საქართველოს მუსლიმთა სამმართველო

"საბჭოთა კავშირსაც შეშურდებოდა", - მუსლიმი თემის ნაწილი ახალი მუფთის არჩევას აპროტესტებს

რადიო თავისუფლება/ეკა ლორთქიფანიძე

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის უკვე ყოფილი მრჩეველი, თემურ გორგაძე ამბობს, რომ ბათუმში უცნობი ადამიანი დაემუქრა. 

"ტრაკი დააყენე, ბევრს ნუ ცანცარებ, თორე ხო იცი, ყველაფერი ვიცით" - გორგაძე ამბობს, რომ ასე მიმართა მას პირმა, რომელიც შავ მანქანაში იჯდა. 

გორგაძე მუქარას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკავშირებს, რომელიც, თავის მხრივ, სრულიად საქართველოს მუფთის არჩევასთან არის დაკავშირებული.

"სხვა არაფერი მომდის აზრად, ვინ გადაწყვიტა ჩემი შეშინება", - გვეუბნება თემურ გორგაძე. 

სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე იქნება. მუსლიმთა სამმართველოს მეჯლისმა, ანუ რელიგიურმა საბჭომ ის 25 დეკემბერს, 5 წლის ვადით აირჩია.

მეჯლისს 19 წევრი ყავს. მათგან 12-მა მხარი სწორედ შანთაძის კანდიდტურას დაუჭირა. 

თემურ გორგაძე ამტკიცებს, რომ ორგანიზაციას, რომელიც 2011 წელს სახელმწიფომ შექმნა, დღემდე სუს-ი მართავს და წევრები მუფთადაც ამ უწყების მოსაწონს ადამიანებს, მათივე მითითებით ირჩევენ. 

"მეჯლისის წევრებმა აღიარეს, გუშინ საღამოს (24 დეკემბერს), 11 საათზე დაგვირეკესო. ერთი თვის წინ რომ წინა მუფთს უფლებამოსილების ვადა გაუვიდა და ახლა 1 დღით ადრე რეკავენ, ხვალ არჩევნებიაო, ასეთი რამ სადმე არსებობს?

მერე მიხვდნენ მეჯლისის წევრები მიხვდნენ, რომ შეცდომას უშვებდნენ და გადათქვეს, მუსლიმთა სამმართველოს მდივანმა დაგვირეკაო თქვეს. ეგ მდივანიც არის სუს-ის ოფიციალური თანამშრომელი, წოდებაც კი აქვს", - ამბობს გორგაძე და ამტკიცებს, რომ მეჯლისის წევრებს არა მხოლოდ წინა დღეს დაურეკეს, არამედ უშუალოდ სხდომაზეც "ვაიბერით" იყვნენ ჩართულები.

"ყველას აქვს დისკომფორტი, როცა ვიღაცის მონაა, უბრალოდ ამ მონობიდან გათავისუფლების გზა არავინ იცის", - გვეუბნება მუსლიმთა სამმართველოს მუფთის ყოფილი მრჩეველი, - "მეჯლისი მხოლოდ მაშინ იკრიბება, როცა მნიშვნელოვანი ამბავია მოსაგვარებელი. მისი წევრების დიდი ნაწილი - ერთ-ერთი არის აჭარის მთავრობის თანამშრომლის მრჩეველია, მეორე არის დიდი სასტუმროს მენეჯერი, მესამე - სუს-ის თანამშრომლის ქვისლი. როცა ხელის აწევის პროცედურაა შესასრულებელი, მაშინ იძახებენ, სხვა დროს არ იკრიბებიან",- ამბობს გორგაძე. 

მისივე თქმით, კენჭისყრა რომ ფარული იყოს, მეჯლისის წევრები სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. 

თემურ გორგაძემ მუსლიმთა სამმართველოში პოსტი სწორედ მუფთის არჩევასთან დაკავშირებული პროცესის გამო, პროტესტის ნიშნად დატოვა. სამმართველო დატოვა კიდევ ორმა ადამიანმა: რეზო მიქელაძემ და ოთარ ნადირაძემ. 

​მუფთის არჩევის პროცესი სუს-ს დაუკავშირა ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემაც.

მან მომხდარს "მუსლიმების კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა" უწოდა. ნაკაიძემ თქვა, რომ მუფთის არჩევნები ისე ჩატარდა, "საბჭოთა კავშირში კომუნისტურ პარტიასაც შეშურდებოდა" და ადამ შანთაძეს მოუწოდა, თანამდებობაზე უარი თქვას. 

"მუსლიმთა სამმართველოში საოცნებო "არჩევნები" ჩატარდა, საბჭოთა კავშირში თვით კომუნისტურ პარტიასაც შეშურდებოდა ასეთი "არჩევნები". 

ღამის 1 საათზე სუს-ის კანტორაში მიღებული გადაწყვეტილება დღის 3 საათზე სუს-ის მიერ დაკომპლექტებულმა სამმართველოს ეგრეთ წოდებულმა წევრებმა მუფთად დაამტკიცა ადამ შანთაძე.

პრაქტიკულად ზაზა ვაშაყმაძემ დაინიშნა საკუთარი წარმომადგენელი მუსლიმ თემში.

დღეს საქართველოს ხელისუფლებამ მუსლიმ თემი კიდევ ერთხელ შეურაცხყო და დაამცირა. ხელისუფლების ასეთი არასწორი და დაუფიქრებელი ქმედება სამწუხაროდ უარყოფით გავლენას ახდენს მუსლიმებზე და უფრო მეტად აშორებს სახელმწიფოსა და თემს ერთმანეთისაგან. ეს არის უკიდურესად დარღვეული უფლება, როცა მუსლიმებს საკუთარი წინამძღვრის არჩევის საშუალებაც კი არ ეძლევათ. მე ბატონ ადამის ადგილას უარს ვიტყოდი ასეთი თანამდებობაზე. ეს იქნებოდა რწმენის სრული გამოვლინება და მუსლიმის სწორი საქციელი.

ვფიქრობ, არსებული მდგომარეობიდან გამოსვლა შესაძლებელია. ამიტომ მოვუწოდებ ბატონ ადამ შანთაძეს, უარი თქვას ამ მასკარადში მონაწილეობაზე და დატოვოს ეს თანამდებობა", - დაწერა ტარიელ ნაკაიძემ ფეისბუქზე. 

EMC-ის იურისტმა და მკვლევარმა, თამთა მიქელაძემაც ასევე მიუთითა, რომ უკვე მრავალი წელია, ხელისუფლება მუსლიმ თემს დამოუკიდებელი ორგანიზაციული მოწყობის და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას არ აძლევს და სუს-ი ღიად ერევა მათ შიდა საქმეებში. 

"ეს პოლიტიკა, გარდა იმისა, რომ სეკულარულ ლოგიკას ეწინააღმდეგება და რელიგიური ორგანიზაციების საბჭოთა მეთოდებით კონტროლის პრაქტიკის გაგრძელებაა, ის მუსლიმ თემს რეპრეზენტაციის შესაძლებლობებს ართმევს და საკუთარი რელიგიური გაერთიანებისგან აუცხოებს. ამ პოლიტიკის მიზანი კონტროლის მიღმა, შიდა ავტორიტეტების დასუსტება/არ არსებობა და საბოლოოდ მუსლიმი თემის საჭიროებების, წუხილების, უფლებების და ინტერესების არტიკულირების და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის შეზღუდვაა.

იმ პირობებში როდესაც მუსლიმი თემისთვის პოლიტიკური და სამოქალაქო საჯარო სივრცეებიც ნაკლებად არის ღია, რელიგიური სივრცეების, როგორც ასევე საჯარო მნიშვნელობის მქონე სივრცეების, შეზღუდვა და კონტროლი, არსებითად აფერხებს დემოკრატიულ პროცესებს", - თქვა მიქელაძემ. 

მიქელაძე, ისევე როგორც თემურ გორგაძე ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ადამ შანთაძე პატივსაცემი სასულიერო პირია და კრიტიკა არა მას, არამედ სახელმწიფო პოლიტიკას მიემართება. 

კომენტარები