ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა

ბოკერია: უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ, ამისთვის სხვა მთავრობა გვჭირდება

გიგა ბოკერია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს სვლა ევროპის და ევროატლანტიკური სივრცისკენ. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ამისათვის ქვეყანას სხვა მთავრობა სჭირდება. 

"საერთაშორისო ვითარება, როგორიც არ უნდა იყოს ამა თუ იმ მომენტში, ჩვენი, საქართველოს ამოცანაა - ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საშუალო, მცირე, თუ დიდი ნაბიჯებით ვიაროთ სწორი მიმართულებით ჩვენი უსაფრთხოებისკენ, ჩვენი თავისუფლებისკენ, ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობისკენ, რაც ევროპისკენ და ევროატლანტიკური სივრცისკენ სვლაა. მაგრამ ამ საქმის ეფექტურობას სჭირდება მთავრობა, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს, რომელიც არის კომპეტენტური და აქვს ენერგია, კოორდინაცია, რომ ეს აკეთოს. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი მთავრობა არ გვყავს და ეს ვიცით ყველამ. იმისდა მიუხედავად, თუ როგორი იყო საერთაშორისო კონიუნქტურა, ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს და ამის ერთი მაგალითია ის, რომ მოლდოვას დღეს და უკვე კარგა ხანია თავისი მოქალაქეებისთვის აქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში და ჩვენ დღემდე ამას ვერ მივაღწიეთ. ამას სხვა ფაქტორებთან ერთად ხელი შეუწყო ჩვენი მთავრობის არაკოორდინირებულობამ, არაკომპეტენტურობამ და ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის გაფუჭებამ კრიმინალთან ბრძოლის საქმეში. ეს არის რეალობა, რომელიც გვაქვს. ჩვენი ამოცანა რჩება იგივე - საქართველომ უნდა გააგრძელოს სვლა იმ მიმართულებით, რაც აირჩია ხალხმა, მაგრამ ამისთვის გვჭირდება სხვა მთავრობა, რომელიც ამ ამოცანის შემსრულებელია და რომელსაც ესმის, თუ როგორ უნდა მუშაობა. ივანიშვილი სანამ აკონტროლებს საქართველოს მთავრობას, ეს, სამწუხაროდ, ეფექტურად ვერ მოხდება", - განაცხადა ბოკერიამ.

რადიო თავისუფლების ცნობით, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოლოდინების მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციის პროექტი ამ ქვეყნების ევროპული პერსპექტივის შესახებ განაცხადს არ შეიცავს. დოკუმენტის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახით 21-22 მაისს რიგის სამიტზე მიიღებს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურმა მოამზადა და კონსულტაციის მიზნით გადაუგზავნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას - საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, მოლდოვასა და ბელარუსს. განცხადების პროექტი რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა მოიპოვა.

სამი ქვეყანა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა, იმედოვნებდა, რომ რიგის სამიტზე მომავალში მათი ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის აღიარება მოხდებოდა. ამის ნაცვლად, დეკლარაციის პროექტი საუბრობს მხოლოდ "თითოეული პარტნიორის სუვერენულ უფლებაზე", თავისუფლად აირჩიოს ევროკავშირთან ურთიერთობაში ამბიციის დონე და მიზანი.

პროექტი აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროკავშირის ამბიციების შესუსტებაზე მიუთითებს და მნიშვნელოვან მარცხს წარმოადგენს პოლონეთისა და ლიტვისათვის, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გასწიეს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროინტეგრაციის ხელშესაწყობად.

კომენტარები