ნარკოდანაშაული

შსს: აჭარაში ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემა გამოვავლინეთ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს.

"სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ნ.მ. ბათუმში, სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე, სამალავებში ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდა და აღნიშნული სამალავების მისამართებს ნარკოტიკების შეძენის მსურველ პირებს ატყობინებდა, რაშიც თანხას დისტანციური არხებით იღებდა", - ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 34 შეკვრად დაფასოებული სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება, 326 დოლარი, მწებავი ლენტები და მცირე ზომის 2 სასწორი ამოიღო.

ამასთან, შსს ამბობს, რომ სამართალდამცველებმა, ნ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ბათუმში, ათეულობით მისამართიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები