პლანეტის უმდიდრესი ადამიანები

რამდენიმე საათის შუალედში მარკ ზაკერბერგის ქონება $5 მილიარდით შემცირდა

მარკ ცუკერბერგი
Reuters

Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ზაკერბერგის ქონება დღის განმავლობაში 5 მილიარდი დოლარით შემცირდა. მას შემდეგ, რაც კომპანიამ გასული წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, აქციების ფასმა 7%-ით დაიკლო, პირადად ზაკერბერგის ქონება კი, 82,6 მილიარდი დოლარიდან 77 მილიარდამდე შემცირდა. 2018 წლის მონაცემებით, ზაკერბერგს 9,4 მილიონი აქცია ეკუთვნის. 

2019 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის მოგება გაზრდილია, თუმცა უფრო მეტად არის გაზრდილი ხარჯები. გასულ წელს Facebook-ის მოგებამ 25%-ით მეტი, 21,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. 7%-ით, 7,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგებაც. 

პარალელურად, 2019 წელს 46 მილიარდ დოლარს მიაღწია კომპანიის ხარჯებმა, რაც წინა წელთან შედარებით, 51%-ით მეტია. ამავდროულად, 45 ათასამდე გაიზარდა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების რიცხვი. კომპანიის პროგნოზით, ხარჯების ზრდა 2020 წელსაც გაგრძელდება. სავარაუდოდ, მაჩვენებელი 59 მილიარდ დოლარამდე აიწევს.

2019 წელს გაიზარდა რეკლამიდან მიღებული შემოსავლებიც და 20 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ბოლო ორი წელი კომპანიისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამ დროის განმავლობაში Facebook-ი რამდენიმე მსხვილ სკანდალში გაეხვა. მათ შორის იყო კემბრიჯ ანალიტიკას საქმეც. ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, 2019 წელს კომპანიის აქციების ფასმა 55%-ით მოიმატა. 

პოლიტიკური სკანდალების შემდეგ, კომპანიამ პირადი მონაცემების მიმართულებით რამდენიმე სიახლე შეიმუშავა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ხარჯების ზრდის ერთერთი მთავარი მიზეზი სხვადასხვა მიმართულებით რეგულაციების გამკაცრებაა. 

კომენტარები