ხმელთაშუა ზღვა

ხმელთაშუა ზღვაში საბერძნეთის საზღვაო წვრთნებში საფრანგეთიც ჩაერთვება

CNN

ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო წვრთნებს საბერძნეთი და თურქეთი ერთდროულად ატარებენ. საბერძნეთის საზღვაო წვრთნებში ჩართულები არიან კვიპროსი და იტალიაც. 26 აგვისტოდან 28 აგვისტომდე წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის შეიარაღებული ძალებიც, კონკრეტულად კი საბრძოლო თვითმფრინავები, ერთი ფრეგატი და ვერტმფრენი.

პირველად წვრთნები თურქეთმა დააანონსა და ხომალდებს მოუწოდა თავი შეიკავონ ამ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.

მოგვიანებით საბერძნეთმა გამოაცხადა, რომ წვრთნებს ისინიც ჩაატარებენ და მისიაში სეისმური კვლევითი ხომალდიც მიიღებს მონაწილეობას. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს ფლოტი და საჰაერო ძალებიც.

წვრთნები გუშინ, 25 აგვისტოს დაიწყო.

დაძაბულობის განსამუხტად ათენს და ანკარას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი ეწვია.

"საბერძნეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებების ფანჯარა კიდევ უფრო უნდა გაიხსნას და არ დაიკეტოს. გარდა ამისა, პროვოკაციების ნაცვლად, ახლა გვჭირდება ნაბიჯები, რომლებიც დაძაბულობას შეამცირებს და პირდაპირ დისკუსიას შეუწყობს ხელს". – თქვა მაასმა ვიზიტის წინ.

თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზი ხმელთაშუა ზღვაში, კრეტისა და კვიპროსის კუნძულების მახლობლად, სადავო წყლებში აღმოჩენილი ნავთობის და გაზის საბადოებია.

გარდა ამისა ურთიერთობები დაძაბულია თურქეთსა და საფრანგეთს შორისაც. უთანხმოების მთავარ საკითხს ლიბია წარმოადგენს. თურქეთი ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას ხალიფა ჰაფთარის წინააღმდეგ საბრძოლველად საჰაერო მხარდაჭერით, იარაღითა და მებრძოლებით ეხმარება.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ლიბიაში თურქეთის სამხედრო ინტერვენციას არ მოითმენენ.

“უკვე მქონდა შესაძლებლობა, პრეზიდენტ ერდოღანისთვის ნათლად მეთქვა, მივიჩნევ, რომ დღეს თურქეთი ლიბიაში სახიფათო თამაშს თამაშობს და ბერლინის კონფერენციაზე აღებული ყველა პასუხისმგებლობის წინააღმდეგ მიდის”. – თქვა მაკრონმა. 

ოფიციალური პარიზი ჰაფთარის პოლიტიკურ მხარდაჭერაში დაადანაშაულეს, ვინაიდან ის ჰაფთარს ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ ბრძოლაში სამხედრო ძალით დაეხმარა. საფრანგეთი უარყოფს ხალიფა ჰაფთარის მხარდაჭერას, თუმცა აქტიურად აკრიტიკებს თურქეთს. 

გასულ კვირას ლიბიაში დაპირისპირებულმა მხარეებმა, გაეროს მიერ აღიარებულმა მთავრობამ და ხალიფა ჰაფთარმა გამოაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მათ დამოუკიდებელი განცხადებები გაავრცელეს, რომლებშიც ნათქვამია, რომ დაპირისპირების შეწყვეტა და უახლოეს მომავალში არჩევნების ჩატარება სურთ.

2011 წელს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. დედაქალაქ ტრიპოლის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს.

ლიბიის კონფლიქტში ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები ხალიფა ჰაფთარს უჭერენ მხარს. ჰაფთარის ძალებთან ერთად იბრძვიან დაქირავებული რუსი სამხედროებიც.

ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას სამხედრო ძალებით მხარს უჭერს თურქეთი. მას შემდეგ, რაც ტრიპოლის მთავრობამ ხალიფა ჰაფთარის ძალები დასავლეთ ლიბიის უმეტესი ნაწილიდან გააძევა და მათ ქალაქ სურთამდე მოუხდათ უკან დახევა, გაჩნდა საფრთხე, რომ კონფლიქტი რეგიონული ძალების დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა.

ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტა დაპირისპირებულმა მხარეებმა წარსულშიც გამოაცხადეს, თუმცა მოლაპარაკებები, რომლებშიც რუსეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილეობდნენ, უშედეგოდ დასრულდა და დაპირისპირება კვლავ განახლდა.

კომენტარები