სახალხო დამცველი აპარატი

ომბუდსმენი დარბევისას უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარე საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველის აპარატი

2019 წლის 2 ივლისიდან სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წლის 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესწავლა დაიწყო. ომბუდსმენის ოფისის ინფორმაციით, მათი როლი გამოძიების ეფექტიანობის შეფასება იქნება და ამ კუთხით შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. შეფასების კრიტერიუმები ასევე, გამოძიების დამოუკიდებლობის, დროულობის, ზედმიწევნითობის, კომპეტენტურობისა და დაზარალებულის ჩართულობის ელემენტები იქნება.

„სახალხო დამცველის აპარატი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმას, ჩატარდა თუ არა ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, ეს მოქმედებები ჩატარდა თუ არა დროულად და ხომ არ არის სახეზე გამოძიების პროცესის არაგონივრული გაჭიანურება, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა თუ არა ჯეროვანი გულისხმიერებით და ამომწურავად. 20-21 ივნისის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მონიტორინგის სპეციფიკა ექსტრაორდინალურია და მას სახალხო დამცველის აპარატის წინარე გამოცდილებასთან მსგავსება არ აქვს. გამოძიების საწყისი მიმდინარეობის პარალელურად ხარვეზების იდენტიფიცირების და რეკომენდაციების გაცემის გამოცდილება სახალხო დამცველის აპარატს აქამდე არ ჰქონია. გასულ პერიოდში სახალხო დამცველმა საზოგადოებას რამდენიმე მიმდინარე საქმის შესწავლის შედეგები წარუდგინა. თუმცა, ხსენებულ შემთხვევებში გამოძიების დაწყებიდან საკმაო ვადა იყო გასული და შესაძლებელი იყო ჩატარებული გამოძიების ერთიანი და სრულყოფილი შეფასება," - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოძიების მონიტორინგის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიზნით სახალხო დამცველი შექმნის საკონსულტაციო საბჭოს, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა ჯგუფები, არასამთვრობო ორგანიზაციები და პროფესიული წრეები იქნებიან.

"უახლოეს დღეებში აღნიშნულის თაობაზე დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას. სახალხო დამცველი ეცდება მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას. ბუნებრივია ვერ მოხდება იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ოპერატიულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება. აქვე მოვუწოდებთ საზოგადოებას, ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ამომწურავი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გამოძიების პროცესთან არსებული პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში კი მოგიწოდებთ მომართოთ სახალხო დამცველის აპარატს," - წერია განცხადებაში.

13 დღეა, პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი მართავს აქციას "სირცხვილია". თავდაპირველად, პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გამო დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა მიტინგი ძალადობრივად დაშალა, მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქცია ოთხი კონკრეტული მოთხოვნით განაახლეს - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები და დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც "გავრილოვის ღამეს" ძალას გადაამეტა.

20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილი ადამიანები, რომლებიც პარლამენტში რუსი დეპუტატების მისვლას აპროტესტებდნენ, სპეცრაზმმა მას შემდეგ დაარბია, რაც რამდენიმე ადამიანი პარლამენტში შეჭრას ცდილობდა. დარბევა, დაახლოებით, ღამის 12 საათისკენ დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. 5 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი მოქალაქეების დარბევას რეზინის ტყვიებით, გაზითა და წყლის ჭავლებით ცდილობდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე სულ 240 ადამიანი დაშავდა. აქედან 80 პოლიციელი იყო, 31 ჟურნალისტი დანარჩენი კი აქციის მონაწილეები იყვნენ.

დაშავებულებს რეზინის ტყვიები მოხვდათ თავში, სახეში, თვალში, ფეხში, ხელში, ზურგში. ზოგ შემთხვევაში ერთ ადამიანს არა ერთი, არამედ ათამდე ტყვიაც კი მოხვდა. 

სხვადასხვა ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმის თანამშრომლები რეზინის ტყვიებს არა ზემოდან ქვემოთ ისროდნენ, როგორც წესია, არამედ პირდაპირი დამიზნებით. ასევე, რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები მიწაზე დაგდებულ ადამიანებს წიხლებს. 

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ სულ 305 ადამიანი დაიჭირა, ყველა მათგანი რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. 

გამოძიებაა არის დაწყებული დეპუტატ ნიკა მელიას წინააღმდეგაც, მას პროკურატურა 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. მელიას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით გირაო შეუფარდა. 

რუსთაველის გამზირზე აქციები დღემდე ყოველდღიურად მიმდინარეობს. მათი მოთხოვნა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა. 

კომენტარები