ლარის კურსი

მთავრობის ეკონომიკური გუნდი: ლარის გაცვლითი კურსი მაისამდე არ დასტაბილურდება

მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა განაცხადეს, რომ ლარის გაცვლითი კურსი მაისამდე არ დასტაბილურდება.

მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე საქართველოში შემქნილი სავალუტო შოკი და მისი მოგვარების გზები განიხილებოდა. შეხვედრა მინისტრებმა უკომენტაროდ დატოვეს.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, სახელმწიფო პრივატიზაციის ახალ ტალღას დაიწყებს, გასაყიდ ობიექტებს შორის ეკონომიკის სამინისტროს ამჟამინდელი შენობა, ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, ბობოყვათის რეზიდენცია და სხვა ობიექტები მოექცევიან.  აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ პრივატიზაციის პროცესი პრაქტიკულად გაანახევრა. 2015 წლის ბიუჯეტით მთავრობა პრივატიზებით გეგმავდა მხოლოდ 80 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავდა.  მეტიც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სახელმწიფომ ადრე პრივატიზებული საავადმყოფოების გამოსყიდვას გეგმავდა. ეს ყველაფერი, იმის მიუხედავად, რომ პრივატიზების პროცესი ორმხრივად სასარგებლოა -  სახელმწიფოს წამგებიანი აქტივებისგან განთავისუფლებასა და ფისკალური შემოსავლების მიღებაში ეხმარება, ხოლო ბიზნესი კი ამ პროცესით ახალ აქტივებს ყიდულობს და წარმოებას ავითარებს.

ოპოზიცია ხელისუფლებას პრივატიზების პროცესის შეფერხების გამო აკრიტიკებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით,  მთავრობას პრივატიზების პროცესი არ უნდა შეეჩერებინა, რაც ამ მთავრობის ერთე-ერთ შემცდომას წარმოადგენს.

გაუფასურებული ლარის ფონზე, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები დღეს  ბიზნესმენებს შეხვდნენ. ბიზნესმენთა  შეფასებით, ლარის გაუფასურებით ბიზნესი ერთმნიშვნელოვნად ზარალდება. ისინი  სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ იმ პროგრამებზეც საუბრობენ, რომლებიც ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გააუარესებს.

დღესვე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად ერთი კვირის ვადა მისცა. ერთი კვირის შემდეგ ბანკებმა უნდა წარმოადგინონ გეგმა, თუ როგორ იმოქმედებენ იმ ფიზიკური პირების მიმართ, ვისაც სესხები აქვთ დოლარში, ხოლო შემოსავალი ლარში, რათა მათ ტვირთი შეუმსუბუქონ.

ქადაგიძის თქმით, ბანკების მხირად აღნიშნულ ინიციატივას ბანკების განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ფიზიკურ პირებს, ვისაც სესხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აქვთ აღებული, აღნიშნული ინიციატივა არ შეეხებათ, რადგანაც ეროვნული ბანკი მათ საქმიანობას არ არეგულირებს.

თიბისი ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრის ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით ქვეყანაში არის სავალუტო შოკი, რის გამოც საბანკო სექტორისთვის რისკები გაზრდილია. მისი თქმით, საბანკო სექტორი მაქსიმალურად შეეცდება, რომ არსებული შოკიდან ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს.

ლარის გაუფასურების გამო დოლარში სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით  დოლარიზაციის კოეფიციენტი იანვრის თვეში 4 პროცენტით გაიზარდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოსახლეობას ეროვნული ვალუტის ნდობა შეუმცირდა. დოლარიზაციის კოეფიციენტის ზრდის პარალელურად ლარის კურსი ვარდნას კვლავინდებურად განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 1 დოლარი 2 ლარი და 26 თეთრი ღირს.  ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი  დოლარის შეძენა 2 ლარად და 36 თეთრად შეიძლება.  

კომენტარები