სავალუტო სესხები

პრემიერი: განვიხილავთ სავალუტო სესხების 200 000-ლარიანი ლიმიტის 100 000 ლარამდე შემცირებას

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ პროპორციული სისტემით არჩევნების მოთხოვნით დაწყებულ აქციები ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. გახარიამ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები" ამას არ ითვალისწინებენ და ამიტომ, მთავრობა ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად "გარკვეული ნაბიჯების გადადგმას" აპირებს. პრემიერმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, განიხილოს, რამდენად შესაძლებელია, სავალუტო სესხების გაცემის 200 000-ლარიანი ლიმიტი 100 000 ლარამდე შემცირდეს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან 200 000 ლარამდე სესხის მხოლოდ ლარში აღებაა შესაძლებელი.

"მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ არაერთხელ ხაზგასმით განვაცხადეთ, რომ ჩვენი ქვეყნის უახლოესი წლების განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევაც და მიზანიც იქნება ეკონომიკური ზრდა და პირველ რიგში, სამუშაო ადგილები. ყველაფერი ის, რაც ხდება ჩვენს სოციალურ ან პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში, იძენს უკანონო ქმედებების სახეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან განზომილებაზე, როგორიც გახლავთ ეკონომიკური ცხოვრება. ამიტომ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებას დღეის მდგომარეობით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარება და, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ და საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მსგავს გამოწვევებსაც გავცეთ შესაბამისი პასუხი.

ამიტომ, დღეს მე მინდა ეკონომიკური ზრდის რისკების, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად, ფინანსთა მინისტრს დავავალო შემზღუდველი ელემენტი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 000 ლარის ფარგლებში, განიხილოთ შესაძლებლობა და მომავალი მთავრობის სხდომაზე წარმოგვიდგინოთ რამდენად შესაძლებელია ეს ზღვარი ჩამოვწიოთ 100 ათას ლარამდე" - უთხრა გახარიამ ფინანსთა მინისტრს.

აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივით ივანე მაჭავარიანს ბიუჯეტის განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარემაც მიმართა. 

"დედოლარიზაციის მიზნით", საქართველოს მთავრობამ კერძო ბიზნესს 200,000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში აღება წლის დასაწყისში აუკრძალა. ცვლილებას მხარს უჭერდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და ამბობდა, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანაში ლარიზაციის მაჩვენებლის ზრდას დაეხმარებოდა. 

უცხოური ვალუტის და უცხოეთის ეკონომიკის მიმართ საქართველოს მოსახლეობაში უფრო მაღალი ნდობაა, ვიდრე ქართული ეკონომიკის მიმართ. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ქვეყანაში არსებული დეპოზიტების 60% არის უცხოურ ვალუტაში ნომინირებული. რაც ნიშნავს რომ კომერციულ ბანკებს დოლარის უფრო მეტი რესურსი აქვთ, ვიდრე ლარის. იმ პირობებში, როდესაც ბიზნესისთვის დოლარის სესხის მიწოდება ხელოვნურად იკრძალება, ბაზარზე ერთადერთი ალტერნატივა ლარის სესხი რჩება. მოთხოვნის ხელოვნური ზრდის პირობებში მისი შეზღუდული ლარის რესურსით დაკმაყოფილებას შესაძლოა ამ პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა მოჰყვეს.

კომენტარები