ტურიზმი საქართველოში

ირანიდან შემცირებული ტურიზმის გამო, 2019 წელს საქართველომ 260 მილიონი ლარი იზარალა

გუშინ, 19 სექტემბერს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აგვისტოს ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. მონაცემებით მიხედვით, წელს ზედიზედ მერვე თვის განმავლობაში ტურისტული ნაკადის კლება შეიმჩნევა ირანიდან. 

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2019 წლის აგვისტოში საქართველოში 18,496-ით ნაკლები ირანელი ესტუმრა. 2019 წელს ირანიდან ტურისტულ ნაკადი თითქმის, 60%-ით არის შემცირებული. 

თუ კი 2018 წლის პირველ რვა თვეში საქართველოს 215,020 ირანელი ესტუმრა, იგივე მაჩვენებელი წელს 91,858-ია. უნდა ითქვას, რომ ირანელი ტურისტები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარჯვიანობით გამოირჩევიან. 2018 წლის მონაცემებით, ერთი ირანელი მოქალაქე ვიზიტზე საშუალოდ, 2,116 ლარს ხარჯავს.

უხეში გაანგარიშებით თუ კი 2018 წელს ირანის რეზიდენტებმა საქართველოში, დაახლოებით 554 მილიონი ლარი დახარჯეს, წელს იგივე მაჩვენებელი 194 მილიონი ლარია. დანაკლისი დაახლოებით 260 მილიონი ლარია. ამ დანაკარგის რეალური ღირებულება დიდი ალბათობით , უფრო მეტია, ვინაიდან ეს ფული ქვეყანაში უცხოური ვალუტის და დიდი ალბათობით დოლარის სახით შემოვიდოდა.

ირანის ისლამური სახელმწიფოს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ირანიდან ტურისტული ნაკადის კლების მიზეზებზე საუბრისას საქართველოს საზღვრებზე შემქნილ ვითარებას ასახელებს. ელჩის თქმით, ძალიან ხშირია ირანის მოქალაქეების საზღვრიდან გაბრუნების შემთხვევები. 

მართლაც, სულ მიმდინარე წელს, საქართველოს საზღვრებიდან 13,165 ადამიანი გააბრუნეს, აქედან 5,656 (42%) კი სწორედ, ირანის მოქალაქეა.

ბოლო წლების განმავლობაში, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალ გადაადგილებას პრობლემები ექმნება. 2014 წლის პირველს სექტემბერს, მაშინდელმა ხელისუფლებამ 24 სახელმწიფოსთან, რომელთანაც მანამდე უვიზო ან გამარტივებული რეჟიმი მოქმედებდა, სავიზო რეჟიმი დააწესა. მათ შორის იყო ჩინეთი და ირანი.

მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ნაბიჯს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებით ხსნიდნენ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ შეზღუდვები გამარტივდა და საბოლოოდ მოიხსნა კიდეც. 

ამ პერიოდში საქართველოს ტურისტულმა სექტორმა მნიშვნელოვანი დანაკარგები ნახა. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის შეფასებით, მხოლოდ ირანთან და ჩინეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებამ საქართველოს ეკონომიკას 100 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა. 

ანალიტიკურმა ცენტრმა, TBC CAPITAL-მა, აგვისტოში თბილისის სამშენებლო სექტორის, 2019 წლის პირველი ნახევრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. როგორც კვლევაშია ნათქვამი, ირანიდან საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ინტერესის კლების გამო, მხოლოდ თბილისში სამშენებლო სექტორი 80 მილიონ დოლარს იზარალებს.

კვლევიდან ირკვევა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს არარეზიდენტი პირების მიერ შეძენილი ქონების წილი, ჯამურად გაყიდულ უძრავ ქონებაში 13%-დან 8%-მდე შემცირდა. ამ კლების მთავარ მიზეზად კი სწორედ, ირანიდან მოთხოვნის შემცირება სახელდება.

კომენტარები