იდლიბის პროვინცია

სირიის იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის თავდასხმას 4 თურქი სამხედრო ემსხვერპლა

Al Jazeera

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, სირიის იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულ დაბომბვას 4 თურქი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. მათივე ინფორმაციით თურქეთმა საპასუხო ზომები დაუყოვნებლივ მიიღო და რეგიონში რამდენიმე სამიზნე გაანადგურა.

"სირიის მთავრობის ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმა მიმართული იყო იდლიბში დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად ჩვენს მიერ გაგზავნილი დამატებითი ძალების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოზიციების შესახებ კოორდინაცია მანამდე მოხდა." ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თუ სირიის ჩრდილო-დასავლეთით იდლიბის პროვინციაში კონფლიქტი არ გადაიჭრება თურქეთმა შესაძლოა სამხედრო ოპერაცია დაიწყოს. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თურქეთი მიგრანტების ახალ ტალღას ვერ გაუმკლავდება და არ დაუშვებს მის საზღვრებს ახალი საფრთხე შეექმნას.

ასადის რეჟიმმა და რუსეთმა საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო კამპანია ოპოზიციის უკანასკნელ პოზიციებზე გასული წლის 26 აპრილს დაიწყეს. მას შემდეგ 11,500-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის გამოიყენეს იარაღი, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს. თავდასხმების სამიზნეს სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოებიც წარმოადგენდა.

რუსეთმა და თურქეთმა 2018 წლის სექტემბერში იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.

მონიტორიგნის ორგანიზაციების ინფორმაციით გასული წლის აპრილის შემდეგ სირიის მთავრობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა დაბომბვებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1,300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა.

ასადის ძალები იდლიბზე თავდასხმას აგრძელებენ და რამდენიმე ქალაქი აიღეს.

კომენტარები