რელიგიის თავისუფლება საქართველოში

სახ. დეპი: იეჰოვას მოწმეები 2015 წელს მომხდარ 51 ძალადობრივ ფაქტზე საუბრობენ

EPA

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, 2015 წელს საქართველოში გამოვლენილი რელიგიური დისკრიმინაციის შემთხვევების შესახებ ყოველწლიური მოხსენება გამოაქვეყნა. მოხსენებაში რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის მრავალ შემთხვევაზეა საუბარი.

"2015 წელს რელიგიურმა ორგანიზაციამ "იეჰოვას მოწმეებმა", მათ მიმართ უწყვეტად მიმდინარე დისკრიმინაციის შესახებ განაცხადეს. მათ რელიგიურ საქმიანობაში ჩარევის ფაქტები გამოიხატებოდა ფიზიკურ თავდასხმებსა და შევიწროებებში. იეჰოვას მოწმეებმა სულ 51 ძალადობრივი ფაქტის შესახებ განაცხადეს (2014 წელს დაფიქსირდა 65 შემთხვევა). ზემოხსენებული 51 შემთხვევა მოიცავდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რელიგიური მსახურების ჩაშლას, საკუთრების დაზიანებას და ვანდალიზმს, ქუჩის სტენდების დაშლის მცდელობებსა და ლიტერატურის გავრცელების ხელისშეშლის ფაქტებს. იეჰოვას მოწმეების წარმომადგენლების განცხადებით, 23 ნოემბერს, თბილისში, ვაზისუბანში, სამეფო დარბაზს (მათი ღვთისმსახურების ადგილს) სულ მცირე 15 ტყვია ესროლეს. შეიარაღებულ თავდასხმაზე განცხადება გაკეთდა 30 ნოემბერსაც: იეჰოვას მოწმეების წარმომადგენლის თქმით, უცნობმა ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა სამეფო დარბაზს. ინციდენტზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს.

აპრილში, იეჰოვას მოწმეების თქმით, თერჯოლის მოსახლეობა წერილის საშუალებით ემუქრებოდა რელიგიურ ორგანიზაციას და უკრძალავდა სამეფო დარბაზის აშენებას. ადგილობრივი მართლმადიდებულური ეკლესიის წარმომადგენლებმა ამ ფაქტს პროვოკაცია და იეჰოვას მოწმეებზე დევნის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გადაბრალების მცდელობა უწოდეს.

იეჰოვას მოწმეების გარდა, დისკრიმინაციის ფაქტზე საუბრობენ სხვა რელიგიური უმცირესობებიც, მათ შორის: მუსლიმები, კათოლიკეები და პროტესტანტები. მათი განცხადებით, რელიგიურ უმცირესობებს არ ეძლევათ ღვთისმსახურების ჩატარებისა და რელიგიური სკოლების დაარსების საშუალება", - ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარები