მთავრობა წელს ბიუჯეტის 400 მილიონი ლარით კორექტირებას აღარ მოახდენს

iStockPhoto

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2016 წლის ბიუჯეტის დაახლოებით 400 მილიონით შემცირებას გეგმავდა, თუმცა დღეს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, წელს ბიუჯეტის ამ მასშტაბის კორექტირება აღარ მოხდება. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიზნესასოციაციებთან გამართულ შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდეს, აქამდე არსებული გეგმის მიხედვით კი, მოგების გადასახადის ესტონური მოდელი პირველი ივლისიდან უნდა შესულიყო ძალაში. ბიუჯეტის კორექტირებაც სწორედ მოგების გადასახადის რეფორმას უკავშირდებოდა, რადგანაც მოგების გადასახადის განაწილებული მოგების გადასახადით ჩანაცვლების შემთხვევაში 2016 წლის ბიუჯეტში დაგეგმილზე დაახლოებით 400 მილიონი ლარით ნაკლები თანხა შევიდოდა, რის გამოც მთავრობას საკუთარი ხარჯების 400 მილიონი ლარით შემცირება მოუწევდა. 

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ აქამდე ბიუჯეტის 350-400 მილიონით შემცირება განიხილებოდა, თუმცა წელს ის საჭირო აღარ იქნება:

"დაახლოებით 350 -400 მილიონი ლარის შეკვეცაზე იყო საუბარი, თუმცა თქვენ იცით, რომ ბიზნესისაგან იყო თხოვნა და რეკომენდაცია, რომ მოგების გადასახადის კანონპროექტი ამოქმედებულიყო 2017 წლის პირველი იანვრიდან, ანუ ახალი ფისკალური წლიდან იმისათვის რათა პრობლემები არ შექმნოდა ბიზნესს და აღრიცხვიანობა მოწესრიგებულიყო. ჯობდა, რომ დრო გვქონოდა მეტი ბიზნესსაც და შემოსავლების სამსახურსაც, რათა ამ მნიშვნელოვანი რეფორმისთვის კარგად მომზადებულიყო", - ამბობს ნოდარ ხადური.

ნოდარ ხადური ბიუჯეტის კორექტირების ალბათობას სრულად არ გამორიცხავს, მისი თქმით, სამინისტრო მუშაობს გარკვეულ პროექტზე, რომლის შედეგადაც დაიზოგება ადმინისტრაციული ხარჯები, დაზოგილი თანხა კი ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ იქნება მიმართული.

"ჩვენ ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის ბიუჯეტში შესაძლოა განვახორციელოთ ცვლილებები. მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცა და მოხდეს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხის დამატება და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება წელსვე საქართველოში", - ამბობს ხადური.

ეკონომისტთა ნაწილის შეფასებით, წელს ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარით კორექტირება დადებითი ფაქტორი იქნებოდა, თუმცა, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, წელს ამ მასშტაბის ბიუჯეტის კორექტირება არ მოხდება.

კომენტარები