კანონი ფარული მოსმენების შესახებ

პრემიერი: საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტოს ღირსეულად უპასუხა

ტაბულა

პრემიერი ღარიბაშვილი არ აფასებს რამდენად სწორი იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან ფარული მოსმენების შესახებ კანონზე ვეტოს დადება, თუმცა მას დემოკრატიული პროცესის ნაწილად აფასებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში ისაუბრა.

"დღეს რაც მოხდა ეს ნორმალურია, ეს არის დემოკრატია, ეს არის ის რაც ქართველ ხალხს სურდა. ჩემგან არაკორექტულია, რომ შევაფასო რამდენად სწორი იყო, რამდენად მართებული იყო. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ეს არის მისი უფლება. ეს არის მისი ნება, ამის თაობაზე განმარტებები გააკეთეს პარლამენტში ჩვენმა უმრავლესობამ, მიმაჩნია, რომ ღირსეულად უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას. მე აბსოლუტურად ნორმალურად ვუყურებ ამ პროცესს. არავითარი განსაკუთრებული არ ხდება. პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს აქვს დაბალანსებული ურთიერთობა და ეს არის ნორმალური" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ვეტოს დაძლევა ნებისმიერ დროს შეუძლია.

"გვქონდა კონსულტაციები და სრულად გავიზიარე მათი ეს მიდგომა. რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ კანონის ამოქმედებამდე დარჩენილი იყო სულ რაღაც რამდენიმე საათი, არ შეიძლებოდა რისკის აღება და ვაკუუმის შექმნა. გონივრული, სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ და მინდა მას მადლობა გადავუხადო. ეს იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, ვეტოს დაძლევა ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს, როცა საქმე ეხება ჩვენთვის საჭირო კანონებს, მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, რადგან ეს ამ შემთხვევაში ეს გაუმართლებელი იყო" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ე.წ. გასაღებზე პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი 1 დეკემბრამდე უნდა მოამზადოს. კანონპროექტი 96 ხმით 1-ის წინააღმდეგ გავიდა.

კენჭისყრამდე პრეზიდენტის შენიშვნები დეპუტატებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს, შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვის გადავადებას ვეტო დღეს დაადო. მან პარლამენტს შესთავაზა, რომ ე.წ. გასაღებთან დაკავშირებული კანონპროექტი არა 28 თებერვლამდე, არამედ 1 დეკემბრამდე იყოს მიიღონ. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ხელისუფლება სწრაფად უნდა იღებდეს იმ კანონებს, რომლებზეც საზოგადოებაში სრული კონსენსუსია.

კომენტარები