ლარის გაუფასურება

ტურისტული სეზონის ფონზე ლარის გაუფასურების პიკი დაფიქსირდა

ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.36 ლარია
ტაბულა

ეროვნული ბანკის მონაცემებით 2015 წლის სავალუტო კრიზისის პიკური ნიშნული დღეს დადგინდა. ერთი აშშ დოლარი 2.364 ლარი ღირს. წელს ერთი აშშ დოლარი 2.36-ზე მაღალი მხოლოდ ოთხჯერ იყო, აქედან სამჯერ მაისში. 16 მაისს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.3637 იყო, დღეს კი დოლარი 0.0003-ით უფრო ძვირი - 2.364 ღირდა. მთავრობის წევრები და ეკონომისტები ტურისტული სეზონის ფონზე ლარის არა გაუფასურებას, არამედ გამყარებას ვარაუდობდნენ. 

ევროსთან მიმართებით კი, ეროვნული ვალუტა 8.2 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი ევრო 2.7162 ლარი ეღირება. კომერციულ ბანკებსა და საერთაშორისო საფინანსო სისტემა Bloomberg-ზე ლარის კურსი უფრო დაბალია და ის დოლართან მიმართებით 2.39-ს შეადგენს. 

მთავრობა ლარის გამყარებას ტურისტული სეზონის დროს ელოდა, თუმცა წელს იმ პირთა რაოდენობა, ვინც საქართველოში 24 საათზე მეტი ხნით რჩება, 0.2%-ით შემცირდა. ლარის გაუფასურება ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა.

ლარის კურსზე საგარეო ფაქტორებიც მოქმედებენ, გასული დღეების განმავლობაში რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება საგრძნობლად გაუარესდა, რაც ამ რეგიონის წამყვანი ეკონომიკების, რუსეთის, ყაზახეთისა და თურქეთის ეროვნული ვალუტების გაუფასურებაში აისახა. ლარის უკანასკნელი გაუფასურება რეგიონში გაუარესებული ეკონომიკური ვითარებას უკავშირდება, რაც ყაზახური ტენგეს 27%-იანი გაუფასურებით არის გამოწვეული. ასევე სწრაფი ტემპებით უფასურდება თურქული ლირაც. დღესვე დოლართან მიმართებით რუსული რუბლი 1997 წლის ნიშნულამდე გაუფასურდა. ერთი ამასთანავე, დღეს ევროს კურსი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, რაც საქართველოშიც ევროს გამყარების ერთ-ერთი მიზეზია. 

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

კომენტარები