აფხაზეთის ანექსია

ენმ-ის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს რეზოლუციის პროექტი გააცნეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული რეზოლუციის საკუთარი პროექტი გააცნეს. ოპოზიციის წევრები ითხოვენ, რომ პარლამენტმა რეზოლუცია მიიღოს, ვინაიდან მასში შეტანილია ის წინადადებები, რომელიც ხელისუფლებამ რუსეთის აგრესიას უნდა დაუპირისპიროს.

უმცირესობის დეპუტატები მოუწოდებენ მთავრობას, განახორციელოს თანმიმდევრული კოორდინირებული  და დიპლომატიური ქმედებები საერთაშორისო პარტნიორების მოსამზადებლად, ასევე მიმართოს ყველანაირ ძალას ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსების ძალების გაყვანისათვის, სრულად აამოქმედოს საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული ბერკეტები. ოპოზიცია ასევე მიმართავს მთავრობას, მხარი დაუჭიროს უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს, გააუქმოს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებათა ფორმატი და აქტიურად იმუშაოს საერთაშორისო მედიასთან ანექსიის პრობლემის აქტუალიზაციის მიზნით.

"ვინაიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მარიონეტულ რეჟიმებთან ხელმოსაწერად მომზადებული ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებები წარმოადგენს ამ ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს; ვინაიდან აღნიშნული მოქმედებით რუსეთის ფედერაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას; ვინაიდან რუსეთის ფედერაცია მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მოსპობას, რისთვისაც ცდილობს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო- ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შეშლას და მისი საკუთარი ე.წ. „პრივილეგირებული გავლენის სფეროში“ დაბრუნებას; ვინაიდან ოკუპანტი სახელმწიფო ცდილობს მაქსიმალურად ხელი შეუშალოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის მხრიდან დანარჩენ საქართველოსთან ნდობის აღდგენისა და ურთიერთობების განახლების პროცესს; ვინაიდან რუსეთის ფედერაციის პასუხს საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ რუსეთთან დაახლოების პოლიტიკაზე წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიების კიდევ უფრო მეტად მიტაცების, ანექსირებისა და ე.წ. „სასაზღვრო ინფრასტრუქტურის“ მშენებლობის პოლიტიკის განვითარება; ვინაიდან რუსეთის ფედერაცია ყოველმხრივ ეწინააღმდეგება ეთნიკური წმენდის შედეგად განდევნილ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში; ვინაიდან რუსეთის ფედერაცია მიზნად ისახავს მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარება და ამით ეწინააღმდეგება 2008 წლიდან საქართველოსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წარმოებულ არაღიარების პოლიტიკას, და ვინაიდან აღნიშნული აგრესიული ნაბიჯი წარმოადგენს რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში მეზობლების, მათ შორის უკრაინის, წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის გაგრძელებას და საფრთხეს უქმნის მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას; საქართველოს პარლამენტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მარიონეტულ რეჟიმებთან ხელმოსაწერად მომზადებული ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებებს, როგორც აგრესიის გამოვლინებას. 

საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას: 

1. განახორციელოს თანმიმდევრული, კოორდინირებული პოლიტიკური და დიპლომატიური ქმედებები საერთაშორისო პარტნიორების მოსამზადებლად აღნიშნული აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში რუსეთზე საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად;

2. მიმართოს ყოველ ღონეს, რათა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების გაყვანის და მათ მიერვე განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრის საკითხებმა მაქსიმალურად პრიორიტეტული ადგილი დაიკავოს საერთაშორისო და დასავლეთ-რუსეთის ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში;

3. სრულად აამოქმედოს საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული მრავალმხრივი სამართლებრივი, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და სხვა ბერკეტები;

4. გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება და გასწიოს მუშაობა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის მიმართ უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის გამო წაყენებულ მოთხოვნათა შორის თვალსაჩინოდ ფიგურირებდეს საქართველოს დეოკუპაციის, საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის და რუსეთის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრის მოთხოვნები.

5. უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მხარი დაუჭიროს და შეუერთდეს უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს;

6. გააუქმოს „კარასინ-აბაშიძის“ მოლაპარაკებათა ფორმატი, რომელმაც არათუ ვერ შეაკავა რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ, არამედ ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანის საკითხის საერთაშორისო აქტუალობის დაქვეითებას;

7. მოახდინოს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში საქმეების აღძვრის პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლის მომზადება;

8. გამოიყენოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და სხვა სახის ბერკეტები და ინსტრუმენტები, რისთვისაც, პირველ რიგში, აუცილებელია რუსეთს და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ამოქმედება, რომელიც დღემდე არაა იმპლემენტირებული, მათ შორის, საქართველოს მთავრობის პასიურობის გამო;

 9. აქტიურად იმუშაოს საერთაშორისო მედიასთან, ანალიტიკურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიის პრობლემატიკის აქტუალიზაციის მიზნით" - წერია რეზოლუციის პროექტში.

კომენტარები