ბიუროკრატია

პრემიას "ჯილდო" უნდა დაერქვას - რამდენი მილიონის პრემია/დანამატებს იღებს მთავრობა

ტაბულა

"ჯილდო" არის საჯარო სამსახურში წახალისების ახალი მექანიზმის სახელი. პარლამენტი განიხილავს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც უქმდება პრემიის ინსტიტუტი და მას მსგავსი შინაარსის მქონე მექანიზმი "ჯილდო" ანაცვლებს.

რა პრემია/დანამატებს იღებს დღეს მთავრობა?

2016 წელს საჯარო მოხელეთა სახელფასო ფონდი 1.4 მილიარდი ლარი იყო, თუმცა რეალურად ბიუროკრატიის შენახვა ამაზე ძვირი დაჯდა, რადგანაც მოხელეები ხელფასებთან ერეთად პრემიებსა და დანამატებსაც იღებენ. 2016 წელს მთავრობაში 300 მილიონ ლარზე მეტი პრემია/დანამატი გაიცა. საინტერესოა, რომ საჯარო სამსახურებში 2014-2016 წლებში გაცემული პრემიები მცირდება, დანამატები კი იზრდება.

2014-2016 წლებში საჯარო მოხელეებზე გაცემული პრემიების და დანამატების დინამიკა ასე გამოიყურება:

  • 2014 - პრემია 106 მილიონი ლარი, დანამატი 182 მილიონი ლარი
  • 2015 - პრემია 73 მილიონი ლარი, დანამატი 230 მილიონი ლარი
  • 2016 - პრემია 67 მილიონი ლარი, დანამატი 251 მილიონი ლარი

რა სხვაობაა ჯილდოსა და პრემიას შორის:

კანონპროექტის მიხედვით, მოხელე "ჯილდოს" მისი დამსახურებისთვის იღებს. "ჯილდოს" მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაქმებულზე წლის განმავლობაში გასაცემი ხელფასის 10%-ს. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია ამაზე დიდი ჯილდოს გაცემაც, თუმცა მას მთავრობის თანხმობა ესაჭიროება. 

რა იცვლება დანამატებთან მიმართებით:

2017 წლის პირველი ივლისიდან ქვეყანაში ამოქმედდა მოხელეთა კლასიფიკაციის 12 კლასის შესახებ პრემიერმინისტრის მიერ გამოცემული დადგენილება. კანონპროექტი ამ დადგენილებით განსაზღვრული 12 კლასის შესაბამისად ითვალისწინებს ყოველთვიური დანამატების გაცემას. ყველაზე მაღალი, მეთორმეტე კლასის საჯარო მოხელეები ყოველთვიურად ხელფასის 15%-ის ოდენობის დანამატებს მიიღებენ.

მოხელის საკლასო რანგები და მათთან მიმაგრებული ყოველთვიური  დანამატები ასე გამოიყურება:

  1. კლასი - საჯარო სამსახურის მესამე კლასის რეფერენტი, დანამატი 1%
  2. კლასი - საჯარო სამსახურის მეორე კლასის რეფერენტი, დანმატი 2%
  3. კლასი - საჯარო სამსახურის პირველი კლასის რეფერენტი, დანამატი 3%
  4. კლასი - საჯარო სამსახურის მესამე კლასის მრჩეველი, დანამატი 4%
  5. კლასი - საჯარო სამსახურის მეორე კლასის მრჩეველი, დანამატი 5%
  6. კლასი - საჯარო სამსახურის პირველი კლასის მრჩეველი, დანმატი 6%
  7. კლასი - მესამე კლასის მრჩეველი, დანამატი 7%
  8. კლასი - მეორე კლასის მრჩეველი, დანამატი 8%
  9. კლასი - პირველი კლასის მრჩეველი, დანამატი 9%
  10. კლასი - სახელმწიფო მრჩეველი, დანამატი 10%
  11. კლასი - პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი, დანამატი 12%
  12. კლასი - ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, დანამატი 15%

2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოში 115 ათასი საჯარო მოსამსახურეა, ამ დროისთვის უცნობია მათგან რა ნაწილს რა კლასი მიენიჭება.

კომენტარები