ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ადამიანსა და ბუნებას შორის დაგვერღვა ბალანსი

საუკუნეების განმავლობაში ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრება თანაბარზომიერი იყო, ადამიანი სარგებლობდა ბუნებრივი რესურსებით, თუმცა ბუნების თვითაღდგენის უნარი არ ჩამორჩებოდა ადამიანის განვითარებას.

ხოლო უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მსოფლიო მოსახლეობა დაახლოებით ორჯერ გაიზარდა, ხოლო ბუნების არეალი და რესურსები პირიქით მცირდება. სწრაფმა ინდუსტრიალიზაციამ, შესაბამისად წარმოების ზრდამ და ბუნებრივი რესურსების დიდი ოდენობით ათვისებამ განსაკუთრებით დააყენა დღის წესრიგში ბუნების მოფრთხილებისა და მასზე ზრუნვის საკითხი.

ადამიანსა და ბუნებას შორის დაგვერღვა ბალანსი და კაცობრიობა ამას თუ არ მიხედავს მივიღებთ ახალი ტიპის კატასტროფას.

გასაგებია, რომ ცალკეული სახელმწიფოები ზრუნავენ რომ მათი ეკონომიკა გაიზარდოს და დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მათ შორის ჩვენც, მაგრამ შედეგად ვიღებთ ადამიანსა და ბუნებას შორის დისბალანს და გახშირებულ კატასტროფებს.

თანამედროვე მსოფლიოს განვითარება უნდა მოხდეს იმგვარად რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი ბუნება მომავალი თაობებისთვის და არსებობის კეთილდღეობა არ შევუზღუდოთ ადამიანს. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის გარეშეც დემოკრატიული საზოგადოების არსებობა წარმოუდგენელია.

ამაზონის ხანძრებმა დღეს მთელი მსოფლიო შეძრა, ბევრი სახელმწიფო და ფიზიკური პირი ჩაერთო ამაზონის ტყის ხანძრებთან ბრძოლის საქმეში, მათ შორის ჩვენმა ოჯახმაც იაქტიურა, რათა ჩვენი წვლილი შეგვეტანა მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი ტყის გადასარჩენად.

მე მზად ვიყავი და ეხლაც მზად ვარ აქტიური მონაწილეობა მივიღო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში დაზიანებული ტყის მასივების აღდგენის საქმეში. აქვე ავღნიშნავ, რომ საზოგადოებრივი აქტივობა მაღალი იყო, თუმცა ბატონმა თემურიმ შესაბამისი ექსპერტების დასკვნების საფუძველზე ეროვნული პარკის კონკრეტულ ადგილებზე ჩარევისგან თავის შეკავება მირჩია.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ "ველურ ბუნებასთან" ინტერვიუში.

კომენტარები