რუსეთი

ლავროვი: უკრაინა დასავლეთის პოლიტიკის მსხვერპლია

ლავროვი
novinite.com

რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას უკრაინის კრიზისზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნებს დააკისრა და მათი პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა.

„დასავლური ალიანსი აშშ-ის მეთაურობით, რომელიც თითქოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დამცველად გამოდის ცალკეული ქვეყნების შიგნით, საერთაშორისო არენაზე საწინააღმდეგო პოზიციებით მოქმედებს, უარყოფს სუვერენული ქვეყნების თანასწორობის პრინციპს და ცდილობს ყველას ნაცვლად გადაწყვიტოს, რა არის სიკეთე და რა ბოროტება", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთს პირველმა დიპლომატმა ამის მაგალითებად იუგოსლავიისა და ერაყის დაბომბვა, ლიბიაზე „თავდასხმა" და ავღანეთის ოპერაცია დაასახელა. „დღეს ამ პოლიტიკის მსხვერპლი გახდა უკრაინა. სიტუაციამ ამ ქვეყანაში ევროატლანტიკაში არსებული არქიტექტურის ღრმა, სისტემური მანკიერებები გამოავლინა", - აღნიშნა ლავროვმა.

მან გაერო-ს წევრებს მოუწოდა მიიღონ სპეციალური დეკლარაცია, რომელიც სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობას და სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლების შეცვლის დაუშვებლობას გაუსვამს ხაზს.

უკრაინაში კრიზისის მოგვარების გზად ლავროვმა ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ჩატარება და უკრაინის ნეიტრალური სტატუსი დაასახელა. ყირიმის ანექსიაზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ რეგიონის მოსახლეობამ საკუთარი ნება თავისუფლად გამოხატა.

იმავდროულად, სერგეი ლავროვმა დასავლეთს „ევროპასა და ევრაზიაში ინტეგრაციული პროექტების ჰარმონიზაციისკენ" მოუწოდა და ახალი სამხედრო-პოლიტიკური არქიტექტურის შექმნას დაუჭირა მხარი.

„ამ მუშაობის კიდევ ერთი მიმართულება შეიძლება გახდეს პრაგმატული, დეიდეოლოგიზებული საუბარი ევროატლანტიკაში ახალ სამხედრო-პოლიტიკურ არქიტექტურაზე, რომ არა მხოლოდ NATO-სა და ОДКБ-ს წევრებმა, არამედ რეგიონის ყველა ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ, მოლდოვამ, საქართველომ, თავი იგრძნონ საერთო და განუყოფელი უსაფრთხოების ნაწილად და არ დადგნენ მცდარი არჩევანის წინაშე - ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ. არ უდნა დავუშვათ ევროპაში ახალი გამყოფი ხაზების არსებობა, მით უმეტეს, რომ გლობალიზაციის პირობებში ეს ხაზები შეიძლება დასავლეთსა და დანარჩენ სამყაროს შორის წყალგამყოფად გადაიქცეს", - განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები