კირილ სერებრენნიკოვი

რუს რეჟისორს, კირილ სერებრენნიკოვს სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუფარდა

Euronews

რუს რეჟისორს, კირილ სერებრენნიკოვს, მოსკოვის სასამართლომ პირობითი სასჯელი და ჯარიმა შეუფარდა. 

გახმაურებულ საქმეში სერებრენნიკოვის გარდა კიდევ ორი ეჭვმიტანილი ფიგურირებდა - კულტურის სამინისტროს ხელოვნების მხარდაჭერის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი სოფია აპფელბაუმი და თეატრ Гоголь-центр-ის დირექტორი ალექსეი მალობროდსკი. 

მოსამართლემ რეჟისორს სამწლიანი პირობითი სასჯელი და 200 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მალობროდსკის ორწლიანი პირობითი პატიმრობა და 300 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა მიესაჯა. 100 000-რუბლიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს აპფელბაუმს. გარდა ამისა ბრალდებულებმა კულტურის სამინისტროს 129 მილიონი რუბლი უნდა აუნაზღაურონ, რომლის გაფლანგვაშიც სერებრენნიკოვი, აპფელბაუმი და მალობროდსკი იყვნენ ეჭვმიტანილები. ამ ეტაპზე მსჯავრდებულების პირადი ქონება დაყადაღებულია.

რუსეთის მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილი სერებრენნიკოვის მხარდასაჭერად სასამართლოს შენობასთან ათასობით მოქალაქე მივიდა. საზოგადოების ნაწილის აზრით, დაპატიმრებას პოლიტიკური მოტივი აქვს და საქმე ფალსიფიცირებულია. სერებრენნიკოვმა წარსულში პუტინის ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკა.  

რეჟისორი 2017 წლიდან შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, რის გამოც თავისი უკანასკნელი ფილმის Лето-ს პრემიერას კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვერ დაესწრო. სურათი 80-იანი წლების ანდერგრაუნდ მუსიკოსების მაიკ ნაუმენკოს და ვიქტორ ცოის ბიოგრაფიას ეფუძნება.

კომენტარები