ლარის გაუფასურება

Galt & Taggart-ი 2018 წლის ბოლოსთვის ლარის 2.70-მდე გაუფასურებას პროგნოზირებს

საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა თურქეთში არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით საკუთარი პროგნოზი განაახლა. Galt & Taggart-ი აღნიშნავს, რომ ლირა 2018 წლის დასაწყისიდან უფასურდებოდა, თუმცა ლარზე ამ ვარდნის გადმოცემა მხოლოდ აგვისტოში მოხდა, რაც ლირას რეკორდულ გაუფასურებას უკავშირდება. ბანკმა შეცვალა საკუთარი მოლოდინი, ორგანიზაცია იმაზე უფრო მაღალ გაუფასურებას ელოდება, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო პროგნოზირებული. 

ლარი - კურსის მოსალოდნელი შესწორება

მყარმა მაკროეკონომიკურმა გარემომ 2018 წლის იანვარ-ივლისში ლარს რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაუფასურებასთან მიმართებით იმუნიტეტი მიანიჭა. ექსპორტის ორნიშნა ზრდამ (28.5%), გაზრდილმა ფულადმა გზავნილებმა (18.3%), ტურიზმის ზრდამ (28.9%), რასაც ადგილი ჰქონდა 2018 წლის პირველ ნახევარში, წინა წელთან შედარებით $774 მილიონით მეტი შემომავალი სავალუტო ნაკადი დააგენერირა რაც 26.6%-იან ზრდას წარმოადგენს. ამ ზრდამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.7%-მდე დააჩქარა, ხოლო ეროვნული ვალუტა კი ასევე 5.7%-ით გაამყარა. ლარი სტაბილურობას ინარჩუნებდა რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური ცვლილებების, 23%-ით გაზრდილი იმპორტის და საქართველოში გატარებული სამთავრობო ცვლილებების ფონზეც. ამასთანავე, დადებითი მოლოდინების შექმნას ხელი შეუწო მთავრობის მიერ გატარებულმა საგადასახადო ცვლილებებმა, რითიც მცირე ბიზნესებისთვის საგადასახადო რეჟიმი შეიცვალა. საქართველოში მიმდინარე ცვლილებების პარალელურად, რუსული რუბლი და თურქული ლირა უფასურდებოდნენ. შედეგად ლარი რუბლთან 6.4%-ით, ხოლო ლირასთან 14.6%-ით გამყარდა. 

მეტიც, ძლიერმა საგარეო ნაკადებმა საქართველოს ეროვნულ ბანკს მისცა შესაძლებლობა სავალუტო რეზერვები $87 მილიონით შეევსო. რუბლის გაუფასურების და თურქეთისთვის ამერიკული სანქციების დაწესებამ, აგვისტოს დასაწყისში ლარზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ლარი დოლართან მიმართებით თავდაპირველად 2.47-ზე, ხოლო 10 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად კი 2.57-ზე გაუფასურდა, რაც 3.9%-იან ვარდნას წარმოადგენს. 

ჩვენი შეფასებით, მომხდარი თურქეთში სავალუტო ბაზრის ჩამოშლასა და რეკორდულ გაუფასურებას უკავშირდება, რაც ლარზე მოლოდინების არხის მეშვეობით გადმოვიდა. სავალუტო კურსის აღნიშნული შესწორება ძირითად ვალუტებთან მიმართებით მისი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. 

ჩვენი მოლოდინით, 2018 წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-ზე იქნება. წლიური ინფლაცია საგრძნობლად არის შემცირებული. ინფლაციის შემცირება ფასებზე აქციზის მატების ერთჯერადი ეფექტის მოხსნას უკავშირდება. იმპორტული საქონლის მაღალი ინფლაცია იყო ერთერთი მიზეზი, რის გამოც ეროვნული ბანკი 7.25%-მდე გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებდა, რაც ივლისში 7%-მდე შემცირდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ლარის მკვეთრი გამყარების გამო ინფლაციური მოლოდინების შემცირებას უკავშირდებოდა. 

თურქული ლირას გაუფასურების დინამიკაზე დაყრდნობით, გვაქვს მოლოდინი, რომ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2018 წლის ბოლოსთვის 2.70-ს მიაღწევს. სავალუტო კურსების ღირებულების დინამიკა გვიჩვენებს, რომ გასული 6 თვის განმავლობაში, დოლართან მიმართებითბ თურქული ლირას ყოველი 10%-იანი გაუფასურება, დოლართან მიმართებით ლარის 1.2%-იან გაუფასურებას იწვევდა. ჩვენი შეფასებით, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.70-ზე ჩამოვა, რაც ჩვენს წინა მოდელირებას - 2.60-ს აღემატება. ამასთანავე ვვარაუდობთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI), ტურიზმისდა იმპორტის დინამიკის ფონზე აგვისტო/სექტემბერში ლარზე ზეწოლა დაბალი იქნება. 

წაიკითხეთ უფრო ვრცლად - რა ხდება თურქეთში 

კომენტარები