მამუკა ვასაძე

ვასაძე: ჩემი სანიმუშოობა გამოიხატებოდა ყოფილი მაღალჩინოსნების გამამტყუნებელ განაჩენებში

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი მამუკა ვასაძე, რომელიც მთავარი პროკურორის მოქმედი მოადგილეა, ამბობს, რომ 2014 წელს, სანიმუშო მუშაობისთვის წოდება მიანიჭეს და ამის მიზეზი ის იყო, რომ მის წარმოებაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენები დადგა.

ვასაძეს კითხვა ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ დაუსვა. ქანთარია დაინტერესდა, რაში გამოიხატებოდა მისი სანიმუშო მუშაობა და როგორ მოახერხა ამის წარმოჩენა, პროკურატურაში მუშაობის დაწყებიდან ორ თვეში. 

"სანიმუშოობა გამოიხატებოდა ყოველ იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ჩემს წარმოებაში იყო, რაზეც არაერთი გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი არაერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის მიმართ," - თქვა ვასაძემ. 

რაც შეეხება ქანთარიას მეორე კითხვას, თუ რატომ მიმდინარეობს 2012 წლიდან დაწყებული "სამართლიანობის პროცესის აღდგენა" ასე ნელა, ვასაძე პასუხობს, რომ  საგამოძიებო ნაწილმა, შედეგების მიხედვით, თავისი რესურსის მაქსიმუმზე მეტი გააკეთა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების გამოძიების მიმართულებით.

"გამოვყოფდი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წარმოებულ გამოძიებას, რომელიც შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე შეწყალების ეპიზოდს, რომელიც შეეხებოდა 26 მაისის დარბევას, 7 ნოემბრის მოვლენებს, დეპუატატ გელაშვილის ცემის ფაქტს, ყველა ამ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული იქნა შესაბამისი გამოძიებით, შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულებებით შედეგი და იქნა გამოძიებული. რომელთა ნაწილზე განაჩენები დამდგარია, ნაწილი სასამართლოშია. გამოძიებული იქნება სისხლის სამართლის საქმე ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ, შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის და მოადგილის მიმართ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეების მიმართ, სამმართველოს უფროსების, სხვადასხვა დეპარტამენტის უფროსების, მათ შორის ციხის კადრებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე, ვაზაგაშვილის სისხლის სამართლის საქმე, რობაქიძის სისხლის სამართლის საქმე, თუ შევხედვათ იმ რესურსს, რაც საგამოძიებო დანაყოფს ჰქონდა, თავისი რესურსის მაქსიმუმზე მეტი აქვს გაკეთებული თუ შედეგების შეჯამებაზე წავალთ," - ამბობს ვასაძე.

2014 წლის მარტში (პროკურატურაში საქმიანობის დაწყებიდან 2 თვეში) მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა, გიორგი ბადაშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მამუკა ვასაძეს ვადამდე მიანიჭა იუსტიციის უფროსი მრჩევლის სპეციალური სახელმწიფო წოდება.

ვასაძე 2015 წლის ნოემბრიდან საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილეა. 

ვიდრე მამუკა ვასაძე გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ მუშაობს, არაერთი საქმე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როგორც შინაარსის, ასევე გაჭიანურებული, არაეფექტიანი გამოძიების გამო. ბევრ საქმეში, დაზარალებულებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, დღემდე უცნობია გამოძიების შედეგები. ესენია: 

  • სიცოცხლის უფლების სავარაუდო ხელყოფის არასათანადო, გაუმჭვირვალე და გაჭიანურებული გამოძიებები (ხორავას ქუჩის საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე)
  • არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიებები;
  • პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალების ინტერნეტში გავრცელების/გავრცელების მუქარის არაეფექტიანი გამოძიებები;
  • სამართალდამცველთა მხრიდან უფლებების სავარაუდო დარღვევის არაეფექტიანი გამოძიება (ბირჟა-მაფიას საქმე; კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო ფაქტები; ზვიად რატიანის საქმე და სხვა);
  • წინასაარჩევნოდ მომხდარი ინციდენტების არაეფექტიანი გამოძიება8 (კორცხელის ინციდენტი და სხვა)
  • სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებზე სავარაუდო ზეწოლის არაეფექტიანი გამოძიებები (სავარაუდო მუქარა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მიმართ)
  • სასამართლო ხელისუფლების მხრიდან და ამ სისტემასთან კავშირში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება (გიორგი მიქაუტაძის მიერ არასრულწლოვნის სავარაუდო ცემის ფაქტი, იუსტიციის საბჭოში ელექტრონული არქივის წაშლის ფაქტი, საგამოცდო ტესტების გაჟონვის საქმე)
  • სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება (ე.წ. საბურავების საქმე, 2015 წელს ინტერნეტში გავრცელებული საუბრის საფუძველზე დაწყებული გამოძიება, რომელიც ეხება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების შეთქმულებას და სხვა)
  • სხვა გახმაურებული და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეები: (ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებელთა საჩივარი წილების იძულებით დათმობის შესახებ, აფგან მუხთარლის საქმე, ყოფილი გენერალური პროკურორის მხრიდან თავდასხმა გენერალურ აუდიტორზე, დეკანოზ მამალაძის საქმე, დემურ სტურუას საქმე, ია კერზაიას გარდაცვალების საქმე, მოხესა და ჭელაში მუსლიმთა უფლებების დარღვევის საქმე, TBC ბანკზე განხორციელებული კიბერშეტევის საქმე, მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე21 და სხვა)

მამუკა ვასაძე ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს. 

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტმა 23 სექტემბერს დაიწყო. 

 

კომენტარები