საქართველო-საფრანგეთი

საფრანგეთის შს მინისტრი: საქართველოდან თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა ერთგვარი ანომალიაა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის კრისტოფ კასტანერის თქმით, "საქართველოდან თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა ერთგვარი ანომალიაა". ამის შესახებ კასტანერმა საქართველოს შს მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიასთან "ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი" ჰქონდა. 

"ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ უკანონო მიგრაციას. საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, სადაც არ არის ომი და მიიჩნევა როგორც მშვიდობიანი ქვეყანა.

ეს არის დიდი თავის ტკივილი საფრანგეთის მთავრობისა და მოქალაქეებითვის, არ არის ნორმალური, რომ საქართველო პირველი იყოს ამჟამად თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობით, საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ამ მოთხოვნას არანაირად არ ამართლებს" - თქვა საფრანგეთის შს მინისტრმა.

კრისტოფ კასტანერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში სამკურნალოდაც ჩადიან, თუმცა, მისი თქმით, საქართველოშიც არსებობს საშუალება, მიიღონ შესაბამისი მკურნალობა.

"ამიერიდან, უშუალოდ იმათ მივიღებთ, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება ამ თვალსაზრისით" - ამბობს საფრანგეთის შს მინისტრი.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და საფრანგეთის შს მინისტრებმა ხელი მოაწერეს ადმინისტრაციულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ასევე, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე საკითხების განსახილველად, თვეში ერთხელ, მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგება.

კომენტარები