პატრიოტთა ალიანსი

ხვიჩია "პატრიოტების" ბანერზე: მირჩევნია ავიტანო, ვიდრე პოლიციას მისი ჩამოხევა ვთხოვო

ტაბულა

გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში, იაგო ხვიჩია აჭარაში პატრიოტთა ალიანსის ბანერის ჩამოხსნას ეხმაურება

როგორც ის ტელეკომპანია პირველთან საუბარში აღნიშნავს, ბანერი ძალიან ცუდი და ამაზრზენია, თუმცა გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და "ის იცავს არა იმას, რაც ყველასთვის მოსაწონია, არამედ იმას, რაც არავის მოსწონს".

"მე ამის მორალურ შეფასებას ძალიან თამამად გავაკეთებ. აქ საუბარია სამართლებრივ შეფასებაზე. ეს დაშვებული უნდა იყოს თუ არა კანონით. მე ვიცი, რომ ეს მორალურად არ უნდა იყოს დაშვებული, ამის მორალური ფასი პატრიოტთა ალიანსმა უნდა გადაიხადოს, მაგრამ რომ მოდიოდეს ზედამხედველობის სამსახური და ხევდეს პლაკატებს, იმიტომ რომ ანტისახელმწიფოებრივად მოეჩვენა, ამ ფორმულის გამოყენება სხვადასხვა დროს სახელმწიფო სისტემის მიერ არის საშიში და მე მინდა ეს საშიშროება გამოვრიცხო და ავიტანო, სიტყვაზე იმ პლაკატის გაკვრა, ვიდრე პოლიციას ვთხოვო იმ პლაკატის ჩამოხევა. ადამიანს აქვს ყველაფრის თქმის უფლება". – ამბობს ხვიჩია. 

აჭარაში პატრიოტთა ალიანსის ბანერი ლელოს აქტივისტებმა 29 აგვისტოს ჩამოხსნეს.  

"დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო" – წერია პრორუსული პარტიის ბანერზე. ბანერზე აჭარა მონიშნულია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია. პატრიოტთა ალიანსი ოკუპანტად თურქეთს მიიჩნევს.

სარეკლამო ბანერს გამოეხმაურნენ ქართული ოცნების წევრებიც. "შმატრიოტები" - დაწერა ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძის თქმით კი, მას ბანერი "ფეიკი" ეგონა. მისივე სიტყვებით, ეს "რუსული დაკვეთაა საქართველოს წინააღმდეგ". 

ევროპული საქართველოს წევრის და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, სარეკლამო ბანერი ტყუილით შუღლის გაღვივებაა. ხატია დეკანოიძემ კი მოითხოვა, პატრიოტთა ალიანსი, როგორც საარჩევნო სუბიექტი, მოიხსნას არჩევნებიდან, ხოლო პარტიის რეკლამა, სადაც პირდაპირ რუსული პროპაგანდაა - დაუყოვნებლივ ჩამოიხსნას. 

თავად პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი მისი ბანერის "არასწორად გაფერადებას" ქვეყნის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიას აბრალებს

ინაშვილი ამტკიცებს, რომ ბანერი პოლიტსაბჭოზე განსხვავებული სახით მიიღეს და მასზე "აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ როგორც ყურადღების მიპყრობის ცენტრი, წარწერით - sos!" 

კომენტარები