მაიკ პომპეო

მაიკ პომპეო: აშშ ირანს უპრეცედენტოდ მკაცრ სანქციებს დაუწესებს

მაიკ პომპეო
Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით აშშ ირანს "ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს" დაუწესებს.

პომპეოს თქმით 2015 წელს მოხსნილი სანქციების განახლების გარდა ახალ ზომებსაც მიიღებენ, რომელიც "ირანის რეჟიმზე უპრეცედენტო ფინანსურ ზეწოლას" შექმნის და ირანს "ეკონომიკის შენარჩუნებისათვის ბრძოლა მოუწევს." ძველი სანქციები ირანთან თითქმის ყოველგვარ ვაჭრობას კრძალავდა და გამონაკლისს მხოლოდ "ირანელი ხალხისათვის სასარგებლო" სფეროები შეადგენდა, მაგალითად, სამედიცინო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

პომპეოს არ დაუკონკრეტებია რას მოიცავს ახალი სანქციები, თუმცა განაცხადა, რომ გასულ კვირას ირანის ცენტრალურ ბანკზე დაწესებული სანქციები "მხოლოდ დასაწყისია."

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ჩამოაყალიბა პირობები, რომელთა განხორციელების შემთხვევაში აშშ ირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენას განიხილავს. ამ პირობებს შორისაა ირანის მიერ სირიიდან საკუთარი ძალების გამოყვანა, იემენში ამბოხებულთა მხარდაჭერის შეწყვეტა, საერთაშორისო ატომური სააგენტოსთვის სრული ინფორმაციის გადაცემა ძველი სამხედრო ბირთვული პროგრამების შესახებ და მსგავს პროგრამებზე სამუდამოდ უარის თქმა, მეზობლების მიმართ მუქარის შეწყვეტა, მათ შორის ისრაელის განადგურების მუქარის შეწყვეტა, ირანში უკანონოდ დაკავებული ამერიკის და მისი პარტნიორი ქვეყნების ყველა მოქალაქის გათავისუფლება.

პომპეოს განცხადებებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუჰამედ ჯავად ზარიფი გამოეხმაურა და თქვა, რომ ამერიკა "ძველ ჩვეულებებს უბრუნდება." მისივე თქმით ირანი სხვა პარტნიორებთან ერთად 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებაზე მუშაობს და ისინი ერთად გამოსავალს აუცილებლად მონახავენ.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება 8 მაისს გამოაცხადა.

ტრამპის განცხადებით, ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც გადაწყვეტს, დაეხმაროს ირანს თავისი მიზნის შესრულებაში, მკაცრი სანქციები უნდა დაუწესდეს.

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად, არსებული ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებას აპირებენ.

ირანის პრეზიდენტის თქმით ქვეყანა მზადაა ამ ქვეყნებთან შეთანხმების შენარჩუნებაზე იმუშაოს, თუმცა თუ შეთანხმების გადარჩენა ვერ მოხდება ურანის გამდიდრების პროგრამას განაახლებს.

კომენტარები