ ნიშნულს.მაღლაფერიძე 2020 წლის 18 აგვისტოს გადადგა, თუმცა თანამდებობის დატოვების მიზეზად რეიტინგის პრობლემა არ დაუსახელებია". – წერია კვლევაში.

 

 

კომენტარები