პრეზიდენტის შეწყალება

ინაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: ეს არის სააკაშვილ-ბოკერიების ნარატივი

ტაბულა

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატ ირმა ინაშვილს პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს "ბოკერია-სააკაშვილების ნარატივია". 

ინაშვილის თქმით, პირველ რიგში პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული ადამიანების შეწყალების საკითხი შესასწავლია და ის დარწმუნებულია, რომ ასეც მოხდება. 

"იმპიჩმენტები, გადატრიალებები, რევოლუციები და სხვადასხვა ტიპის აქტივობები, ეს არის სააკაშვილ-ბოკერიების ნარატივი. ამიტომ, აქ ვერ შემოგიერთდებით და საერთოდ არ მაქვს სურვილი, ამაზე გავაკეთო კომენტარი. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ არ მოხვდნენ შეწყალებულთა სიაში ისეთი დამნაშავეები, რომელთა შეწყალებასაც საზოგადოება ვერ იგებს და არ მიიღებს არასდროს. ამაზე ფართო კონსენსუსი უნდა შედგეს,"- ამბობს ირმა ინაშვილი. 

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. 17 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორაატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება. 

მარიამობის დღესასწაულის შეწყალების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა. მის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. 

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა. 

კომენტარები