საჰაერო თავდაცვა

ალასანია: პარიზში ხელმოწერილი ოქმის ტექსტი პრემიერთან შეთანხმებული იყო

თავისუფალი დემოკრატები

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, 2014 წლის 28 ოქტომბერს, საფრანგეთში, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელმა მდივანმა მინდია ჯანელიძემ პრემიერმინისტრის სახელით ორჯერ დაურეკა და უთხრა, საჰაერო თავდაცვითი სისტემის შესყიდვაზე განზრახულობათა ოქმის ხელმოწერისგან თავი შეეკავებინა. როგორც პარტია თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ე.წ. კაბელების საქმეზე მომზადებულ ფილმში ამბობს, აღნიშნული ოქმის ხელმოწერის შესახებ მთავრობა ინფორმირებული იყო და მასზე უსაფრთხოების კაბინეტი წელიწად-ნახევარის განმავლობაში მუშაობდა.

„ვიკითხე, თუ რა იყო ახალი გარემოება, რამ მიაღებინა პრემიერს ეს გადაწყვეტილება (პრემიერის სახელით მელაპარაკებოდა). ვერ ამიხსნა. მე მას ვთხოვე, რომ მიბრუნებულიყო პრემიერთან, ვინაიდან მე ვცადე დაკავშირება და დაკავებული იყო, როგორც ამიხსნეს. მე ვთხოვე, რომ მისულიყო მასთან და აეხსნა, რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა. მიბრუნდა, 10-15 წუთში გადმომირეკა და მითხრა: "არა, უნდა მოძებნოთ გონივრული გამოსავალი და არ მოაწეროთ ხელი". მე ვუთხარი, რომ ერთადერთი გონივრული გამოსავალი ეს არის, რომ ხელი მოეწერება მემორანდუმს. მეორე დილით, 10-ის ნახევარზე იყო დაგეგმილი ხელმოწერა სპეციალურ თავდაცვით ინდუსტრიებთან. მე ვუთხარი, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი ხელმოწერაა, რადგან შეთანხმებულია ყველა დონეზე და, რაც მთავარია, საქართველოს ჯარს და მოსახლეობას ეს სჭირდება", - აცხადებს ალასანია და აღნიშნავს, რომ "პრემიერთან გავლილი იყო განზრახულობათა ოქმის ტექსტი და ეს იცოდა პრემიერმაც და მინდია ჯანელიძემაც".

"ეს თემა წელიწად-ნახევრის განმავლობაში იყო განხილული სხვადასხვა დოზით უსაფრთხოების კაბინეტშიც, მათ შორის პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, სადაც პრინციპული შეთანხმება შედგა. ეს იყო, თუ არ ვცდები, 2013 წლის დასაწყისში. შემდეგ კი, უკვე დეტალურად განვიხილეთ არაერთხელ უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან და შეთანხმება შედგა, რომ ეს ის პროექტი იყო, რომელიც საქართველოს აწყობდა", - ამბობს ყოფილი მინისტრი.

ირაკლი ალასანიას შეფასებით, "მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთმა, რომელსაც აქამდე პრაქტიკულად ფარული ემბარგო ჰქონდა გამოცხადებული საქართველოს მიმართ იარაღის მოწოდებაზე. ერთი წლის განმავლობაში ინტენსიური მუშაობით ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილება მივაღებინეთ საფრანგეთს".

ფილმში ნათქვამია, რომ "ირაკლი ალასანიამ განზრახულობათა ოქმს საჰაერო თავდაცვის ულტრათანამედროვე სისტემის შესყიდვაზე 29 ოქტომბერს მოაწერა ხელი, რა დროსაც უკვე იცის, რომ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დააკავეს". ფილმში გამოყენებულია ხელმოწერის ფოტოებიც. 

ფილმი თავისუფალი დემოკრატების ლიდერის განცხადებით სრულდება - "ცუდად მიცნობენ, იმიტომ, რომ როდესაც ასეთი ზეწოლა ხდება, პირიქით, მე კიდევ უფრო მიზანმიმართული ვხდები ჩემი ამოცანების მიღწევაში", - აცხადებს ირაკლი ალასანია.

კომენტარები