რეპერების გამოშვებით დამთავრდა რაღაც ეპიზოდი, ასე რომ გარკვეული შეჯამების დროა (წინასწარ ბოდიში გრძელი პოსტისთვის).
1. შაბათის აქციის ფაქტი იყო კარგი. ასევე კარგია, რომ მან შედეგი გამოიღო და ხელისუფლებას ცოტათი მაინც უკან დაახევინა. ყოველი ასეთი პრეცედენტი თავისთავად მისასალმებელია.
2. მაგრამ ამ აქციის, მისი ორგანიზატორების და მონაწილეების მთლად საკრალიზაცია და ქვეყნის იმედად წარმოდგენა არ ვარგა. „ერის სინდისი“ თეთრად მოხმაურეებში არ გადასახლებულა (თუმცა მეტ-ნაკლებად ორგანიზებული ინტერესთა ჯგუფის ჩამოყალიბება თავისთვად კარგია) მე აქციაზე გვიან მივედი და, ცხადია, რაღაცეები გამოვტოვე, მაგრამ რაც მოვისმინე, ბევრი რამ არ მომეწონა. პირველ რიგში ესაა აქცენტის გადატანა ნარკოპოლიტიკაზე, თითქოს ესაა ამ შემთხვევაში თუნდაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. გასაგებია რომ ორგანიზატორებისთვის (თეთრი ხმაურის მოძრაობისთვის) ესაა მთავარი პრობლემა და ამდენი ხალხი რომ მივიდა, თავისი დღის წესრიგის შესაბამისად გამოიყენეს. მაგრამ ამით მაინც ნაწილობრივ მიიჩქმალა მთავარი, ანუ სასჯელი „არასწორი“ იდეების გამოხატვისთვის და სავარაუდო „ჩადების“ მეთოდი. რაც არ უნდა გაალიბერალურო ნარკოპოლიტიკა, რაღაც ნარკოტიკის ტარება რაღაც რაოდენობით მაინც იქნება აკრძალული (იმედია), და იმას „ჩაუდებს“ პოლიცია, თუ გული გულობს.
3. აუდიტორია 115-ის ბღავილზე აღარაფერს ვიტყვი, გაქცევა მომინდა (მალე წავედი კიდეც).
4. თემის ასეთი შეცვლა მომგებიანი იყო ხელისუფლებისთვის: მას შეეშინდა ახალგაზრდების პროტესტის, მაგრამ შეგნებულად გადაიტანა აქცენტი მისთვის მტკივენეული საკითხიდან (პოლიციის თვითნებობა) ნაკლებ მტკივნეულზე (ნარკოპოლიტიკის ზოგადი პრინციპები). ეს აქცენტის გადატანა აქციის ორგანიზატორებსაც აწყობდათ (თეთრი ხმაურის დღის წესრიგიდან გამომდინარე). მე არ მჯერა კონსპირაციის თეორიების, რომ ყველაფერი ვიღაცის (ხელისუფლების) დადგმული იყო, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლების და „თეთრი ხმაურის“ ინტერესები ნაწილობრივ მაინც ერთმანეთს ფარავს. მთავარია, „ბიჭები გამოუშვეს“ (თუნდაც გირაოთი) და ნარკოპოლიტიკის შერბილებას დაგვპირდნენ, ნამეტანსაც ნუ მოვინდომებთ.
5. ხელისუფლება ტაქტიკურად სწორად მოიქცა: იმ მომენტში მუხტი შეანელა და ისე წარმოადგინა თავი, თითქოს „ხალხს უსმენს“. კახა კალაძემ ხომ საერთოდ ამით დაიწყო პირადი საარჩევნო კამპანია (შეიძლება, მეტისმეტად „იავნად“, მაგრამ ვიღაცის გული მაინც მოიგო). (არ გამორიცხავ, რომ რაციონალური ტაქტიკური ალიანსიც შედგეს კალაძესა და „ხმაურს“ შორის: მე ნარკოპოლიტიკის შერბილებას ვულობირებ, თქვენ ახალგაზრდების ხმები მიშოვეთ. Business as usual)) მაგრამ იმის იმედი, რომ იმ, მთავარ საქმეზე ვინმე დაისჯება (თუნდაც რიგითი პოლიციელი), გულუბრყვილო მგონია. ეს ხელისუფლების ინტერესებში არ შედის (თუნდაც ორი პოლიციელის გაწირვა პოლიციას მორალს უგდებს, თან მაინც არავინ დაიჯერებს, რომ რიგითი პოლიციელების ინიციატივაა ყველაფერი). ყოველთვის ადვილია მინიშნება, რომ კი, შეიძლება იყოს ეჭვი „ჩადებაზე“, მაგრამ ვერ ვამტკიცებთ და რა ვქნათ. ვერც ჩადება მტკიცდება და ვერც ის, რომ რეპერებს ნარკოტიკები ჰქონდათ: ყველა კმაყოფილია.
6. ისე ჩანს, რომ თვით რეპერების მთავარი ინტერესი ახლა ისაა, რომ ციხეში არ შეაბრუნონ (ხომ არავის უთქვამს, რომ უდანაშაულოები არიან), დიდ სამოქალაქო სიმწიფეს და პრინციპულობას მათგან არ ველი. ბერასთვის მადლობის მოხდა მე პირადად დიდად არ მაწუხებს (ზრდილობის ამბავია, ამ კონტექსტში), მაგრამ პოლიტიკური სახის კომენტარი („სირცხვილი მათ, ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება“), ხელისუფლების მესიჯ-ბოქსს ჰგავს: საზიზღარ ოპოზიციას უნდა, რაღაცეებით ხელი მოითბოს, სამარცხვინოები ეგენი. (თუ, რა თქმა უნდა, კალაძე არ იგულისხმეს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში, რისაც, რაღაცნაირად, არ მჯერა).
7. ვიმეორებ, ძალიან კარგია, პროტესტის ასე სწრაფად მობილიზაცია რომ მოხდა, და მთლიანობაში კარგი აქცია იყო, მაგრამ ახალგაზრდების ნარცისული ანტიპოლიტიკურობით აღფრთოვანება („ჩვენ არავის ვენდობით ერთმანეთის გარდა“ - სიამაყით წერს ერთ-ერთი მათგანი) სრულიად უადგილოა. გარდა იმისა, რომ ტყუილია, რომ ერთმანეთს ენდობიან (ის კი ვიცი, რომ ლევაკური ფრაქციები, როგორც ყველგან, ერთმანეთზე გადაკიდებული არიან), თუ რამის მიღწევა უნდათ (ნარკოპოლიტიკის შეცვლის ან ნებისმიერ სხვა სფეროში) პოლიტიკურ თამაშებში უნდა შევიდნენ და ამას აკეთებენ კიდეც (რაც თავისთავად ნორმალურია). უმანკობანას თამაში წახალისებას არ იმსახურებს.