კომუნიკაციები

კავკასუს ონლაინი: ბილაინისთვის შავი ზღვის კაბელის მიყიდვა არ იგეგმება

techreviewer.co.uk

კავკასუს ონლაინმა ბილაინთან გასაფორმებელ კონტრაქტთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბილაინისთვის შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ინტერნეტ კაბელის მიყიდვა არ განიხილება. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე კავკასუს ონლაინს აქვს მოლაპარაკება რამდენიმე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან, მათ შორის ვიმპელკომთან და მაგთიკომთან საცალო სეგმენტის შესყიდვის თაობაზე. მოლაპარაკებების საგანი არ არის შავი ზღვის  კაბელის და სახმელეთო მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გასხვისება. პროცესი არის გამჭვირვალე და კომპანიის იმ აქტივების დეტალური ჩამონათვალი, რომლის შესაძლო გასხვისებაზეცაა საუბარი გაგზავნილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, როგორც ამას მოითხოვს კომისიის დებულებები: კომპანიაში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის შერწყმის, კომპანიაში წილების ან საოპერაციო აქტივების ნასყიდობის შესახებ ავტორიზებული პირი ვალდებულია მიიღოს კომიისიის წინასწარი თანხმობა.  კომისიისთვის გაგზავნილ ჩამონათვალში არ არის შავი ზღვის მაგისტრალური კაბელი, შესაბამისად ის არ არის კომერციული შეთანხმების ნაწილი." -წერია კავკასუს ონლაინის განცხადებაში.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, კი კავკასუსსა და ბილაინს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა, რის შედეგადაც ქვეყნის ინტერნეტ მომარაგების უმთავრესი წყარო რუსული კომპანიის ხელში აღმოჩნდება. 

"ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები მიდიოდა, რამდენიმე თვეა, არსებობდა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გადავამოწმეთ და ჩვენი ინფორმაციით, დადასტურდა, რომ საუბარი არ მიდის მხოლოდ ამაზე. საუბარი მიდის იმაზე, რომ ეს მაგისტრალური ხაზი, რომლითაც სარგებლობს საქართველო და კავკასია, შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ ვიმპელკომის ხელში. ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და ეს მოლაპარაკება შევიდა დასკვნით ფაზაში." - ამბობს ალასანია.

საუბარია საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალზე, რომლითაც ამჟამად კავკასუს ონლაინი ოპერირებს. თავად კავკასუსის ბოლო პერიოდის განცხადებით, ის კომპანიის ორ ნაწილად გაყოფას გეგმავს და სურს საცალო მომსახურების სეგმენტის შპს მობიტელისთვის გადაცემა, რომელიც, თავის მხრივ, ვიმპელკომის შვილობილი კომპანიაა. რაც შეეხება საბითუმო ბაზრის სეგმენტს, რაც გულისხმობს ქსელურ ინფრასტრუქტურას და მაგისტრალებს, მათ შორის, საქართველო-ბულგარეთის (ფოთი-ვარნა) დამაკავშირებელ მაგისტრალს, კავკასუსი ოპერირების გაგრძელებას აპირებს.

კომენტარები