ზაქარია ქუცნაშვილი

მთავრობა პრეზიდენტს GNCC-ის წევრობის არც ერთ კანდიდატს არ წარუდგენს, მათ შორის, არც ქუცნაშვილს

facebook.com/KvirikashviliOfficial

​საქართველოს მთავრობამ კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მსურველთა სია ჩააგდო. მათ შორის იყო ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი.

კანონის მიხედვით, იმ პირებს შორის, ვინც GNCC-ის წევრობის სურვილი გამოთქვეს, მთავრობამ სამი კანდიდატი უნდა აარჩიოს და პრეზიდენტს წარუდგინოს. ამ შემთხვევაში, მთავრობას სამი ადამიანი 5 მსურველიდან უნდა ამოერჩია, მათ შორის იყო ზაქარია ქუცნაშვილი. თუმცა, ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტს არც ერთი ეს ადამიანი არ წარედგინება.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკურსის მონაწილე არც ერთ კანდიდატი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად არ განიხილება, შესაბამისად, არც ერთი მათგანი საქართველოს პრეზიდენტს არ წარედგინება", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს, რომლის თანაორგანიზებით რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოში ჩამოვიდა და მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობა სურდა.

კომისიის წევრობა 6-წლიანია, წევრებს პარლამენტი ამტკიცებს.

ზაქარია ქუცნშვილთან ერთად, კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ნათია კუპრაშვილმა, ბეგლარ ლოგუამ, ნინო ქუბინიძემ და ხათუნა მაისაშვილმა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობაზე ღია კონკურსი 7 ნოემბერს გამოცხადდა. მთავრობა განმარტავს, რომ კანონის მიხედვით, კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე.

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა თბილისში გამართულ "მართლმადიდებლობის საპარლამეტაშორისო ასამბლეის" ფარგლებში რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს უმასპინძლა. სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში იმართებოდა შეხვედრა პარლამენტის შენობაში, რა დროსაც გავრილოვი სპიკერი სავარძელში ჩაჯდა. ამას ჯერ ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი, შემდეგ კი 20 ივნისის საპროტესტო აქცია, რომელიც დარბევით დასრულდა. 

ცნობისთვის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოა, რომელმაც საქმიანობა 2000 წლის 1 ივლისს დაიწყო. კომისია ექვსი წლის ვადით არჩეული ხუთი წევრისგან შედგება. კანონის მიხედვით, კომისია, კომისიის წევრები და კომისიის აპარატის თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს.

წევრობის მსურველი 5 პირიდან მთავრობის ადმინისტრაციამ სამი უნდა შეარჩიოს და სია პრეზიდენტს წარუდგინოს. სამი დღის ვადაში, პრეზიდენტი მთავრობას სიას უბრუნებს თანახელმოწერისთვის. ამის შემდეგ, მთავრობა კანდიდატებს პარლამენტს წარუდგენს. წარდგენილი კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევრის ხმებისა.

კომენტარები