საპოლიციო გამოსახლება

გვასალია: საპოლიციო გამოსახლების გაუქმება საკუთრების უფლებას ზღუდავს

ტაბულა

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ გვასალიას შეფასებით, პარლამენტის მიერ საპოლიციო გამოსახლების აკრძალვა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. გვასალია ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილების შედეგად იპოთეკურ ბაზარზე არსებითი პრობლემები შეიქმნება, რაც საბოლოოდ ამ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას გამოიწვევს. ასოციაცია მიღებულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

"სერიოზული პრობლემები შეიქმნება იპოთეკურ ბაზარზე, გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები, ვინაიდან ეს ყველაფერი რისკებთან არის დაკავშირებული და სწორედ რისკების გამო საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება. გარდა ამ პრობლემებისა, ეს არის პირდაპირ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა. მტკიცებულების ტვირთი გადადის მესაკუთრეზე და ეს სერიოზული პრობლემაა, იმ დროს, როდესაც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისათვის მთავარი არის საკუთრების უფლება და მისი დაცვა. მტკიცებულების ტვირთის მესაკუთრეზე გადასვლა ნიშნავს, რომ რაღაც გაურკვეველი დროით მესაკუთრე ვეღარ სარგებლობს თავისი საკუთრებით. და ეს სასამართლო პროცესებში უნდა იყოს გაწერილი", - ამბობს ზურაბ გვასალია.

გვასალიას შეფასებით, საპოლიციო გამოსახლების აკრძალვა უარყოფითად არა მხოლოდ საბანკო ურთიერთობებზე, არამედ მთელ რიგ სამოქალაქო ურთიერთობებზე აისახება. 

"აქ არ არის საუბარი მხოლოდ საბანკო ურთიერთობებზე ან საკრედიტო ორგანიზაციებთან ურთიერთობებზე. აქ არის საუბარი სამოქალაქო ურთიერთობაზე, მაგალითად, ქირავნობა, გირავნობა ასევე პრობლემა იქნება. არგამოსვლის შემთხვევაში საკუთრებიდან მთელი ტვირთი გადადის მესაკუთრეზე და სასამართლო ხარჯებიც სწორედ მასზეა. აქ არავის მდგომარეობა არ უმჯობესდება. სტატისტიკურად, თითქმის 100%-ით მაინც წაგებული არის მეორე მხარე და არა მესაკუთრე", - ამბობს გვასალია. 

საპოლიციო გამოსახლების აკრძალვასთან დაკავშირებით, საკუთარი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომაც (TI) გაავრცელა. ორგანიზაციის შეფასებით, საკუთრებიდან გამოსახლების ახალი სქემა საკუთრების უფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვას იწვევს. TI-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ცვლილება უარყოფითად აისახება საქართველოს რეიტინგებზე ბიზნესის კეთების მიმართულებით. 

"ვფიქრობთ, რომ ეს თავის მხრივ იქონიებს გავლენას ეკონომიკის ამ სექტორების განვითარებაზე, და გააუარესებს საქართველოს პოზიციებს შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უარყოფითი შედეგების რისკებს ვერ ამცირებს მეორე მოსმენის დროს განხორციელებული ცვლილებებიც", - ნათქვამია TI-ის განცხადებაში.

აქამდე მოქმედი ნორმის მიხედვით, მესაკუთრეს მისი კუთვნილი უძრავი ნივთის მფლობელის (რომელსაც მფლობელობის უფლების დამდგენი წერილობითი საბუთი არ გააჩნია) გამოსახლების მოთხოვნით შეეძლოპოლიციისთვის მიემართა.

კანონის ავტორი უმრავლესობის წევრი პაატა კიკნაველიძეა. კიკნაველიძის შეფასებით, საპოლიციო გამოსახლების გაუქმება ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცულობას ამაღლებს. 

კომენტარები