თეორემა

რატომ ვერ შედგა სამხედრო გადატრიალება თურქეთში

პარასკევ საღამოს,  თურქეთის რესპუბლიკის არმიის ჯერ ბოლომდე დაუდგენელმა ნაწილმა სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა - მიზანი რეჯებ ტაიპ ერდოღანის და მისი მთავრობის დამხობა იყო.გადატრიალების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ თურქეთის მთელი არმიის სახელით მოქმედებდნენ და მათი მიზანი დემოკრატიის დაცვა იყო - მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანი სწორედ დემოკრატიული წესითაა არჩეული.კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვის სახელით სამხედროთა ნაწილმა სტამბოლის ორი ხიდი დაიკავა, აიღო მმართველი პარტიის ოფისები, დააკავა ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქალაქ ანკარის თავზე კი სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდნენ.მიუხედავად იმისა, რომ შემდგარი სამხედრო გადატრიალების ბევრი ნიშანი უკვე სახეზე იყო,  აჯანყებულებმა მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს - მათ  ვერ შეძლეს ვერც მოსახლეობის და ვერც საერთაშორისო საზოგადოების  დარწმუნება რომ გამარჯვება უკვე მათ ხელში იყო, ამან კი ერდოღანს და მის მომხრეებს მოქმედებისთვის დრო დაუტოვა.  ეს დრო მმართველმა პოლიტიკურმა ჯგუფმა სწორად გამოიყენა და ძალაუფლების შენარჩუნება შეძლო.ახლა ერდოღანი უკვე თავის სასარგებლოდ იყენებს აჯანყებას და პოლიტიკური ოპონენტების განადგურებაზეა გადასული.  აჯანყების დაწყებიდან მალევე ერდოღანმა მთავარ ორგანიზატორად ამერიკაში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირი, ფეტულა გიულენი დაასახელა. გიულენი ერდოღანის ძველი მოკავშირე, ახლა მასთან რადიკალურად დაპირისპირებული ადამიანია. ათასობით ბრალდებული მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევა ძალაუფლება შენარჩუნებული თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი. 

კომენტარები