საქართველო - ნატო

კოფი: აშშ ნატოს წევრია, მაგრამ V მუხლი ჰავაის არ იცავს, ეს საქართველოს შემთხვევაშიც შეიძლება

ლუკ კოფი
Anadolu Agency

ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის "The Heritage Foundation" მკვლევარი ლუკ კოფი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს სრული ტერიტორიის ნატოში გაწევრიანება ისე, რომ ალიანსის კოლექტიური თავდაცვა, ე.წ. მე-5 მუხლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს არ შეეხოს, შესაძლებელია და ალიანსს ამის რამდენიმე პრეცედენტი უკვე აქვს:

"ნატოში რამდენიმე ქვეყანაა ისეთი, რომელიც სრული ტერიტორიით არის ნატოს წევრი, მაგრამ მე-5 მუხლი მხოლოდ ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება. მათ შორისაა შეერთებული შტატები, მაგალითად ჰავაის და გუამს მეხუთე მუხლი არ იცავს. დიდი ბრიტანეთის ფოლკლენდის კუნძულები მეხუთე მუხლით არ არის დაცული."

მან აღნიშნა, რომ ფოლკლენდის კუნძულების ოკუპაცია, ერთხელ - 1982 წელს უკვე მოხდა.

კოფის თქმით, ოკუპრებულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლის გამოუყენებლობა ქვეყნისთვის ადვილად იმუშავებს, რადგან "ქვეყანას უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის პირობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომაც ვიფიქრე, რომ თუ საქართველოს უკვე აქვს გადაწყვეტილი და პირობა დადებული, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალას არ გამოიყენებს, მაშინ რად უნდა მეხუთე მუხლის უსაფრთხოების გარანტია ამ ტერიტორიებზე?"

ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ თუ საქართველო ამ პრინციპით გაწევრიანდება ნატოში, მაშინ არა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის პირობა იქნება საქართველოს მხრიდან დაცული, არამედ ეს ალიანსის ზოგიერთი წევრის ზემოთხსენებულ პრეცედენტსაც გაიმეორებს.

საქართველოს ამ წინადადებით ნატოში გაწევრიანების შემთვევაში მე-6 მუხლის შესწორება იქნება საჭირო (მე-6 მუხლი განსაზღვრავს პირობებს, რომლის მიხედვითაც მე-5 მუხლის გარანტიები უნდა გავრცელდეს წევრ ქვეყანაზე) - "მას ერთი ან ორი წინადადების დამატება დასჭირდება, რომლებიც იტყვის, რომ საქართველო მე-5 მუხლით იქნება დაცული, თუმცა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ვერ აკმაყოფილებს კოლექტიური თავდაცვის კრიტერიუმებს, რომ ეს დროებითი ზომაა იმ დრომდე, სანამ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით არ გადაიჭრება. მე-6 მუხლი ორჯერ შეიცვალა, ერთხელ 1950-ანებში, როცა თურქეთი და საბერძნეთი შეუერთდნენ ალიანსს და შემდეგ 1960-ანებში, როცა ალჟირი საფრანგეთისგან დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა".

მკვლევარი ამბობს, რომ დღეს ამ წინადადებით საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად საუკეთესო დრო არ არის, თუმცა ამის დაგეგმვა დღესვე უნდა დაიწყონ, რომ მომავალში მიზნამდე მივიდნენ. დასავლეთში პოლიტიკური ვითარება შეიცვლება და იმ შემთხვევაში, თუ აშშ და დიდი ბრიტანეთი ამ საქმის განხორციელებას სათავეში ჩაუდგება, საქმე გამარტივდება.

კოფის თქმით, საქართველოს მთვარობა "ამ სცენარში არ ჩანს" და აუცილებელია, რომ თავდაპირველად ქვეყნის მთავრობამ ეს საკითხი პრიორიტეტად დაისახოს, პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან უნდა ითანამშრომლოს და ქართველ ხალხს აუხსნას, თუ რატომაა საქართველოს ნატოში ამ წინადადებით გაწევრიანება დადებითი და არ არღვევს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც ამას რუსული პროპაგანდა ხატავს:

"ხალხმა უნდა დაინახოს ხელმძღვანელობა, უნდა დაინახოს, რომ ვიღაც პროგრესისკენ მიდის... სანამ ისინი [საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები] არ გააკეთებენ ამას, არ უნდა იყოს იმის მოლოდინი, რომ ვაშინგტონი, ლონდონი თუ პარიზი ამ საკითხს აიტაცებს".

კოფიმ უარყო რუსული პროპაგანდა, რომ ამ გეგმით გაწევრიანება, თითქოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს აკარგვინებს - "ის განცხადება, რომ ამ წინადადების თანახმად საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას დაკარგავს აბსოლუტურად არასწორია. ნატომ საქართველოს არასოდეს უნდა სთხოვოს ტერიტორიებზე უარის თქმა. ნატო ამას არც ითხოვს".

მკვლევარი ამბობს, რომ საქართველო ალიანსისთვის ბევრს აკეთებს და ახლა ქვეყანას მოთმინება მართებს - "ქვეყანამ დემოკრატიული პროცესები უნდა გააგრძელოს და საქართველოს მთავრობამ ეს თემა უნდა წამოწიოს. როცა ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს შეერწყმება, ვფიქრობ შევძლებთ საქართველოს ფინიშის ხაზამდე მიყვანას".

გასულ წელს მკვლევარმა ვრცელი ნაშრომი გამოაქვეყნა, სადაც განხილულია, რომ საქართველო შესაძლოა ნატოს წევრი გახდეს ისე, რომ მე-5 მუხლის დაცვის გარანტია ქვეყნის მხოლოდ არა-ოკუპირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს მანამ, სანამ საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დაიბრუნებს. 

კომენტარები