კრიმინალი

პოლიციამ დაზარალებული გააფრთხილა, ჟურნალისტებთან არ ესაუბრა

2 დღის წინ, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ყაჩაღებმა 35 წლის მამაკაცი ფულის გამოძალვის მიზნით ცხელი უთოთი აწამეს და ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყეს თავში. ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა, რადგან პოლიციამ ოჯახს მითითება მისცა, მომხდარზე ჟურნალისტებთან არ ესაუბრა.

"პოლიციამ მითხრა, არავის არ დაელაპარაკოთო", - ამბობს დაზარალებულის მეუღლე, რომელიც კამერებს დახურული კარის მიღმა ესაუბრება.

რატომ დასჭირდათ სამართალდამცავებს ოჯახის გაფრთხილება, ან რა ტიპის საფრთხე შეიძლებოდა შეექმნა ფაქტის მედიით გახმაურებას გამოძიებისთვის, ამ კითხვით ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. თუმცა, ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლების მრავალმა წარმომადგენელმა საზოგადოებაში კრიმინალის ზრდის აღქმა მომხდარი დანაშაულების მედიით ხშირი გაშუქებით ახსნა. მედიას დანაშაულის ნაკლებ გაშუქებისკენ პატრიარქმა ილია მეორემაც მოუწოდა. კათალიკოსი ამბობდა, რომ მკვლელობებზე საუბარმა მსგავსი დანაშაულის ჩადენისკენ შეიძლება სხვები წააქეზოს.  

კრიმინალის ზრდისა და ოფიციალურ სტატისტიკის გაყალბებაზე დიდი ხანია საუბრობენ. ამას ხელი  შეუწყო იმანაც, რომ უწყება, წარსული გამოცდილებისგან განსხვავებით, დანაშაულის დეტალურ სტატისტიკას 2013 წლის მარტიდან 2014 წლის აგვისტოს თვემდე არ აქვეყნებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დანაშაული ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ შემცირდა, ხოლო საქმეების გახსნის მაჩვენებელი - გაიზარდა. კითხვები უკვე გამოქვეყნებული მონაცემების გარშემოც ჩნდებოდა - მედიამ აღმოაჩინა, რომ შსს-ს ოფიციალურ სტატისტიკაში მათი გაშუქებული რამდენიმე კრიმინალური  შემთხვევა, მათ შორის, მკვლელობა საერთოდ არ მოხვდა.

კრიმინალის შემცირების შესახებ ხელისუფლების მტკიცების საპირისპირო სურათს აჩვენებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 29% ფიქრობს, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა. IPM-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობაში შემცირებულია როგორც უსაფრთხოების განცდა, ასევე პატრულის მიმართ ნდობაც. ხოლო გამოკითხულთა რიცხვი, ვისაც ქურდობა შეეხო, 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა.

დანაშაულის რაოდენობის მოსალოდნელი გაზრდის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით მასობრივი ამნისტიის შედეგად ციხეებიდან 12 000-მდე ადამიანი გათავისუფლდა. პრემიერმა ივანიშვილმა მაშინ საზოგადოებას მოუწოდა, კრიმინალის ზრდას გაგებით მოკიდებოდნენ.

კომენტარები