ქალთა მიმართ ძალადობა

"ალოგიკურია, დამცირებული ქალი მიუწვეს მოძალადეს" - გაუპატიურებაში ბრალდებული გაამართლეს

www.geo.tv

კაცი, რომელსაც ბრალი ედებოდა ქალის გაუპატიურებასა და ძალადობაში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაუპატიურების ნაწილში გაამართლა, ხოლო ძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის განაჩენში მითითებულია დაზარალებული ქალის ორი ჩვენების შესახებ. ის რუსეთის მოქალაქეა. გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში ის ჰყვება, რომ კაცს იცნობდა, ჰქონდა მასთან ურთიერთობა, მათ შორის, სექსუალური. 8 ივნისსაც, ნაქირავებ ბინაში ისინი ერთად მივიდნენ. ქალი პირველ ჩვენებაში ამბობს, რომ კაცის საქციელი არ მოეწონა, ამიტომ სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ აიღო ზურგჩანთა და წავიდა გასასვლელი კარისკენ, თუმცა კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა, გასაღები კი კაცს ჰქონდა, ამიტომ ბინიდან გასვლა ვერ შეძლო. ქალი ამბობს, რომ ამით კაცი გაღიზიანდა, ზურგჩანთაზე მოჰკიდა ხელი, მოქაჩა და რამდენჯერმე შეანჯღრია რამდენჯერმე, შემდეგ კი ხელი ჰკრა, საწოლზე წააქცია, ფეხები გაუკავა, მთელი ტანით დააწვა და არ აძლევდა განძრევის საშუალებას. ჩვენებაში დაზარალებული ჰყვება, რომ დაიწყო ყვირილი, უხმობდა საშველად ხალხს, კაცმა კი თავში რამდენჯერმე დაარტყა ძლიერად, კაბა აუწია, ტრუსი გახადა და გადააგდო, შემდეგ კი იძულებით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.

რაც შეეხება მეორე ჩვენებას, აქ დაზარალებული ამბობს, რომ სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ კაცმა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოინდომა, რაზეც უარი მიიღო და ამის გამო ყვირილი დაიწყო. ქალი ჰყვება, რომ რადგან ქართული არ იცის, ვერ იგებდა რას ამბობდა ის, შეეშინდა, წინააღმდეგობის უნარი დაკარგა და არ შეწინააღმდეგებია, ბრალდებულმა კი მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით ის აღნიშნავს, რომ ეს მოხდა სქესობრივი კავშირის შემდეგ - კაცმა თავში ხელი ჩაარტყა რამდენჯერმე, ძლიერად მოუჭირა მკლავებზე ხელი, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ მან სცადა ბინიდან გასვლა, კაცმა მოქაჩა მოკიდებულ ზურგჩანთაზე და დაუზიანა, თუმცა მაინც შეძლო გაქცევა და სადარბაზოში დაიწყო ყვირილი - "პაჟარ, პაჟარ" ბინის მაცხოვრებლების ყურადღების მისაპყრობად.

მოსამართლის განაჩენში მითითებულია, რომ ისეთი დანაშაულისთვის, როგორიცაა გაუპატიურება, რომელსაც პირდაპირი მოწმეების სიმრავლე არ ახასიათებს, დაზარალებულის ჩვენების დამაჯერებლობა და თანმიმდევრულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოსამართლე მიიჩნევს, რომ ამ საქმეში ქალის ჩვენება ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.

განაჩენში ასევე მითითებულია, რომ ბრალდებული გაუპატიურებას კატეგორიულად გამორიცხავს გაუპატიურებას და განმარტავს, რომ სქესობრივი კავშირს ნებაყოფლობითი იყო და ეს არ მომხდარა პირველად. ის ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ქალს ძლიერად მოჰკიდა ხელი მკლავებში, ასევე ზურგჩანთაზე მოქაჩა ბინიდან გასვლისას, რასაც შესაძლოა გამოეწვია სახელურის გახევა, მაგრამ კატეგორიულად გამორიცხავს იძულებით სქესობრივ კავშირს.

"ბრალდებულის კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა კონფლიქტის მიზეზს, კერძოდ, სქესობრივი აქტის შემდეგ აბაზანიდან გამოსულები იწვნენ თუ არა საწოლზე ერთად და ეფერებოდა თუ არა [ქალი] ხელზე [კაცს], გასცა ორაზროვანი პასუხი, რომ არ ახსოვს იყო თუ არა ასე. ანუ, არ გამორიცხა ასეთი ფაქტის რეალურად არსებობა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძალმომრეობის ეს ფორმა ლახავს ქალის სქესობრივ თავისუფლებას, შეურაცხყოფს მის პიროვნულ ღირსებას. ამცირებს მას, როგორც პიროვნებას და უდიდეს მორალურ ტრავმასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ასეთი ქმედების შემდეგ, წარმოუდგენელი და ალოგიკურია ფსიქოლოგიურად ტრავმირებული და დამცირებული ქალი გვერდით მიუწვეს მოძალადეს, ეფერებოდეს და ესიყვარულებოდეს მას.

კითხვაზე - მიიღო თუ არა სიამოვნება სქესობრივი აქტის შედეგად, დაზარალებულმა, განმარტა, რომ ამაზე არ ისაუბრებს. მოქმედება, რომელიც ქალისთვის სხვა პირობებში სასიამოვნო და სასურველი იქნებოდა, თუ ძალადობის აქტად იქცევა, ის იმდენად ამცირებს მის პირად ღირსებას და თელავს მის პიროვნებას, მსგავსი ტიპის შეკითხვებზე კატეგორიული და ცალსახა პასუხი მეტ დამაჯერებლობას შესძენდა დაზარალებულის ჩვენებაში მითითებულ გარემოებას, რომ მასთან მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარეს სქესობრივი კავშირი", - განმარტავს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი.

განაჩენში სასამართლო ასევე განმარტავს, რომ გაუპატიურება სასტიკი, ადამიანის დამამცირებელი დანაშაულებრივი ქმედებაა, მიუხედავად იმისა, მიყენებულ იქნა თუ არა მსხვერპლისთვის ფიზიკური დაზიანებები. ამიტომ მხოლოდ ის, რომ ქალს სხეულზე, მკლავების გარდა, დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ძალადობრივ სქესობრივ კავშირს თავისთავად არ გამორიცხავს.

"თუმცა მტკიცებულებების გამოკვლევისას გამოვლენილი ცალკეული გარემოებები, ურთიერთშეუსაბამობები, დაზარალებულის ჩვენებებს შორის წინააღმდეგობები, ხშირ შემთხვევაში არათანმიმდევრული განმარტებები გახდა საფუძველი სასამართლოს დასკვნისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა [...] გაუპატიურების ფაქტი", - აღნიშნულია განაჩენში.

მოსამართლე ასევე წერს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

"გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი მტკიცებულებების ერთობლიობის ნაცვლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულის არათანმიმდევრული და არადამაჯერებელი ჩვენება და მხოლოდ ასეთი მტკიცებულების საფუძველზე ითხოვს ბრალდებულის დამნაშავედ ცნობას", - აღნიშნავს მოსამართლე.

ის მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

საბოლოოდ, სასამართლომ კაცი გაუპატიურების ბრალდებაში გაამართლა, ხოლო დამნაშავედ ცნო ძალადობის ნაწილში და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის განაჩენი 8 ნოემბრითაა დათარიღებული.

კომენტარები