თეორემა

შოკში ჩავარდნილი ეკონომიკა და უფასო ლარი

ლარი დღესაც გაუფასურდა როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით. ეროვნული ბანკის კურსით ასი დოლარის საყიდლად 222 ლარი, ხოლო 100 ევროს საყიდლად 248 ლარი დაგჭირდებათ. ეკონომიკურ შოკზე საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ლარის გასამაგრებლად ეკონომიკიდან ფულის ამოღებას გეგმავს.

ეკონომიკის მინისტრმა 2015 წლის ზრდის პროგნოზი 5%-იდან 2.5% - მდე შეამცირა, თუმცა, როგორც ბიძინა ივანიშვილის შეგირდს შეეფერება - კვირიკაშვილიც ჯიუტად იმეორებს, რომ პესიმიზმის საფუძველი არ გვაქვს. ეკონომიკის მინისტრის შემართებას მოქალაქეები არ იზიარებენ.

იმისთვის, რომ ლარი არ გაუფასურდეს, ქვეყანაში დოლარი უნდა შემოვიდეს. დოლარი რამდენიმე გზით შემოდის - ყველა გზაზე პრობლემებია. ექსპორტი გასულ წელს ორი პროცენტით, ხოლო წელს, იანვარში, 30 პროცენტით შემცირდა. ტურიზმის ზრდა 2014 წელს წინა წელთან შედარებით 12-ჯერ შეფერხებულია, ხოლო იანვარში შემცირება დაიწყო. რაც შეეხება ინვესტიციებს - ტაბულამ დღეს კითხვით მიმართა ხელისუფლების წარმომადგენლებს და სთხოვა დაესახელებინათ სამი უცხოელი ინვესტორი, რომელიც საქართველოში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ შემოვიდა. ხელისუფლება კითხვას გაექცა - გამონაკლისი მხოლოდ პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე აღმოჩნდა, რომელმაც ასეთად ჰუალინგ ჯგუფი დაასახელა.

საგულისხმოა, რომ ჰუალინგ ჯგუფი საქართველოში 2007 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს და ქართული ოცნება მის შემოსვლასთან არაფერ შუაშია.

თეორემას მთავარი თემა, მოსახლეობის მთავარი სატკივარი - ეკონომიკა იქნება. შევეცდებით იმის პროგნოზირებას, თუ რამდენად ღრმა კრიზისი გველის წინ. ვისაუბრებთ იმაზეც, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კრიზისის დასაძლევად.

კომენტარები