გვენეტაძე: 200 000 ლარამდე სესხების დოლარში გაცემის აკრძალვა ლარიზაციას დაეხმარება

კობა გვენეტაძე
ტაბულა

საქართველოს მთავრობა კერძო ბიზნესისთვის 200,000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში აღებას უკრძალავს. ცვლილებას მხარს უჭერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც. მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი ქვეყანაში ლარიზაციის მაჩვენებლის ზრდას დაეხმარება. 

"დოლარიზაცია კვლავ რჩება საქართველოს ფინანსური სისტემის და საქართველოს ეკონომიკის ერთერთ მთავარ გამოწვევად,"- ამბობს სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

ფიზიკურ პირებს 100,000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში აღება 2017 წლის 1 იანვრიდან აეკრძალათ. შედეგად, 100,000 ლარამდე მოცულობის სესხების ბაზარი ლარზე იძულებით გადაერთო. ცვლილება "დედოლარიზაციის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. 

დღესვე კობა გვენეტაძემ დედოლარიზაციის პროგრამის ორწლიან შედეგებზე ისაუბრა, მისი თქმით, ქვეყანაში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 71%-დან, 61%-მდე შემცირდა. ხოლო სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტმა კი 65%-დან 54%-მდე იკლო. 

კერძო ბიზნესისთვის 200,000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში აღების აკრძალვის კანონპროექტი პარლამენტში ჯერ არ შესულა. ცვლილებამ შესაძლოა, საქართველოს კერძო ბიზნესს უცხოურ პარტნიორებთან ურთიერთობა გაურთულოს. შესაძლებელია წარმოიშვას ვითარება, როდესაც კომპანიის მიერ უცხოეთიდან მოზიდული სასესხო კაპიტალის ათვისებას ხელი შეეშალოს, რადგანაც აღნიშნული თანხა ლარის ნაცვლად, უცხოურ ვალუტაში იქნება ნომინირებული. 

უცხოური ვალუტის და უცხოეთის ეკონომიკის მიმართ საქართველოს მოსახლეობაში უფრო მაღალი ნდობაა, ვიდრე ქართული ეკონომიკის მიმართ. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ქვეყანაში არსებული დეპოზიტების 60% არის უცხოურ ვალუტაში ნომინირებული. რაც ნიშნავს რომ კომერციულ ბანკებს დოლარის უფრო მეტი რესურსი აქვთ, ვიდრე ლარის. იმ პირობებში, როდესაც ბიზნესისთვის დოლარის სესხის მიწოდება ხელოვნურად აიკრძალება, ბაზარზე ერთადერთი ალტერნატივა ლარის სესხი დარჩება. მოთხოვნის ხელოვნური ზრდის პირობებში მისი შეზღუდული ლარის რესურსით დაკმაყოფილებას შესაძლოა ამ პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა მოჰყვეს.

 

კომენტარები